გვესაუბრება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე
- როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკური თვალსაზრისით, გადაწყვეტილება მიიღო სანქციებთან დაკავშირებით, რომ არ შეუერთდებიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ გადაწყვეტილების, როგორც მოღალატეობრივი პოზიციის, შეფასებას როგორ უყურებთ ბიზნესმენები?
- ჩემი პოზიციაა ის, რომ იყოს სტაბილურობა. სანქციებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ერთია ომი და მეორე — ეკონომიკა, რაც არ უნდა შეეწიროს ომს, რადგან სოციალური მომენტები პირდაპირ არის ეკონომიკაზე მიბმული. ეკონომიკაში რყევები არ უნდა არსებობდეს. ზოგადად, ჩვენ, ეკონომიკასა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ვურევთ, მითუფრო, რომ ომი გავლილი გვაქვს არაერთხელ. ძალიან კარგად ვიცით, რა არის ცუდი და რა — კარგი. ასე რომ, ეკონომიკა და პოლიტიკა ერთი და იგივე არ არის და მათი გაიგივება არ შეიძლება. მე მგონია, თუ ევროპისკენ მივდივართ, როგორც ევროპაშია, ისე უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირმა რუსეთს დაადო სანქციები. მათ აქვთ ამის ფუფუნება, ხოლო ჩვენ — არა! სჯობს, რომ ეკონომიკამ იფრინოს თავისი გზით. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, აფხაზეთის თემაზე ვთვლი, რომ მხარეები უნდა შეთანხმდნენ, რომ უპირობოდ რკინიგზა გაიხსნას. ეს ორივე მხარისთვის კარგი იქნება.