ინტერვიუ სემეკის თავმჯდომარესთან დავით ნარმანიასთან
— ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით ენერგეტიკის სექტორის საქმიანობას, რა სიახლეები განხორციელდა ახალი ბაზრის რეფორმის ფარგლებში?
— 2019 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, ენერგეტიკის სექტორში რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ამ რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ბაზრის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად გაიხსნება ელექტროენერგეტიკის ბაზარი და მომხმარებლებს ელექტროენერგიის შესყიდვა მონოპოლისტი კომპანიების, მაგალითად, „თელასისა“ და „ენერგო-პროს“ ნაცვლად, ბაზარზე, ეენერგეტიკულ ბირჟაზე კონკურენტული ფასით შეეძლებათ. ახალი კანონიდან გამომდინარე, მარეგულირებელ კომისიას (სემეკს) დაევალა 30-ზე მეტი კანონქვემდებარე აქტის და მარეგულირებელი ნორმის დამტკიცება, რომელთა დიდი ნაწილი 2020-2021 წლებში შემუშავდა. დარჩა სამი წესი, რომლებიც უახლოეს მომავალში ბაზრის გახსნამდე უნდა მივიღოთ, რათა ბაზრის გახსნას სრულად მოწესრიგებული ახალი კანონმდებლობით შევხვდეთ. შესაბამისად, მიღებულია ბაზრის ლიცენზირებასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებული წესები; განახლებულია ტარიფების დაანგარიშების მეთოდოლოგია, რომელიც ახალი ბაზრის პრინციპებს მოერგო; გაცემულია ლიცენზიები შესაბამის ოპერატორებზე, როგორებიცაა ელექტროენერგეტიკის ბირჟა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; ასევე, მარეგულირებელი კომისიის რეფორმის ფარგლებში, გაყოფილია კომპანიები, ამ შემთხვევაში „თელასი“ და „ენერგო-პრო“, მათი ფუნქციების შესაბამისად. თუ ადრე ერთი კომპანია იყო ქსელის მეპატრონეც და ტექნიკურ საკითხებსა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე პასუხისმგებელი, ახალი წესების მიხედვით, „თელასი“ და „ენერგო-პრო“ დარჩნენ ქსელის მესაკუთრეებად, ელექტროენერგიის მიწოდება კი საქართველოს მთავრობის მიერ სხვა კომპანიებს დაეკისრათ. თბილისში ეს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „თელმიკოა“, რეგიონებში კი — „ეპ-ჯორჯია მიწოდება“, ანუ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შვილობილი კომპანია. აქედან გამომდინარე, უკვე ყველაფერი მზადაა ბაზრის გახსნისთვის. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ელექტროენერგეტიკის სექტორის კომერციული ოპერატორი – ესკო და ბირჟა არის სამი მთავარი უწყება, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობით ამ მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება ავალიათ. გახსნისთვის ბირჟამ პრაქტიკულად დაასრულა საქმიანობა — შეიძინა ევროპაში აპრობირებული პლატფორმა, რომელზეც ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა მოხდება. დავალებული სამუშაოებიდან კომერციულ ოპერატორს სემეკში ერთი — საბითუმო საცალო ვაჭრობის წესის წარმოდგენა დარჩა, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს კომისია; მათ, ასევე, უნდა წარმოადგინონ თავიანთი ფინანსური მოდელი. რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, მას დაევალა საბალანსო ბაზრის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, მსხვილ მომხმარებლებში აღრიცხვის კვანძების მოწესრიგება და თანამედროვე „ჭკვიანი მრიცხველების“ დაყენება, რათა, ახალი ბაზრის პირობებში, საათობრივ რეჟიმში აღირიცხოს მოხმარებული ელექტროენერგია. შესაბამისად, მათი სამუშაო ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უახლოეს ორ-სამ თვეში დაასრულებენ აღნიშნულ საქმიანობას. მარეგულირებელმა კომისიამ 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მოისმინა ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული წინადადებები და მსჯელობის შედეგად გამოყო დარჩენილი საკითხები, რომლებიც აუცილებელად უნდა მოწესრიგდეს ბაზრის გახსნამდე. ჩვენ საქართველოს მთავრობას და ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ რეკომენდაციით, რომ არ ვიჩქაროთ და რამდენიმე თვით, მაგალითად, მარტის ნაცვლად, ზაფხულის პერიოდისკენ გადავწიოთ ბაზრის გახსნა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა დაასრულებს მოსამზადებელ სამუშაოებს.
— ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება რას ცვლის ბაზარზე?
— ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შედეგად, ბაზარზე მსხვილი მომხმარებლების მიერ ენერგიის ყიდვა დაიწყება სწორედ ბირჟის მეშვეობით და არა კონკრეტული მონოპოლისტებისგან, როგორებიც იყო „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“. ბირჟაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასი იქნება, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე დადგინდება. ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია, შესაბამისად, მომხმარებელი შეძლებს, რომ არა პიკურ საათებში შედარებით იაფი ენერგია შეიძინოს. მაგალითად, საქართველოს რკინიგზა შეძლებს, რომ ღამის საათებში იაფიანი ენერგია შეიძინოს და ტვირთი გადაზიდოს, რაც ნაკლები დაუჯდება ამ შემთხვევაში, ვიდრე ფიქსირებული ტარიფის პირობებში. ჩვენი გადმოსახედიდან, ამით ბირჟაზე ენერგიით მოვაჭრე ძალიან ბევრი ორგანიზაცია მოიგებს — ევროპული პრაქტიკაც ამას გვკარნახობს.
რამდენად წარმატებული იყო „თელმიკოს“ შემოსვლა ბაზარზე?
— რამდენად წარმატებული იყო „თელმიკოს“ შემოსვლა და სემეკს რა ბერკეტები გააჩნია მომხმარებლების დასაცავად?
— საქართველოს მთავრობამ „თელმიკო“ დედაქალაქის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიად დაასახელა, რომელიც იყიდის ენერგიას სხვადასხვა წყაროებიდან და მიაწვდის მას მომხმარებლებს, შესაბამისად, ამოიღებს ელექტროენერგიის გადასახადს. „თელმიკომ“ თავდაპირველად დაუშვა დარიცხვისა და, შესაბამისად, მონაცემების სისწორესთან დაკავშირებული შეცდომა, რის შესახებაც მომხმარებლებმა მოგვმართეს. ეს საკითხი მარეგულირებელმა კომისიამ შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ „თელმიკომ“ დაარღვია მოქმედი წესები, ამიტომაც დაჯარიმდა 75 000 ლარით. ამის შემდეგ მოწესრიგდა აღრიცხვიანობა და იმ მომხმარებლებს, რომლებსაც არასწორად დაარიცხეს თანხა, ერთი თვის ვადაში, ჩვენი დავალების საფუძველზე, გაუსწორდათ დარიცხვები. ბოლო პერიოდშიც გააქტიურდა მომხმარებლთა ჯგუფი, რომლებიც თვლიან, რომ არასწორად დაერიცხათ გადასახადი. მარეგულირებელი კომისიის მიერ 3 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში ჩვენი სამუშაო ჯგუფი ადგილზე შეამოწმებს კომპანიას და ნახავს მონაცემთა ბაზებს — თუ როგორ ხდება დარიცხვა, ქვითრის გაგზავნა და ა.შ. ხარვეზის გამოკვეთის შემთხვევაში, კომპანია გაფრთხილებულია, რომ ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება; შესაბამისად, მნიშვნელოვანი დარღვევების შემთხვევაში, 150 000 ლარს გადაიხდის კომპანია „თელმიკო“.
— ზოგადად, ფასებთან დაკავშირებით, რა უკმაყოფილება არსებობს და თქვენ რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ დღევანდელი ფასები?
