„გარდაუვალი წესია — ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია…“ — ამბობდა აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა, რომლის თაობამაც ყველაფერი გააკეთა ქართული ენის კვლევის, განვითარებისა და დაცვისთვის. გლობალიზაციის პირობებში კი დღევანდელი თაობის გასაკეთებელი საქმეა ქართული ენის უკვდავების გახანგრძლივება და იმის დამტკიცება, რომ ჩვენს ენას, ანუ ჩვენს მამულს და იგივე რწმენას ქართველობამ ზურგი არ შეაქცია… საფრთხე დიდია, რადგან ქართულ ენაში უცხო ენათაგან ბარბარიზმების შემოჭრის და მშობლიური ენის დამახინჯების ფაქტები ირგვლივ მომრავლდა… ერთი უცხოური სიტყვის შემოსვლა ნიშნავს რამდენიმე ქართული სიტყვის გაქრობას — ასეთ პროგნოზს დღეს ქართული ენის გადარჩენის პროგრამის შემუშავებითა და მისი განხორციელების დაწყებითაც კი ვერ ვპასუხობთ. სახელმწიფო ენის დეპარტამენტში საუბრობენ ენის სტრატეგიაზე, მაგრამ არ მუშავდება ქართული ენის ის ეროვნული პროგრამა, რომელსაც მოითხოვს კანონი — არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ამ პოზიციას ჯერაც არ ჰყავს გამზიარებელი. ყველა ბანკს თავისი ლექსიკონი აქვს — ასეთი რამ მსოფლიოში არსად ხდება, ანუ არ გვაქვს ერთი ქართული საერთო ტერმინოლოგიური ლექსიკონი — ამ საკითხებზე განგაშს ჯერაც ბრძოლის ჟინით შეპყრობილი ისევ და ისევ ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ტეხენ. სამყარო უკვე გადასულია ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მალე შეძლებს საკუთარ ენაზე ლაპარაკს. ამისთვის მათ ეტაპები გაიარეს, შექმნეს ეროვნული ტერმინოლოგიური ბაზები, რომელშიც თურმე ყველა ენას ნახავთ ქართული ენის გარდა. რატომ ვაკლდებით ამ პროცესებს და რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი — ამაზეც უმეტესად ენათმეცნიერების ინსტიტუტში წუხან… სწორედ ამ ინსტიტუტზე დგას დღეს ქართული ენის გარშემო გაჩაღებული სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ენის დაცვის, განვითარებისა და კვლევისთვის საჭირო სამეცნიერო მოღვაწეობა. და ამ დროს, როგორ პასუხობს სახელმწიფო ამ უანგარო შრომას? ინსტიტუტის შენობაში დიდიხანია უკვე წვიმს… ღრიჩოებში ქარი აღწევს… სანთლითაა განათებული ფოიე და დერეფნები… 30 წლის წინ ნაჩუქარი კომპიუტერების ეკრანები ბუნდოვნად ციმციმებენ… ამ კედლებში 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მეცნიერ-თანამშრომლები თვის ბოლოს მობილურით რომ მიიღებენ ნიშანს — ხელფასი ჩაირიცხაო — ეკრანზე 400 ლარი ეწერებათ და მაინც — დგანან და ელიან უკეთეს დროს, უკეთეს მომავალს… არჩევნებზე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აძლევენ შანსს — წინ წავიდეს ქვეყანა და 21-ე საუკუნეში თავმდაბლურად ითხოვენ შუქს, უსაფრთხო ჭერს, უკეთეს კომპიუტერს ისევ და ისევ მომავალი თაობის მოსაზიდად და ამ საშვილიშვილო საქმის გასაგრძელებლად… მუხრან მაჭავარიანის შვილი — არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ნანა მაჭავარიანი „ბედისწერის განაჩენს“ უწოდებს ამ ისტორიულ შენობაში რისკის ფასად გაწეულ საქმიანობას.
„ახლა შენების პროცესია და ვფიქრობ, ხელისუფლება ჩვენს ამაგს დააფასებს და მოგვხედავს. ვეღარ მოიცალეს. სულ ერთმანეთს ებრძვიან, სულ ისმის: „გადაგაგდებ“, „აბა, მოდი!“ „აბა, წადი!“ და ვეღარ მოიცალეს… სულ არჩევნებია, ბოლო 30 წელი ხომ სულ მიტინგებია?! მოკლედ, ველოდებით, როდის დადგება ჩვენი ჯერი“, — ამბობს ნანა მაჭავარიანი.
