გაზეთი „იზვესტია“ (Известия) სათაურით „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის ფედერაციაში მხოლოდ ცალკე სუბიექტის სახით უნდა შევიდეს“ ბეჭდავს ვრცელ ინტერვიუს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომდგენელთან, პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან, რომელშიც იგი საუბრობს 10 აპრილს ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველი ტურის შედეგებზე (მას იმედი აქვს, რომ კონკურენტ ალან გაგლოევს მეორე ტურში დაამარცხებს), ასევე ფიქრობს, რომ „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის ფედერაციას, რეფერენდუმის მეშვეობით, აუცილებლად შეუერთდება, მაგრამ ცალკე სუბიექტის სახით, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების გარეშე (თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ოსი ხალხის ნებით ორივე ოსეთი გაერთიანდეს).
— შეთანხმებულია თუ არა თქვენი განცხადება რუსულ მხარესთან? როგორ აფასებთ საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას?
— ჩვენმა ინიციატივამ ბევრი რუსი პოლიტიკოსის მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა. რუსეთის ხელმძრვანელებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი პატივს სცემენ ოსი ხალხის ნების გამოვლენას. რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, მათი ნეგატიური დამოკიდებულება წინასწარ მოსალოდნელი იყო და ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. თავის დროზე სწორედ დასავლეთის სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს და მის სისხლიან ავანტიურას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ…
— როგორ რეაქცის ელოდებით საქართველოსაგან სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შემთხვევაში?
— რეაქცია, რა თქმა უნდა, ისტერიული იქნება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ პროვოკაციებს საქართველოს რადიკალური ძალებისაგან, თუმცა უსაფრთხოების საკითხებს რუსეთთან ერთად გადავწყვეტთ. მოცემულ შემთხვევაში საქართველომ ჩვენ კი არა, საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს იმაში, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ყველაფერი გააკეთა სამხრეთ ოსეთის მისწრაფების გასაძლიერებლად რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად“.