— დღეს არსებული ტარიფები დადგენილია მარეგულირებელი კომისიის მიერ. ის დაფუძნებულია კონკრეტულ გაანგარიშებებზე და ფორმულებზე. ვიდრე სემეკი დაადგენს ელექტროენერგიის ტარიფს, მანამდე ამოწმებს კომპანიების ხარჯებს, ატარებს აუდიტს; აუდიტის შედეგად ხარჯები „იწურება“, გათვალისწინებულია მხოლოდ აუცილებელი თანხები — რამდენად შეიძინა კომპანიამ ენერგია, რამდენი ხელფასი გადაუხადა თანამშრომლებს, რა დაუჯდა მრიცხველების გამოცვლა და ა.შ. მხოლოდ ასეთ, მინიმალურად აუცილებელ ხარჯებს ითვალისწინებს მარეგულირებელი კომისია და არა, მაგალითად, მივლინებებს, ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენას და ა.შ. ამიტომაც, დადგენილი ტარიფი, ერთი მხრივ, მომხმარებლისთვის ხარისხიანი, უწყვეტი ენერგიის მიწოდების უზრუნველმყოფელია, მეორე მხრივ კი, ამოღებული თანხებით ელექტროენერგიის მიმწოდებელს შეუძლია ნორმალური ფუნქციონირება. ამდენად, დადგენილი ტარიფების სისწორეში ეჭვი არ გვეპარება, ისინი სწორად დათვლილი და სამართლიანია. არაერთხელ გაუსაჩივრებიათ ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავად ენერგო კომპანიებს, მაგრამ სასამართლოს, რომელიც ხედავს, რომ ეს ობიექტურად, კონკრეტული ფორმულების საფუძველზეა დადგენილი, აუდიტი კარგად არის ჩატარებული, ხარჯები დაწურული და ა. შ., არასდროს შეუცვლია და შეუმცირებია ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი. რა თქმა უნდა, მომხმარებელს ყოველთვის ურჩევნია უფრო დაბალი ტარიფი, მაგრამ დაბალი ტარიფის პირობებში ვერ მოხდება სერვისის დროული, ხარისხიანი, უწყვეტი მიწოდება. ამდენად, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ხდება ტარიფების დადგენა.
— რამდენად სწორად მიგაჩნიათ მოთხოვნა გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით – საკითხის ასე დასმა არის თუ არა მართებული?
— საკითხის დასმას ლეგიტიმური საფუძველი აქვს, რადგან ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც არსებობს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც მიღებული დაბალი შემოსავლით არ შეუძლია კომუნალური გადასახადების დაფარვა, ვინაიდან ამაზე უფრო პრიორიტეტული სხვა ხარჯები აქვს — კვება, მედიკამენტები, პირველადი საჭიროების ნივთები და ა.შ. ამიტომაც მთავრობამ ახლახან დაამტკიცა 2022 წელს მოწყვლადი მომხმარებლის ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების, ანუ სუბსიდირების მექანიზმი. საქართველოს მთავრობა ბოლო ორი წელია, კოვიდის პირობებშიც, აქტიურად აფინანსებს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. ამ მომხმარებლების სუბსიდირებაზე სახელმწიფომ ბიუჯეტიდან რამდენიმე ასეული მილიონი დაიხარჯა. მთავრობის მიერ ამ ტიპის მხარდაჭერა გრძელდება, ამიტომ დაბალი ტარიფების დადგენა არ არის გამოსავალი, ტარიფი უნდა იყოს ობიექტური და სწორად დათვლილი, მოწყვლად ჯგუფებს კი მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიუჯეტიდან.
— დღეს საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მთავრობის გადაწყვეტილება თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის თაობაზე, რამაც, შეიძლება, კონკურენციის გამო, წამლებზე ფასები დაწიოს. შესაძლებელია თუ არა ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება ენერგორესურსზეც?
— ჩვენ გვაქვს ადგილობრივი გენერაციის წყაროები — ჰესები, თბოსადგურები, მაგალითად, ქართლის ქარის სადგური, მაგრამ ენერგიაზე მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე ადგილობრივი წყაროებით შეგვიძლია ვაწარმოოთ. ამიტომაც მთავრობა იძულებულია დეფიციტურ დღეებში, განსაკუთრებით ზამთარში, შემოიტანოს ელექტროენერგია, მაგრამ ჩვენთან გამომუშავებული ენერგია უფრო იაფია, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა. თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან შემოტანილი ენერგია არ არის ენგურჰესის, ვარდნილ ჰესების კასკადის, „ენერგო-პროს“ საკუთრებაში არსებული ჰესების და ა.შ. ტარიფზე იაფი. თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ენერგიის ფასები. თურქეთში, ასევე, არის გაზის დეფიციტიც. შესაბამისად, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია იქ უფრო ძვირია. ამდენად, ხანდახან, როცა ჭარბი ენერგია გვაქვს, დიდი წყალმოდინების პირობებში, მაგალითად, მაისში, ივნისში, ჩვენ, პირიქით, გაგვაქვს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია თურქეთში და ამით ქვეყანაში გარკვეული ვალუტა შემოდის.
— როდის ექნება მოსახლეობას ენერგიის მომწოდებელი კომპანიის არჩევის შესაძლებლობა?
