ამერიკულ ჟურნალ The American Conservative-ში 28 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ის ცნობილი ანალიტიკური ცენტრის – „კატონის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის დუგ ბენდოუს სტატია სათაურით „აშშ-ის საბედისწერო დონბასური ავანტიურა“, რომელშიც იგი რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკას აკრიტიკებს. აღსანიშნავია, რომ დუგ ბენდოუ აშშ-ის ექს-პრეზიდენტის რონალდ რეიგანის სპეციალურ თანაშემწედ მუშაობდა.
გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:
„ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად ყველა შესაძლებლობას იყენებს. ჩინოვნიკები სულ უფრო თავისუფლად მოქმედებენ და უკვე ნაკლებად აინტერესებთ ის, რომ ცოტაც და ამერიკა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის მონაწილე გახდება. ისინი აფართოებენ კიევისათვის იარაღის მიწოდებას და ამას ღიად აკეთებენ. თანაც საყურადღებოა ის, რომ ეს ხდება რუსეთის დასუსტების მიზნით, უკრაინის მეშვეობით.
თავის დროზე პრეზიდენტები ჯორჯ ვაშინგტონი და შემდეგ ჯონ ადამსი ამერიკელებს აფრთხილებდნენ, რომ მსგავსი ნაბიჯები არ გადაედგათ. „მთავარია, რომ მოვერიდოთ სახელმწიფოების ერთ ჯგუფთან მუდმივ მტრობას და მეორე ჯგუფთან – მუდმივ მეგობრობას. ამის ნაცვლად უმჯობესია ყველასთან გულახდილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც სხვების მიმართ მუდმივ სიძულვილს ან მუდმივ სიყვარულს განიცდიან, გარკვეული თვალსაზრისით, მონებს წარმოადგენენ. ანუ ისინი თავიანთი მტრობისა თუ სიყვარულის მონები არიან. ეს ფაქტორი საკმარისია იმისათვის, რომ სახელმწიფომ იმ სწორი გზიდან გადაუხვიოს, რომელიც მის ინტერესებშია და იმ მცდარ გზაზე დადგეს, რომელიც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – ამბობდა ჯორჯ ვაშინგტონი.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება ბოლო წლების მსგავსი ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელი ჩინოვნიკები ივიწყებენ, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
2008 წლის აგვისტოში ამერიკა და რუსეთი, საქართველოს გამო, ომის ზღურბლზე ბალანსირებდნენ. ისარგებლა რა მოსკოვის სისუსტით, ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ნატო სულ უფრო დაუახლოვა რუსეთის საზღვრებს, გაანადგურა ყოფილი იუგოსლავია კოსოვოს გამო, საქართველოს და უკრაინას კი ტრანსატლანტიკურ ალიანსში მიღება აღუთქვა. ამის საპასუხოდ მოსკოვმა მხარი დაუჭირა საქართველოში მოქმედ სეპარატისტებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ეურჩებოდნენ თბილისში მოქმედ ცენტრალურ მთავრობას. თავისი უგუნური ქცევით განთქმულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა აშშ-ის დახმარებისა, სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო კონტინგენტს ცეცხლი გაუხსნა. მოსკოვმაც არ დააყოვნა და შური იძია…
მანამდე კი ჯორჯ ბუში ერაყში შეიჭრა და რელიგიური დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა, შემდეგ ავღანეთში მუდმივი კონფლიქტი გააჩაღა და პლანეტა ბირთვული ომის ისეთ ზღვრამდე მიიყვანა, რომელიც თავისი მნიშვნელობით კუბის გამო მომხდარ კარიბის კრიზისს თუ შეედრება.
და რისთვის ეს ყველაფერი? ცხადია, არა აშშ-ის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, არამედ იმ გეოპოლიტიკური დაპირისპირების გავლენით, რომელიც დედამიწაზე საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. გასაგებია თანაგრძნობის გამოხატვა საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობის მიმართ, მაგრამ კავკასიაში თბილისის მიერ დაწყებული ომის გამართლება შეუძლებელია, მით უმეტეს – ბირთვულ სახელმწიფოსთან. უფრო უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო – მიხეილ სააკაშვილი, ტერიტორიის დაბრუნების მიზნით, ომში აშშ-ის ჩათრევასაც შეეცადა…
აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი ორას წელზე მეტი ხნის წინათ ხედავდა იმას, რასაც პოლიტიკოსები დღეს მათ წინ მიმდინარე მოვლენებს ვერ ხედავენ. ამერიკა ამჟამად თითქოს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა, მაგრამ მაინც სხვა ქვეყნებისადმი დამოკიდებულების მონობაში დარჩა – ვაშინგტონის პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ ანგარებიანი პოლიტიკის მოყვარე ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ტაივანი, საქართველო და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოები. როგორც წესი, თითოეული მათგანი ცდილობს ამერიკისაგან განსაკუთრებული კეთილგანწყობა დაიმსახუროს – როგორც „მოკავშირის“ სახით, ან თავისი მტრები ამერიკის მტრებადაც გადააქციოს. დღეს იგივეს აკეთებს უკრაინა…
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას ძველებურად აქვს პრეტენზია „თავისუფალი ქვეყნის“ სტატუსზე, ის უკვე დიდი ხანია რესპუბლიკური სახელმწიფოდან იმპერიულ სახელმწიფოდ გადაიქცა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ეს ამერიკელ ხალხს ძალიან ძვირი დაუჯდა. და თუ აშშ რუსეთთან ომის გამომწვევ დაუფიქრებელ ნაბიჯებს გააგრძელებს, ვაშინგტონი ამით სიტუაციას გააუარესებს.
უკრაინის მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარების გაწევისას ამერიკელ ჩინოვნიკებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი პირველ რიგში ამერიკელი ხალხის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. მათ კიდევ ერთხელ უნდა გადაიკითხონ ჯორჯ ვაშინგტონის მიერ 1796 წლის 19 იანვარს დაწერილი გამოსამშვიდობებელი გზავნილი ამერიკელი ხალხისადმი და დასკვნა გააკეთონ: დიახ, მეგობარ სახელმწიფოებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ისე, რომ მათი ინტერესების მონად არ ვიქცეთ. სამწუხაროდ, ამერიკელი პოლიტიკოსები ამ განსხვავებას ვერ ხედავენ.
თარგმნა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.theamericanconservative.com/articles/philandering-with-ukraine/