გვესაუბრება პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი
— რამდენად მტკივნეულად მიგაჩნიათ ცილისწამების ფაქტორი, რაც ძალიან გახშირდა მედია საშუალებებში სხვადასხვა პირების მიმართ და რაც შეიძლება მართლაც რომ ცილისწამებად კვალიფიცირდეს?
— ცილისწამება ყოველთვის მტკივნეულია და საჭიროა, რომ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც ცილისწამებას მიმართავს ადამიანების თუ ჯგუფების მიმართ, პასუხი მოეთხოვოს. თუმცა, ცილისწამება აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს ფაქტის/ამბავის დამახინჯებას და არა ამ ფაქტის/ამბავის ინტერპრეტაციას. ეს ხშირად ეშლებათ ხოლმე.
— რა გამოსავალი არსებობს იმისათვის, რომ ცილისწამების შედეგად მკაცრი უსამართლო ბულინგისგან იყოს დაცული საზოგადოება, პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ა.შ.?
— გამოსავალი ისაა, რომ არსებობდეს პროფესიული ორგანიზაცია მედიის სფეროში, რომელსაც ცილისწამებაზე რეაქცია და რეაგირება ექნება და რომელიც ჩამოაყალიბებს პროფესიული ეთიკის სტანდარტებს ამ მიმართულებით. პრინციპში, ასეთი ორგანიზაცია საქართველოში უკვე არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს. ესაა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
— დღეისთვის რა გზა არსებობს — პასუხი აგოს ცილისმწამებელმა (ყველაზე მწარე გამოცდილება მედიის სფეროშია ამ მიმართულებით).
— ასეთი ორი გზა არსებობს: ა) საჩივრით მიმართვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიმართ; ბ) ცილისწამების (თუ ის განსაკუთრებით მძიმეა) სასამართლოში გასაჩივრება. ორივე გზას იყენებენ დღესდღეობით. თუმცა, ეს პრაქტიკა კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს.
— რამდენად სწორად მიგაჩნიათ უცნობის ინიციატივა — ცილისწამება იყოს გარკვეული სახით „დასჯადი“?
— ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და სასამართლოს ვერდიქტი, თუ ცილისწამება დადასტურდა, დასჯის ინსტიტუციური ფორმებია. სხვა მექანიზმი რა უნდა იყოს, ვერ წარმომიდგენია.
— რა დამატებითი რეგულირების მექანიზმებია კანონში შემოსატანი ცილისწამების ფაქტორის გასანეიტრალებლად?
— ზემოთქმულის გარდა, დამატებითი რეგულირების მექანიზმების შემოტანას არ ვემხრობი — ამან შეიძლება დააზიანოს სიტყვის თავისუფლება, რაც დემოკრატიის ქვაკუთხედია.