— მოსახლეობა, ევროპული წესებისა და ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, უნივერსალურ მიმწოდებელზე იქნება დამოკიდებული. ამდენად, მომხმარებლები ნებისმიერი დადგენილი ტარიფით იყიდიან ენერგიას და არ ექნებათ შესაძლებლობა — აირჩიონ მიმწოდებელი, რადგან მათთვის ძალიან რთული იქნება საათობრივად ან ყოველდღიურად ვაჭრობა. ამიტომაც, მათ სტაბილურად და უწყვეტად მიაწვდიან ელექტროენერგიას ლიცენზირებული მიმწოდებელი კომპანიები, რომელთაც ჩვენს ენაზე „უნივერსალური ენერგიის მიმწოდებლებს“ ვუწოდებთ.
„ჭკვიანი მრიცხველები“ საქართველოში ეტაპობრივად დაინერგება
— რა შეიძლება ვუთხრათ მკითხველს ძველი მრიცხველების „ჭკვიანი მრიცხველებით“ ჩანაცვლების თემაზე?
— „ჭკვიანი მრიცხველები“ თანამედროვე ენერგეტიკაში ზუსტი აღრიცხვის საშუალებად მიიჩნევა. ევროპა პრაქტიკულად გადასულია ამ მრიცხველებზე. „ჭკვიანი მრიცხველი“ საშუალებას იძლევა — ინკასატორის მისვლის გარეშე ავტომატურ რეჟიმში აღირიცხოს მოხმარებული ენერგია და გაეგზავნოს მომხმარებელს ქვითარი. მომხმარებელი შეძლებს — მოხმარებული ენერგია მობილური ტელეფონით ან კომპიუტერით ყოველდღიურად შეამოწმოს. შესაბამისად, სუბიექტური ფაქტორები, როცა ინკასატორს მონაცემების აღების ან კომპიუტერულ ბაზაში შეყვანის დროს შესაძლოა შეცდომა მოუვიდეს, გამოირიცხება. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ეტაპობრივად დაინერგოს „ჭკვიანი მრიცხველები“. კერძოდ 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსები და სახლები აუცილებლად „ჭკვიანი მრიცხველებით“ უნდა იყოს აღჭურვილი. რაც შეეხება უკვე აშენებულ სახლებს, კორპუსებსა და ა.შ., იქ, გამანაწილებელ კომპანიებთან ერთად, იქმნება 5-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ეს კომპანიები გამოცვლიან მრიცხველებს ისე, რომ მომხმარებელს არ მოუწევს მრიცხველის გამოცვლისთვის რაიმე საფასურის გადახდა.
— რამდენად პერსპექტიულია ნეტოაღრიცხვის სისტემა და ხომ არ იგეგმება სიახლეები?
— ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მარეგულირებელ წესებში მიღებული ცვლილებების შემდგომ, კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდა ნეტოაღრიცხვა, ანუ მზის პანელებით, ქარის პატარა სადგურებით გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარება და გაყიდვა. თუ ადრე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ 100 კვტ შეეძლო ჩაერთო სისტემაში, ახლა ეს 500 კილოვატამდე გაიზარდა. ასევე დასაშვები გავხადეთ ამხანაგობის ან სამეზობლოს მიერ მზის პანელების დაყენებასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილება – მათ შეუძლიათ მოიხმარონ ერთობლივად გამომუშავებული ენერგია. ნამატი ენერგია კი, ჩვენ მიერ დადგენილი წესების მიხედვით, „თელასმა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უნდა იყიდოს და შესაბამისი თანხა გადაუხადოს მოსახლეობას. მარეგულირებელი წესების დახვეწამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო — თუ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში საშუალოდ 4 მეგავატამდე იყო დაყენებული მზის პანელები, დღეს ეს 17 მეგავატს აღემატება. შესაბამისად, კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ინსტალაცია და სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება ასეთი ფორმის მწვანე ენერგიის გამომუშავება.
— რა ეტაპზეა რეფორმის პროცესი ბუნებრივი გაზის სექტორში?
— ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის სექტორში რეფორმა ელექტროენერგეტიკის სექტორის რეფორმის შემდეგ, დაახლოებით, ერთ წელიწადში იწყება – მას შემდეგ, რაც გაიხსნება ელექტროენერგეტიკის ბირჟა და დაიწყება ვაჭრობა. ამას მოჰყვება ბუნებრივი გაზის სექტორის ბირჟის გახსნაც. მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, დაფუძნებულია ენერგეტიკული ბირჟა, მარეგულირებელი წესების გარკვეული ნაწილიც მომზადებულია და უკვე მოგვიანებით, ეტაპობრივად, ეს წესები დამტკიცდება.
