2022 წლის იანვარში ბანგლადეშში პირველად გამოიცა შუა საუკუნეების პერიოდის დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე ნათარგმნი წიგნი. პოემის თარგმანი ეკუთვნის ტაჰერულ ისლამ ტაჰერს, ხოლო წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციები (ბენგალური სუბკონტინენტური კულტურის თავისებურებების გათვალისწინებით) მოამზადა მაჰმუდ ჰასანმა.
საქართველოსა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ინდოეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს ჩართულობით, შესაძლებელი გახდა ამ დიდი პოემის ბენგალურ ენაზე თარგმნა და გამოცემა.
წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში იგეგმება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს არარეზიდენტი ელჩი, ბატონი არჩილ ძულიაშვილი და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსული რიად მაჰმუდი „ვეფხისტყაოსანს“ ბანგლადეშის საზოგადოებას და ქვეყნის მთავრობის წევრებს წარუდგენენ. წიგნი ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ბენგალელი მკითხველისთვის, რაც მათ მისცემს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას.
საქართველოს საელჩო ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. დელი) გამოხატავს მადლიერებას ბანგლადეშში საქართველოს საპატიო კონსულის, ბატონი რიად მაჰმუდის მიმართ მის მიერ შეტანილი დიდი წვლილისათვის ქართული ლიტერატურის შედევრის წარმატებულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში.
„ვეფხისტყაოსნის“ ბენგალურ ენაზე თარგმნა მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ რუსთველოლოგიის განვითარებისთვის, არამედ — კაცობრიობისთვისაც, ხალხებს შორის ურთიერთდაახლოების, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მეგობრობის განმტკიცებისთვის.
როგორც ცნობილია, ბენგალური ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ათ ყველაზე გამორჩეულ ენას სიძველითა და სილამაზით, ასევე, შესანიშნავი დამწერლობისა და ჟღერადობის გამო. მასზე საუბრობს 200 მილიონზე მეტი ადამიანი ბანგლადეშში, ინდოეთის დასავლეთ ბენგალისა და ტრიპურას შტატებში და ასამის შტატის რეგიონში Barak Valley. იგი სიდიდით მეშვიდე ენაა მსოფლიოში.