ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ინიციატივას, ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ცირა ბარამიძე მკაცრი მიმართვით პასუხობს:
„ერთი შეხედვით მომხიბვლელი ჩანს საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის საავტომობილო გზის მშენებლობის ინიციატივა — წამოყენებული ჩეჩნეთის მეთაურის, ბატონი კადიროვის მიერ, რომ არა პოლიტიკური კამუფლაჟი და ტექსტის ქვეტექსტი. ნეტავი, მართლა ის რეალობა იყოს, რომ ჩეჩენსა და ქართველ ხალხებს შეეძლოთ აშენება ძმობისა და მეგობრობის, ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლიანობის გზისა. სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, არც ჩეჩენს ეკუთვნის თავისთავი და არც ქართველს. ორივე მხარე დღემდე რუსეთის პოლიტიკურ დაფაზეა (ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი). ეს გზაც მხოლოდ მის ინტერესებს მოემსახურება.
დღეს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ გზის სტატუსი ვერ განისაზღვრება — როგორც გზა საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის; ეს იქნება გზა რუსეთსა და საქართველოს შორის, რომლის ინიციატორიცა და აღმსრულებელიც რუსეთია. ჩეჩნეთი აქ მხოლოდ საშუალებაა. ეს თავადაც მოგეხსენებათ.
ჩემთვის მიუღებელია გზა, რომლისგანაც ტანკის მოლოდინი უფრო გვექნება, ვიდრე კეთილისმყოფელისა. მზაკვრული ჩანაფიქრია „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკის რაკურსით. ერთი მხრივ, რატომ არ უნდა გვინდოდეს მოძმე ჩეჩნეთთან უმოკლესი გზა. ჩვენ (ქართული და ჩეჩნური მხარე) ძალზე მარტივად ვიქნებით გამოყენებული მესამე ძალის ჩანაფიქრის განსახორციელებლად. არ ვიცი, თქვენ როგორი პრიზმით ხედავთ ისტორიას, მაგრამ ესაა სამწუხარო რეალობა.
კავკასიის ხალხებს ერთი ისტორია აქვს და, ვფიქრობ, ერთ მომავალზე უნდა ფიქრობდეს. ქართველი ერი სისხლხორცეულადაა დაკავშირებული მოძმე ვაინახ ხალხთან. ამას ვერ წაშლის ვერანაირი გეოპოლიტიკური სტრატეგიები. ჩეჩნეთი, დღეს როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, არაა დამოუკიდებელი ამგვარ გადაწყვეტილებებში.
ჩვენი ქვეყნის კარი ყოველთვის ღიაა მოყვარისათვის. ჩემი სახლისა და გულის კარიც ღიაა ჩემი ჩეჩენი კოლეგებისა და მეგობრებისათვის. მობრძანდით, როცა გენებოთ და ვიდრე დრო არ დადგება, ამ ვიზიტისათვის გამოყავით 3 საათით მეტი, ვიდრე 50 წუთია. რუსეთმა, სამწუხაროდ, თავად მოსპო რეალური საზღვარი ლესელიძესა (აფხაზეთში) და როკის გვირაბზე (რადგან ეს ტერიტორიები ოკუპირებულია მის მიერ). რუსეთის კეთილი ნებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში (დეოკუპაცია) ეს ორი საზღვარი ამოქმედდება და რუსეთს აღარ ექნება საქართველოსთან საზღვრის ნაკლებობის განცდა, არც დაღესტნის მხრიდან საზღვრის გახსნის საჭიროება დადგება მოცემულ ეტაპზე. საქართველომ გახსნა ლარსის საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის (ჩემი ინიციატივაც იყო), აამოქმედა უვიზო რეჟიმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას რუსეთის მხრიდან ანალოგიური ქმედება არ მოჰყოლია. ეს კი ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვიზღუდავს ჩრდილოეთ კავკასიასა და რუსეთის სხვა სუბიექტებში გადაადგილების შესაძლებლობას, თანამშრომლობას კავკასიელ და რუს კოლეგებთან.
მწარეა განცდა, როცა გზა 21-ე საუკუნეში ასოცირდება ტანკთან და შიშთან, ბატონო ჩეჩნეთის პრეზიდენტო!”