აშშ რუსული ნავთობისა და გაზის ყველანაირ იმპორტს კრძალავს — ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს მე ვაცხადებ, რომ შეერთებულმა შტატებმა მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია“, — განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის გაზის ფასებს ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ თქვა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ბაიდენმა, ასევე, განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გაზის ღირებულების მატება მინიმალური იყოს.
ბაიდენი აცხადებს, რომ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციების ფონზე მიიღო, თუმცა აღნიშნავს, რომ ბევრი მათგანი აშშ-ს მსგავს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.
„აშშ ბევრად მეტ ნავთობს აწარმოებს ქვეყნის შიგნით, ვიდრე მთლიანად ევროპა. ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია, სხვებს კი არა, თუმცა ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპასთან და ჩვენს პარტნიორებთან, რათა შევქმნათ გრძელვადიანი სტრატეგია რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად“, — განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
„შელმა“ 8 მარტს განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტს რუსული ნედლი ნავთობის ყიდვას და უარს იტყვის ყველა რუსულ ნავთობპროდუქტზე.
უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების გამკაცრებას ითხოვენ, მათ შორის, მის ენერგორესურსებზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ ორშაბათს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ სხვა ზომებთან ერთად, ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა, რომელიც ახლა უკრაინის სისხლით არის შეღებილი.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია, თავის მოკავშირეებთან ერთად, რუსული ენერგეტიკის ალტერნატივების შემუშავებაზე მუშაობს, მაგრამ თქვა, რომ ეს ერთ ღამეში არ ხდება.
„ჩვენი მხრიდან შეგნებული გადაწყვეტილებაა — გავაგრძელოთ კომერციული საწარმოების საქმიანობა რუსეთთან ენერგომომარაგების სფეროში“, — განაცხადა შოლცმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 7 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ნახშირწყალბადებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გაერთიანებულმა სამეფომ ეს ეტაპობრივად უნდა გააკეთოს.
წყარო — ენ ბი სი ნიუსი. — https://www.nbcnews.com/politics/politics-news/us-ban-russian-oil-imports-rcna19119?fbclid=IwAR3oXs2fCEq2G7vCPfqY5ObzbaWp5yoSN3QeEJw5J2yMi15nKqjfvQBS1Ko