„რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ მას ყოველდღე მოუწევს დიდი ფასის გადახდა იმ ავანტიურისთვის, რომელიც წამოიწყო არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საერთოდ მთელი თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ“, — რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ექსპერტი ვალერი ჩეჩელაშვილი უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას აანალიზებს და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაამკაცრებას პროგნოზირებს.
— უკრაინის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ მხოლოდ აღშფოთება და არსებული სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ — აამოქმედებს ევროპა და ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტიან ბერკეტებს?
— მე ეს მოლოდინი მაქვს, მოლოდინის საფუძველს მაძლევს ის გამოსვლები, რაც ჩვენ მოვისმინეთ — პირველ რიგში, ამერიკის პრეზიდენტისა და ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენის. მათ განაცხადეს, რომ რუსეთი დაისჯება ამ ქმედებების გამო. ამიტომაც ვამბობ, მხოლოდ ეკონომიკური, ფინანსური იზოლაციის ზომები საკმარისი არ არის, აუცილებელია რუსეთის სრული პოლიტიკური და დიპლომატიური იზოლირება, მითუმეტეს, რომ რუსეთში დღეს უკვე დიპლომატია აღარ არის, დიპლომატია დამთავრდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და მის გარე მისიებში არის მხოლოდ ადამიანების ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ემსახურება რუსეთის მილიტარისტულ მანქანას. უნდა მოხდეს ამ ხალხის იზოლირება, შემდეგ მთლიანად რუსეთის დიპლომატიური და პოლიტიკური იზოლირება. პარალელურად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკრაინას ქმედითი სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური დახმარება გაეწიოს, რადგან გავიმეორებ, უკრაინა ახლა იბრძვის თავისუფალი სამყაროს წინა ფრონტზე და, მათ შორის, იბრძვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. შესაბამისად, ამ დახმარების კონტექსტში ჩვენც უნდა გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია — მინიმუმ დავიწყოთ უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარების შეგროვება. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, თუ ჩვენ ბანკებში — საქართველოს ბანკში, თიბისიში და სხვა ბანკებში გაიხსნებოდა ანგარიშები, სადაც ჩვენს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს გარკვეული თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა ექნებოდათ. შეგვიძლია, განვაცხადოთ ჩვენი მზადყოფნა კონფლიქტის რეგიონიდან ლტოლვილების, ბავშვების, ქალბატონების მიღების თაობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა.