ხელისუფლების ფრთხილი პოლიტიკა კითხვის ნიშნებს და რადიკალური ოპოზიციის აღშფოთებებსაც კი იწვევს. საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინისადმი სრული მხარდაჭერის ნაბიჯებს აკნინებს ხოლმე ხელისუფლების რიტორიკა. ბევრს აინტერესებს საზოგადოების უმრავლესობა, საბოლოო ჯამში, ემხრობა თუ არა „ქართული „ოცნების” პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ამ მიმართულებით ჩატარებული „გორბის” კვლევა რეალურ სურათს გამოკვეთს თუ არა, მაინც საკითხავია.
რა პოზიცია აქვს აკადემიურ საზოგადოებას? გვესაუბრება პროფესორი ავთანდილ არაბული:
„რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან სანქციების მიერთებაზე დაუსრულებელმა უკმაყოფილებამ გამახსენა ეროვნული მოძრაობის დროინდელი ენთუზიაზმი, როცა ვიძახდით — სამტრედიაში ბლოკადას გამოვუცხადებთ რუსეთსთქო. მაშინ გადავკეტეთ რკინიგზა, რომ ბლოკადა გამოგვეცხადებინა. რუსეთს არაფერი დაკლებია ამით, მაგრამ ჩვენ, ბუნებრივია, დაგვაკლდა. ჩვენ ისეთ რამეს ვერ გავაკეთებთ, რაც რუსეთს დააზარალებს და ჩვენ კი — არა. ჩვენ, თავისებურად, სანქციებს უკვე შეერთებული ვართ კიდეც და ეს მანამდე გავაკეთეთ, სანამ მსოფლიო იზამდა ამას — ჩვენ რუსეთთან, ფაქტობრივად, ყველანაირი ურთიერთობა გავწყვიტეთ. ერთადერთი, კერძო ხაზით არსებობს სავაჭრო ურთიერთობა. გაუგონარი ამბავია… მაგალითად ავიღოთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი. ორი თვე არ იყო გასული, რომ სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა თურქეთთანაც კი. აი, ეს რომ გვქონოდა ჩვენ, შეგვეძლებოდა, რომ გაგვეწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან. დღეს კი მეტი რა შეგვიძლია, რა უნდა მოსთხოვო ხელისუფლებას? ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში, იქცევა რაციონალურად და გონივრულად, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც, ერთის მხრივ, უკრაინისადმი აქტიურ თანადგომას გამოხატავს საერთაშორისო ასპარეზზე, მეორეს მხრივ, საფრთხეების შემცირებისთვის არის მიმართული. ჩვენ იმდენად ვართ დაზარალებულნი, რომ დამატებითი აქტივობებით რისკების გაზრდა არ შეიძლება”, — ამბობს პროფესორი ავთანდილ არაბული.
დაბობმვის შიშით ნატოსკენ სწრაფვას ხომ არ შევანელებთ?
„ერთი რამ ვიცი, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე და ჩვენს პირობებში, ამ დაზარალებული ქვეყნის პირობებში, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ურთიერთობა და პოზიცია, რაც არგებს ჩვენს ქვეყანას. კარგად ვხედავთ, რომ ნატოსთან პარტნიორობამ შეგვაძლებინა, რომ, ფაქტობრივად, განადგურებული თავდაცვის სისტემა რაღაც ფორმით ფეხზე დაგვეყენებინა (სამხედრო საკითხია ეს, გადაიარაღება თუ მომზადება). ამ პარტნიორობამ საშუალება მოგვცა, რომ ჩვენი ჯარისკაცების თავსებადობა ყოფილიყო ნატოს სტანდარტებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ეს ორიენტაცია კრიტიკას არ ექვემდებარება”, — აცხადებს ავთო არაბული.
პრორუსულობის იმიჯი და მისი რეალური წარმომავლობა
„ამ თემას ყველაზე მეტად ის იყენებს, ვინც თვითონაა პრორუსი და თავისი მოქმედებით ამტკიცებს ამას (არა მარტო დღევანდელ ვითარებაში, თუმცა დღეს — განსაკუთრებით). ის, ვინც მოვლენების პროვოცირებას ცდილობს, ვინც დემაგოგიას მიმართავს, ვინც რუსეთის თემით მანიპულირებს, პირველ რიგში, იმათში და იმ პოლიტიკოსებში უნდა შევიტანოთ ეჭვი. ამას გამოცდილება მალაპარაკებს. კაგებე სწორედ ამ პრინციპით მუშაობდა და მე კარგად ვიცნობ ამ მეთოდებს. ის იწყებდა შენთან ლაპარაკს ეროვნულ-პატრიოტულ თემაზე და რომ დაგელაპარაკებოდა, ისეთ ადამიანს დასდებდა ბრალს პრორუსულობაში თუ კომუნისტურ მენტალიტეტში, რომელიც სპეტაკი იყო ამ თვალსაზრისით. ამიტომ საეჭვო ადამიანები ისინი არიან, ვინც წყალს ამღვრევს რუსეთის თემით. ხელისუფლებაში, ვინც არიან ლიდერები (კონკრეტულ პიროვნებებს არ დავასახელებ), არავინ არაა შემჩნეული რუსეთთან ურთიერთობებში, არ აქვთ ასეთი ბიოგრაფია”, — ამბობს პროფესორი.
რატომ ცდილობენ 400 ლარიანი ხელფასის მქონე მეცნიერები
ხელისუფლებას გაუგონ და არა უმტრონ?
„ამ თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოების ზოგად დამოკიდებულებას უნდა დავაკვირდეთ. მეცნიერებიც ჩვენი საზოგადოების ნაწილია. ამდენი წლის განმავლობაში, ამ შეჭირვების, უმუშევრობის, ყველანაირი გაჭირვების ფონზე, ჩვენი საზოგადოება არასოდეს არ აყენებს წინა პლანზე სოციალურ პრობლემებს. შეგნებულად არ გამოდის — განა არ სტკივა, განა არ შია და ცივა?! მაგრამ, როგორც კი დაუძახებენ ეროვნულ საკითხზე, იმ წუთში გაივსება ხოლმე რუსთაველი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ სოციალურმა საკითხმა შეიძლება დააზიანოს ეროვნული საკითხი. სწორედ ამ შეგნებაზე დგას მეცნიერების პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მეცნიერებზე დაბალი სოციალური ჯგუფი არ არსებობს ამ თვალსაზრისით. მეცნიერება, ფაქტობრივად, დაიშალა, სისტემა დაინგრა, მაგრამ მეცნიერი მაინც ცდილობს გაიგოს ეს ვითარება და არ აპროტესტებს. ამის მიზეზი არის ის, რომ მას ის შეგნება აქვს, რომ ჯერ სახელმწიფო ინტერესია განსახორციელებელი და მერე ყველაფერს მიეხედება”, — აცხადებს ავთანდილ არაბული.