რამდენად მოწესრიგდა მომხმარებლისთვის ქვითრების სწორად მიწოდების საკითხი?
— ბოლო პერიოდში მოსახლეობას თბილისში, ამორტიზებული ქსელების გამო, წყალმომარაგება ხშირად ეზღუდება. რა კეთდება ამ პრობლემის მოსაგვარებლად და, ზოგადად, როგორ შეაფასებდით კომპანიის საქმიანობას?
— წყალმომარაგების სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ტევადი სექტორია. აქ პრობლემების მოგვარებას გაცილებით დიდი ინვესტიციები სჭირდება, ვიდრე სხვა სექტორებს. ჩვენ სამ წელიწადში ერთხელ ვითანხმებთ კომპანიების მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმებს. ამ დროს ვადგენთ ტარიფს და შემდგომ ვაკვირდებით ამ საინვესტიციო გეგმის შესრულებას – როგორ მიმდინარეობს. სწორედ ეს საინვესტიციო გეგმა გულისხმობს ამორტიზებული ქსელების გამოცვლას, სატუმბი სადგურების მოწესრიგებას და ა.შ. „GWP“ და სხვა კომპანიების ნაწილში ჩვენ ერთი წლის წინ საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები შევითანხმეთ, რომელთა განხორციელებაც უკვე მიმდინარეობს, თუმცა საჭიროება კიდევ უფრო მეტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „Georgian Water and Powers“-ის წილის 80% გაიყიდა და მართვაში შემოვიდა გამოცდილი ესპანური კომპანია — „აქვალია“, რომელიც აპირებს, რომ დამატებითი ინვესტიციები ჩადოს, მეტად გააუმჯობესოს მენეჯმენტი და ა.შ. შესაბამისად, მოლოდინი პოზიტიურია, რომ წყალმომარაგების სისტემა მთელ საქართველოში მოწესრიგდება. რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ინვესტიციები იდება საქართველოს მთავრობის მიერ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამოქმედო არეალში ახალი ქსელების მოწესრიგება მიმდინარეობს. ბოლო ორ მსხვილ პროექტში, რომლებიც ქუთაისისა და ზუგდიდის წყალმომარაგების ნაწილში გაკეთდა, ჯამში 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო. ამ ორ მუნიციპალიტეტში მთლიანად განახლდა წყალმომარაგების სისტემა, თავისი სატუმბი სადგურებით, გადამამუშავებელი სისტემითა და ა.შ. რეგიონებში ასეთი მოცულობითი ინვესტიციების განხორციელება პარალელურად მიმდინარეობს.
— რამდენად მნიშვნელოვანია სემეკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა?
— მომხმარებლების უფლებების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ მიზნით გვაქვს მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი და კომერციული ხარისხის დეპარტამენტი, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ. ეს გულისხმობს, რომ თუ უკმაყოფილოა მომხმარებელი, ჩვენ განვიხილავთ მომხმარებლის საჩივრებს, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას და დავავალებთ კომპანიას — გამოასწოროს შეცდომა. ასევე, ჩვენი უნიკალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ვაკვირდებით — თუ რამდენად დროულად ახდენს კომპანია რეაგირებას მომხმარებელთა საჩივრებსა და ზარებზე. მარეგულირებელი კომისია აქტიურად მუშაობს, მათ შორის, ხანდაზმული და არასწორად დარიცხული დავალიანებების ჩამოწერის საკითხებზე. 2021 წელი ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო, ჩვენ 3,5 მილიონ ლარზე მეტი ხანდაზმული და არასწორად დარიცხული გადასახადი ჩამოვაწერეთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამდენად, მარეგულირებელი კომისია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ კუთხით მუშაობას.
— მოწესრიგდა თუ არა მომხმარებლისთვის ქვითრების სწორად მიწოდების საკითხი?
