აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ბიუჯეტს რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს, შესაბამისად, სანქციების ამოქმედების შემდეგ რუსეთში არსებული ეკონომიკური კრიზისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებზე პირდაპირპროპორციულად ისახება.
წყარო ცხინვალის რეგიონიდან გვიყვება, რომ საწვავზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები უკვე მომატებულია.
„ზოგადად, ფასების მატება 2019 წლიდან დაიწყო, რაც საგუშაგო ჩაიკეტა. მანამდე თბილისიდან შემოდიოდა პროდუქტი, ან ჩვენ ჩამოვდიოდით და თავად შეგვეძლო შეძენა. თბილისიდან გარკვეული პროდუქტი ახლაც შემოდის, თუმცა შემოვლითი გზებით. ამ დროისთვის ფასები მომატებულია ხილზე, ბოსტნეულზე, მედიკამენტებზე, პროდუქტის სხვადასხვა სახეობაზე. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ტანსაცმელზე ფასებმა უფრო მოიმატა, ზოგიერთი სახეობა უკვე დეფიციტშია. ზოგადად, ძვირდება ის პროდუქტი, რასაც მოსახლეობა დეფიციტის შიშით იმარაგებს. ფქვილზე ფასი არ მომატებულა. ამბობენ, რომ მარაგი აქვთ და პური არ გაძვირდება. გარკვეულ პროდუქტებზე, რომელიც ადრე შემოვიდა და მარაგი იყო, ფასები, ჯერ-ჯერობით, იგივეა. გაძვირდა ბენზინი. გაძვირება დიდად არ შეხებია საყოფაცხოვრებო ნივთებს და კომუნალურ გადასახადებს.
აქ თითოეული ოჯახის შემოსავალი 2000 ლარის ეკვივალენტი იყო — საკმაოდ მაღალი ხელფასები და პენსიები ჰქონდათ. ზოგიერთი თბილისშიც უგზავნიდა ოჯახის წევრებს თანხას. რუბლის გაუფასურების შემდეგ, რა თქმა უნდა, იმდენს ვეღარ შეძლებენ, როგორც მანამდე. გაჭირვება, ალბათ, იქნება, მაგრამ იმედია, ძალიან არ გაგვიჭირდება“, — გვითხრა ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში გაუფასურებული რუბლის მიღება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობას უარყოფითი დამოკიდებულებით ჩაანაცვლებს.
„რუსეთის ეკონომიკური პრობლემები მძიმედ აისახება აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. პირველ რიგში, რუსეთის საფრთხე შეექმნება რუსეთიდან მიღებულ პირდაპირ საბიუჯეტო ტრანშებს, რომელიც აფხაზური და ოსური ელიტისთვის მთავარ საზრდოს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე არ დადგებიან, მოსალოდნელია სასურსათო პროდუქტებზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა, ზოგიერთი პროდუქტის და ბრენდის შემთხვევაში კი დახლებიდან საერთოდ გაქრობაც. აგრეთვე, მოსალოდნელია გამოწვევები ნედლეულის იმპორტის და შემდგომში მზა ნაწარმის ექსპორტის საკითხშიც, რომელიც შეიძლება შეეხოს აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ისეთ ბიზნესებს, როგორიცაა: სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლებისა თუ კონსერვების დამზადების კუთხით მომუშავეებს.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკებს რუსეთთან შეუმცირდებათ როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. შესაძლოა, გამოსავალი თბილისთან თანამშრომლობა აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა ვკრათ მათ ხელი, მაგრამ მათთან ურთიერთობის თვითმიზანი მხოლოდ ვაჭრობა არ უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს საერთაშორისო სანქციების და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ფაქტორები“, — განმარტავს ვახტანგ ჭარაია.