ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს 11 აპრილს შეხვდა. ავსტრიის კანცლერი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ რუსეთში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ნეჰამერი და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს მოსკოვის ოლქ ნოვო-ოგარიოვოში, პუტინის რეზიდენციაში შეხვდნენ.
ინფორმაციას „დოიჩე ველე„ ავრცელებს.
პირდაპირი, ღია და რთული საუბარი პუტინთან
როგორც ავსტრიის კანცლერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, პუტინთან შემდგარი საუბარი პირდაპირი, ღია და რთული იყო. ნეჰამერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მეგობრული ვიზიტი არ ყოფილა და კანცლერმა პუტინთან საუბრისას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულების საკითხიც წამოწია. ავსტრიული მედიის ცნობით, ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად დაისჯებოდნენ.
როგორც თავად ავსტრიის კანცლერი ამბობს, პუტინთან საუბრის შემდეგ მოვლენების განვითარების თაობაზე ოპტიმისტური არაფერი ეთქმის. ნეჰამერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი შეტევისთვის ემზადებიან. ამასთან, ავსტრიის კანცლერმა უკრაინის მოქალაქეებს მჭიდროდ დასახლებული ადგილების დატოვებისკენ მოუწოდა.
„ეს სიმძაფრით სავსე ბრძოლა იქნება“, — განაცხადა ნეჰამერმა.
ავსტრიის კანცლერმა პუტინთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ ეკონომიკური სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გამკაცრდება, თუ უკრაინელების ხოცვა გაგრძელდება.
როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, ვიზიტის მიზანს პუტინისთვის ომის შესახებ სიმართლის თქმა წარმოადგენდა.
„მნიშვნელოვანია ერთმანეთის პირისპირ ვიყოთ და ვუთხრათ მას რეალობა: ამ პრეზიდენტმა ეს ომი მორალურად წააგო. მისივე (პუტინის) ინტერესებში შედის, რომ იცოდეს სიმართლე. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანებს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ“, — განაცხადა შალენბერგმა.
შალენბერგის თქმით, ავსტრიის კანცლერმა პუტინთან საუბრისას ჰუმანიტარული კორიდორის გაკეთებაც მოითხოვა.
ავსტრიაში ასევე ხაზს უსვამენ, რომ ვიზიტი ევროკავშირის მანდატით არ შემდგარა და რომ კანცლერმა მოსკოვში წასვლა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსიკასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ავსტრიის კანცლერის ვიზიტს დადებითად აფასებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც. გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, ბერლინი უკრაინაში ომის დასრულების ყოველგვარ დიპლომატიურ მცდელობას მხარს დაუჭერს.