საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი ვატიკანში გამგზავრებამდე მიიღო და დალოცა.
უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივის შესაბამისად, კულტურის სამინისტრომ უზრუნველყო საორგანიზაციო, პროტოკოლური და ფინანსური საკითხების მოგვარება და, საქართველოში ვატიკანის ელჩთან ერთად გაწეული ძალისხმევის შედეგად, 26 ივნისს, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი 40-კაციანი შემადგენლობით, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, ვატიკანში გაემგზავრა.
პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველმა მგალობლებმა სიქსტის კაპელაში გამართეს კონცერტი (26 ივნისი). წმინდა პეტრეს ტაძარში, მას შემდეგ, რაც რომის პაპი ფრანცისკე პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მესას აღავლენს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სოლისტ იანო თამარ ალიბეგაშვილთან ერთად, შეასრულებს უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ შექმნილ ,,ავე მარიას”, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს მასშტაბით განხორციელდება.
ეს იქნება ისტორიული მოვლენა, როდესაც სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში, ქართული მრავალხმიანი სიმღერა და გალობა გაისმება. ხაზგასასმელია, რომ ისტორიაში სულ რამდენიმე პრეცენდენტი არსებობს, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ამ სივრცეებში მუსიკალური კომპოზიციის შესრულების საშუალება მიეცათ. მგალობელთა გუნდი საკუთარი რეპერტუარიდან ჯამში 20 სიმღერას შეასრულებს, მათ შორისაა: „ოროველა“, „შენ ხარ ვენახი“, „ ჩაკრულო“, ,,ლილე” , ,,ოდოია”, ,,წმიდაო ღმერთო”, ,,Kyrie Eleison”, ,,Ave Maria” (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ), 121-ე ფსალმუნი (იოსებ ბარდანაშვილი), ,,შეყვარებულნი ოდეს ქარები”, ,,წუთისოფელი”, (ზვიად ბოლქვაძე), ,,ლაშარის გზაზე”, ,,ეგზერსისი” (იოსებ კეჭაყმაძე), ,,მინიატიურები” (გია ყანჩელი).
კონცერტს, რომის კურიის წარმომადგენლების და უმაღლესი დონის სტუმრების გარდა, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება.
ვატიკანში ისტორიული ვიზიტის საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია ,,იმედი”.