ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საშინელი სისასტიკის დანახვა სატელიტიდან გადაღებული კადრიდანაც კარგად შეიძლება, რადგან სატელიტიდან გადაღებულ სურათებში კარგად ჩანს მასობრივად წინასწარ გათხრილი საფლავები ბუჩას ეკლესიის მახლობლად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა მწამებლის და სასტიკის საჯარო იმიჯი შეიქმნა, რაზეც მეტყველებს ქალაქ ბუჩაში რუსული ძალების უკან დახევისას ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა.
ზელენსკიმ რუს ჯარისკაცებს „მკვლელები“, „ჯალათები“ და „მოძალადეები“ უწოდა, გვიან საღამოს კი განაცხადა: „თქვენი კულტურა და ადამიანური ხასიათი დაიღუპა უკრაინელ მამაკაცებთან და ქალებთან ერთად“. მან გააფრთხილა ყველა, რომ სხვა ოკუპირებულ რეგიონებში „კიდევ უარესი რამ“ შეიძლება მოხდეს.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს კიევის მახლობლად სხვადასხვა ქალაქებში, რომლებიც ახლახან დაიბრუნეს რუსეთის მხარისგან. გასული კვირის ბოლოს გადაღებული სატელიტური სურათები კარგად ასახავს 14 მეტრიან მასობრივ საფლავს ბუჩაში წმინდა ანდრიას ეკლესიის მახლობლად. Maxar-მა, კომპანიამ, რომელმაც ფოტოები გადაიღო, განაცხადა, რომ მასობრივი საფლავის გათხრის პირველი ნიშნები 10 მარტს გამოჩნდა, შეჭრიდან რამდენიმე კვირაში.
ბუჩაში სისასტიკის მოწმე პირებმა The Guardian-ს განუცხადეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქიდან გაქცეულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს და სამოქალაქო პირებს ხოცავდნენ. 43 წლის ტარას შევჩენკომ თქვა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უარი თქვეს კაცების ჰუმანიტარულ დერეფანში გაშვებაზე, სამაგიეროდ ესროდნენ მათ, როცა ისინი ღია მინდორში გარბოდნენ. მისი თქმით, ცხედრები ტროტუარებზე იყო მიმოფანტული, დაღუპულთაგან ზოგიერთი „ტანკებით გაანადგურეს… და გადაუარეს როგორც ხალიჩებს”.
შევჩენკოს დედა, 77 წლის ევდოკია ამბობს, რომ შეესწრო ხანდაზმული მამაკაცის მკვლელობის ფაქტს, რომელიც ცოლის გვერდით მოკლეს, როცა ის რუს ჯარისკაცს ეწინააღმდეგებოდა.
ქალაქიდან გადაღებული ფოტოები გვიჩვენებს განადგურების სცენას: დამწვარი და დამსხვრეული ტანკები და ჯავშანტექნიკა, რომლებიც ცხედრებთან ერთად ერთ-ერთ ქუჩაზეა მიმოფანტული.
ზელენსკი კვირას მოულოდნელად ვიდეო ზარით გამოჩნდა გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე ლას ვეგასში და მოუწოდა მაყურებელს — მხარი დაუჭირონ მის ქვეყანას „ყველანაირად“.
„შეავსე სიჩუმე მუსიკით. შეავსე ის დღეს, რათა მოჰყვე ჩვენი ისტორია. დაგვიჭირე მხარი ნებისმიერი საშუალებით, ნებისმიერი, მხოლოდ არა სიჩუმით“. — ზელენსკიმ ამ სიტყვებით ინგლისურად მიმართა გრემის დაჯილდოებაზე მისულ ხალხს.
რუსეთი პასუხისმგებლობას არ იღებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბუჩაში გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების თაობაზე განაცხადა, რომ „ეს კიევის რეჟიმის მიერ კიდევ ერთი დადგმული სპექტაკლია”, რაც ეხმიანება მარიუპოლის ბავშვთა სახლისა და სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვისას გაკეთებულ მსგავს განცხადებას.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ „საშინელი” მკვლელობები რუსეთის ომის დანაშაულების დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს, ხოლო გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუჩას „საშინელ და შემზარავ” კადრებს შოკისმომგვრელი უწოდა. მისმა თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა განიხილოს რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვის საკითხი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გათავისუფლებული ქალაქების ამსახველ სურათებს უწოდა — „მუშტი მუცელში”.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა თქვა, რომ ის შოკირებულია „რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის შემზარავი სურათებით“ და დასძინა, რომ „ევროკავშირის სანქციები და მხარდაჭერა ჯერ კიდევ გზაშია“.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ის „შოკირებულია ენით აუწერელი საშინელებებით გაჯერებული ინფორმაციით იმ ადგილებში, რომელსაც რუსეთი ტოვებს”. მისი თქმით, სასწრაფოდ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება და „დანაშაულის ჩამდენის პასუხისგებაში მიცემა”.
ზელენსკიმ თქვა, რომ მოუთმენლად ელოდება სამშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას. მან მოიწვია გერმანიისა და საფრანგეთის ყოფილი ლიდერები — ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი, რათა წვეოდნენ ბუჩას და საკუთარი თვალით ენახათ — სადამდე მიიყვანა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ. ზელენკიმ მოუწოდა უკრაინის მოკავშირეებს — სანქციების გამკაცრებაზე მეტი გააკეთონ.
„მიმდინარეობს მუშაობა ქალაქ ბუჩას „გაცოცხლებისთვის”, — თქვა ზელენსკიმ, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ელექტროენერგია, წყალი და საავადმყოფოს მომსახურება.
უკრაინელმა სამხედროებმა ორშაბათს დილით თავის ოპერატიულ მოხსენებაში განაცხადეს, რომ რუსეთმა დაიწყო დაახლოებით 60 000 ჯარისკაცის „ფარული მობილიზაცია” უკრაინაში დაკარგული ნაწილების შესავსებად.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა რეგიონში ჩასვლისკენ, რათა შეაგროვონ მტკიცებულებები რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ. კვირას რადიო Times-თან საუბრისას მან თქვა, რომ ბუჩა იყო „განზრახ ხოცვა”. რუსეთს უწოდა „ისლამურ სახელმწიფოზე უარესი”, მან თქვა, რომ რუსული ჯარები არიან დამნაშავეები მკვლელობაში, წამებაში, გაუპატიურებასა და ძარცვაში. მან ასევე მოუწოდა G7 ქვეყნებს დაუყონებლივ დააწესონ „დამანგრეველი“ სანქციები.
წყარო — გარდიანი — https://www.theguardian.com/world/2022/apr/04/russia-now-synonymous-with-bucha-massacre-zelenskiy-says-amid-global-outcry-at-civilian-killings