„წელს გამოვაცხადეთ წიგნის ჩუქების დღე. 23 აპრილი იქნება ამ ყველაფრის დაგვირგვინება და ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფელს ექნება კომპიუტერი და ახალი წიგნადი ფონდი, სულ მცირე 200-200 ახალი გამოცემის წარმოდგენით“, — განაცხადა გიორგი კეკელიძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, 2021-2022 წლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, კორპუსების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, გათბობა-ვენტილაციის მოწესრიგება, დარბაზების კეთილმოწყობა და მიმდინარეობდა დიჯიტალიზაციის ფაზაში აქტიური გადასვლა, კერძოდ, წიგნადი ფონდის, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვადასხვა დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის ფორმით განთავსება ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე.
„მილიონზე მეტი ჩანაწერი გვაქვს უკვე და ამ თვალსაზრისით ლიდერები ვართ რეგიონში“, — განაცხადა გიორგი კეკელიძემ. მისი თქმით, განახლდა საბიბლიოთეკო ფონდი, შეძენილია საქართველოში გამოცემული ახალი ბეჭდური ერთეულები, ექსკლუზიური ისტორიული დოკუმენტური მასალები, მათ შორის, მე-19-20 საუკუნის ფოტოარქივი. მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფორმაციული და საბიბლიოთეკო სფეროს ტექნოლოგიური განვითარება. გიორგი კეკელიძემ ისაუბრა ასევე რეგიონების ბიბლიოთეკების წიგნებით უზრუნველყოფაზე.