ქალაქ ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შემდგარ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელმა — სერგეი ლავროვმა რამდენიმე ყალბი ინფორმაცია გაახმოვანა. გთავაზობთ გავრცელებული ყალბი რამდენიმე ინფორმაციის კორექტირებულ ვარიანტებს.
ტყუილი პირველი — სერგეი ლავროვი აცხადებს: „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“.
სიმართლე — რუსეთისთვის გეგმის მიხედვით ეს პროცესი ნამდვილად არ მიმდინარეობს. ბრძოლა ორი კვირაა, რაც მიმდინარეობს, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ორივე მხრიდან. ომში მიღებული დანაკარგების დამალვა ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი სცადა, რათა მედია-სივრცეზე კონტროლი დაემყარებინა. ბრძოლის ეპიზოდები, უშუალო ვიდეოები, ცეცხლმოკიდებული ტექნიკა, დაბომბილი ქალაქები და დასახლებები, გარდაცვლილი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები — ამის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება სოციალურ სივრცესა და მსოფლიო ტელე-არხების ეთერებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერთადერთხელ დაასახელა გარდაცვლილთა და დაჭრილთა რიცხვი — სულ, 498 ჯარისკაცი, რაც, რასაკვირველია, დიდი ტყუილია, რადგან მათი რიცხვი, დაახლოებით, 14 ათასამდე აღწევს. ამას ვარაუდობენ როგორც დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები, ასევე, რუსეთში მყოფი კერძო ექსპერტები. რუსული არმია თავდასხმებს აგრძელებს, მაგრამ უკრაინელთა თავგამოდებული ბრძოლის შედეგად რუსების დაუცხრომელი სურვილი — სწრაფად დაეპყროთ უკრაინა, ჩავარდა. უკრაინელებმა რუსეთს ტემპი ყველა მიმართულებით დააგდებინეს.
ტყული მეორე — ლავროვი აცხადებს: „რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას“.
სიმართლე — ლავროვის ამ სიტყვება ბევრში საოცარი გაოგნება გამოიწვია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მთელი სერიოზულობით აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა. მაშინ რატომ ჩავიდა იგი ანტალიაში უკრაინელ კოლეგა დიმიტრი კულებასთან შესახვედრად? რუსეთის ხელისუფლება, ლავროვის ჩათვლით, არწმუნებდნენ კიევს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინაზე თავდასხმა არ მზადდებოდა. ერთი თვის წინ რუსულ რადიოსთან ლავროვმა განაცხადა, რომ: „თუ ომის დაწყება რუსეთზეა დამოკიდებული, ომი არ იქნება“. და მაშინვე მოლაპარაკებებზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკელთან გახმოვანდა კიდევ ერთი განცხადება რუსი მინისტრის: „თქვენ ამტკიცებთ, რომ ჩვენ ვაპირებთ თავს დავესხათ უკრაინას, მაგრამ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ეს ასე არ არის“. 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ. ისინი ახლაც აგრძელებენ სარაკეტო თავდასხმებს და ქალაქების დაბომბვას.
ტყული მესამე — „მარიუპოლში მდებარე სამშობიაროში არ იმყოფებოდა მშვიდობიანი მოსახლეობა, იქ განლაგებული იყო „აზოვის“ ბატალიონი“.
სიმართლე — ნარატივი, რომ მარიუპოლის სამშობიაროს შენობაში არ იყვნენ პაციენტები (ქალები, ბავშვები, მედ-პერსონალი), ხოლო მსხვერპლთა კადრები — ეს თითქოსდა „დადგმულია“, ახლა აქტიურად გამოიყენება რუსულ პროპაგანდისტულ გადაცემებსა და ტელევიზიებში. მაგრამ ფაქტი ჯიუტია. უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაცემებით, რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად სამშობიაროში დაიღუპა 2 მოზრდილი და 1 ბავშვი, 17 ადამიანი კი დაიჭრა. ეს დასტურდება უამრავი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებით. რუსული მხარე აგრძელებს მარიუპოლზე თავდასხმებს, რამდენიმე დღეა მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
ტყუილი მეოთხე — „კიევი იარაღს ყველას აძლევს, ათიათასობით ადამიანს ისე, რომ ვერ გაიგებ — ვის? თანაც ყველანაირი დოკუმენტების გვერდის ავლით“.
სიმართლე — უკრაინის ხელისუფლება იძულებულია იარაღი მისცეს მოსახლეობას, ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. მეომრები აცხადებენ, რომ იარაღს მხოლოდ მათ აძლევენ, ვინც ტერიტორიულ თავდაცვის ნაწილებს შეუერთდა, მხოლოდ პასპორტის წარდგენით და ნებართვის გაფორმებით. იარაღის გამოყენების უფლება მისცეს უკრაინის სხვა მოქალაქეებსაც, მაგრამ მათთვის იარაღი არავის დაურიგებია.
ტყუილი მეხუთე — „უკრაინაში აკრძალულია რუსული ენა და რუსული კულტურა, ასევე, რუსული მართმადიდებლური ეკლესია“ — აცხადებს ლავროვი.
სიმართლე — რუსული ენის და კულტურის აკრძალვა უკრაინაში არ ხდება. ომის დაწყებამდე იქ მუშაობდა „რუსული რადიო“, ერთ-ერთი მთავარი დედაქალაქის თეატრი, რომლის დასახელება „რუსული დრამა“ იყო. ახლა, რუსული არტილერია და ავიაცია ბომბავს, ძირითადად, რუსულენოვან ქალაქებს — ხარკოვს, მარიუპოლს. ასეთივე სიტუაციაა რუსულენოვან კიევსა და მის დასახლებებში. უკრაინაში რომ რუსული ენა იკრძალება, უბრალოდ, ყალბი ამბავია. ერთადერთი, უკრაინული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ოფიციალური დოკუმენტები ქვეყანაში წარიმართოს უკრაინულ ენაზე, რასაც მხარს უჭერს როგორც მედია, ასევე, უკრაინული ენის განათლების დეპარტამენტი. რუსული ენის გამო არავინ გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი. თავად პრეზიდენტი ზელენსკიც რეგულარულად გამოდის სიტყვით რუსულ ენაზე. რაც შეეხება რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მოსკოველ პატრიარქატს, უკრაინაში ისინი ჩვეულებრივ ფუნქციონირებენ და მათი აღმსარებლობის შეზღუდვას არავინ ცდილობს. ჩვეულებრივ ტარდება ლოცვები, მასობრივი მსვლელობები, მაშინაც კი, როდესაც კოვიდი მძვინვარებდა. ამიტომ, ერთადერთი რამ, რამაც რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შეუქმნა საფრხე, ისევ რუსული ინტერვენციაა. დანგრეულია ეკლესიები კიევის, ჟიტომირის და ხარკოვის ოლქებში.