— ეს იყო გარდამავალი პერიოდი დედაქალაქში, ვინაიდან ადრე მონაცემების აღება თვის შუა რიცხვებში ხდებოდა. ახლა სისტემა გასწორდა და შემდგომი მონაცემების აღება მხოლოდ თვის ბოლოს მოხდება. მთელი თვის განმავლობაში მოხმარებულ ენერგიაზე მოვა ერთი ქვითარი. ამდენად, ეს საკითხები უკვე დარეგულირებულია. ორი ქვითარი მოვიდა დეკემბერში და იანვრის დასაწყისში. დეკემბრის პირველ ქვითარში დარიცხვა დაანგარიშდა თვის შუა ძველი აღიცხვის სისტემით, ხოლო მეორე ქვითარში — ახალი სისტემით. ფაქტობრივად, ეს იყო ერთი თვის დარიცხვა, რომელიც ორი ქვითრის სახით მიიღო მოსახლეობამ. ამის შემდეგ, იანვრიდან, თვის ბოლოს ხდება მონაცემების აღება, ასე რომ, ამიერიდან ორი ქვითარი აღარავის უნდა მოუვიდეს. მიუვა თვის ბოლოს ერთი ქვითარი, რომლითაც შესაბამის თანხას გადაიხდის მომხმარებელი.
— როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ნდობა მოსახლეობაში სემეკის მიმართ? აწვდით თუ არა მათ ინფორმაციას თქვენ მიერ გაწეული სამუშაოების თაობაზე?
— მარეგულირებელი კომისიის მიმართ ნდობა ნამდვილად არის, რადგან ჩვენთან შემოსული არცერთი განაცხადი, არცერთი სატელეფონო ზარი რეაგირების გარეშე არ რჩება. ძალიან ბევრ მოქალაქეს, ძალიან ბევრ ორგანიზაციას ვეხმარებით და, შესაბამისად, ეს არის განმაპირობებელი ფაქტორი ჩვენი ნდობისა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნაწილში მარეგულირებელი კომისიის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი. მარეგულირებელი კომისია არ უყვართ მაშინ, როცა დგება ობიექტური გარემოება და საჭიროება – გაიზარდოს ტარიფი. ტარიფების დადგენის პროცესში ჩვენ განვმარტავთ, თუ რა იწვევს ხოლმე ცვლილებას – ეს გამოწვეულია კურსის ცვალებადობით, ჩვენს რეგიონში ენერგიის გაძვირებით თუ სხვა ფაქტორებით. ვასაბუთებთ იმას, თუ რატომ გახდა ენერგიის ფასების და ტარიფის გაზრდა აუცილებელი. რა თქმა უნდა, პერიოდულად ჩვენც ვატარებთ გარკვეულ კამპანიას – ვაწვდით მომხმარებლებს ინფორმაციას, თუმცა, შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს საჭირო.
— თავადაც მეცნიერი ბრძანდებით და იცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს მეცნიერთა მოსაზრებას ამა თუ იმ დარგის განვითარების პერსპექტივის თაობაზე. თუ გაქვთ კომუნიკაცია მათთან და თუ ითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს?
— მეცნიერები ენერგეტიკის სექტორში ძალიან აქტიურები არიან. მათი ჩართულობით ბევრი კვლევითი და სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. ასევე, კვალიფიციური ადამიანები არიან გაწევრიანებულნი ენერგეტიკის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც სხვადასხვა საინტერესო კვლევას ატარებენ. ზოგიერთი მათგანი ჩვენთანაც მუშაობს. ენერგეტიკაში ეტაპობრივად ინერგება მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის, მეცნიერები მუშაობენ წყალბადის ენერგიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ასე რომ, სამეცნიერო წრეებთან ჩვენ მჭიდროდ და აქტიურად ვთანამშრომლობთ.
— 2022 წელს რას გეგმავთ?
— 2022 აქტიური წელი იქნება ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების ბოლომდე მიყვანის და ბაზრის გახსნის კუთხით, ასევე, ბუნებრივი გაზის რეფორმის განხორციელების თვალსაზრისითაც. 2022 წელს ჩვენ სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები გვექნება მელიორაციის რეგულირების ნაწილში, ვინაიდან 2023 წლის დასაწყისიდან ჩვენს რეგულირებას ემატება მეოთხე ნაწილი, რომელიც დაკავშირებული იქნება მელიორაციასთან. ამაზე კანონში ცვლილებები უკვე განხორციელებულია. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას მომხმარებელთა უფლებების დაცვის მხრივაც და არცერთი განცხადება, არცერთი სატელეფონო ზარი რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამდენად, ვიმედოვნებ, რომ 2022 დატვირთული და აქტიური წელი იქნება.