უკრაინის ომთან დაკავშირებით დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გამო სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები აზიიდან ევროპისაკენ და პირიქით დიდ პრობლემებს აწყდება. პრაქტიკულად, რუსეთის ტერიტორიაზე ჩინური ტვირთების გადაზიდვა დაბლოკილია. შესაბამისად, პეკინი ცდილობს ახალი მარშრუტები შექმნას რუსეთის გვერდის ავლით“, – ნათქვამია გაზეთ „კომერსანტში“ (КоммерсантЪ) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „კონტეინერები რუსეთს გვერდს უქცევენ: ჩინეთი ევროპაში ტვირთების გაგზავნას კავკასიის გავლით ცდილობს“ (ავტორი – ნატალია სკორლიგინა).

ჩინეთი ახალ მარშრუტებს ეძებს და პოულობს: „ევროპა-კავკასია-აზიის“ სატრანპორტო დერეფნით, შავი და კასპიის ზღვების გავლით მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში დაახლოებით 3 ათასამდე კონტეინერული ტვირთი იქნა გადაზიდული, ანუ მესამედით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. რასაკვირველია, ჯერ-ჯერობით მოცულობა დიდი არ არის და ხელშემშლელი ფაქტორებიც ბევრია – ექსპერტების თქმით, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა ბევრ პრობლემას ქმნის.
რა თქმა უნდა, „რუსეთის რკინიგზების“ ხელმძღვანელები ხედავენ, რომ ტვირთების ნაკადი მიმართულებას იცვლის.

„პირველი ორი თვის განმავლობაში „ტრასეკას“ მარშრუტით – კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე – აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით სამი ათასი კონტიეინერია გადაზიდული რუსეთის გვერდის აქცევით, საერთოდ კი ისეთი პირი უჩანს, რომ ამ წელიწადის ბოლოს ტვირთების გადაზიდვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – ამბობს „რუსეთის რკინიგზების“ წარმომადგენელი ალექსეი შილო, – და თუ გადამზიდავები ნორმალურ ლოჯისტიკას შექმნიან, არსებული ტარიფების პირობებში სრულიად ნორმალურ მარშრუტს მივიღებთ, ანუ რუსეთს [კონკურენტი] გამოუჩნდება“.

რა გეგმები აქვს რუსეთს სანქციების პირობებში? ალექსეი შილო აზუსტებს, რომ „ტრასეკას“ საპირისპიროდ რუსეთი სულ უფრო მეტ ტვირთებს გზავნის აზერბაიჯანში ირანისაკენ, რათა ადგილობრივ რკინიგზას სხვა ტვირთების გადაზიდვის საშუალება არ ჰქონდეს. „ვფიქრობთ, რომ ასეთი სტრატეგია ჩვენი მხრიდან გამართლებულია“, – ამბობს იგი.

სარკინიგზო დერეფნები ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით საკმაოდ დიდი ხანია არსებობს, მაგრამ გადაზიდვების მოცულობა დიდი არ არის. მაგალითად, ტრანსკასპირი მარშრუტით 2021 წელს 25,2 ათასი კონტეინერი გადაიზიდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით – 11,7 ათასი, შედარებისათვის – რუსეთის რკინიგზებით ჩინეთიდან ევროპაში 2021 წელს 1,1 მილიონი კონტეინერი იქნა გადაზიდული და მაინც, ალტერნატიული მარშრუტები ვითარდება: როგორც ჩინური სააგენტო “სინჰუა” იუწყება, გასულ კვირას ჩინეთმა პირველი საცდელი სარკინიგზო სატვირთო შემადგენლობა გაუშვა გერმანიისაკენ. პირველი მატარებელი, რომელიც 42 კონტეინერით არის დატვირთული, ქალაქ სიანიდან 13 აპრილს გამოვიდა, ტვირთი კი გერმანიის ქალაქ მანჰეიმში უნდა ჩაიტანოს.

სიანის საბაჟო სამმართველოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მატარებელი გაივლის ყაზახეთს, გადაკვეთს კასპიის ზღვას ბორანით, შემდეგ აზერბაიჯანს, საქართველოს, ფოთის პორტიდან ბორანით მივა ბულგარეთში, შემდეგ რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს და, დაფარავს რა მთლიანობაში 11,3 ათას კილომეტრს, გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ჩავა.

როგორც კომპანია Xi’an Free Trade Port Construction and Operation-ის ხელმძღვანელი იუან სიანცზიუნი ამბობს, ახალი მარშრუტი ისეთ რეგიონებზე გაივლის, სადაც ადრე აზიიდან ევროპისაკენ მატარებლები ნაკლებად დადიოდნენ, ახლა კი ახალი პერსპექტივები ჩნდება.

თარგმნა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.kommersant.ru/doc/5317698