ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“ (Le Monde) ბეჭდავს ინტერვიუს კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) ისტორიკოსთან, პროფესორ ნიკოლას მალდერთან სათაურით „მეოცე საუკუნეში ეკონომიკური სანქციების გამოცხადება ხშირად კონტრპროდუქტიული იყო“, რომელშიც იგი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ეფექტურობაზე საუბრობს და იხსენებს სანქციების საერთაშორისო პრაქტიკას მე-20 საუკუნის განმავლობაში. ესუბრება ჟურნალისტი მარი შარელი.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
— სანქციების შემოღება რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ზეწოლის ძველ ინსტრუმენტს წარმოადგენს. როდის დაიწყო პირველად სანქციების გამოყენება?
— ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან ხშირი იყო რომელიმე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოსათვის ბლოკადის — სავაჭრო ემბარგოს — მცდელობა, ასევე ხდებოდა ნაპოლეონის ომების დროსაც… პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ოსმალეთის იმპერია, ავსტრია-უნგრეთი და გერმანია [ანტანტის ქვეყნების მხრიდან] უმკაცრესი სატრანსპორტო ბლოკადისა და სავაჭრო ემბარგოს პირობებში აღმოჩნდნენ, რომლის შედეგად დაწყებული შიმშილით ასი ათასობით ადამიანი დაიღუპა. იმ პერიოდში ბევრი პოლიტიკოსი ფიქრობდა, რომ საერტაშორისო წესრიგის დამღვევი ქვეყნებისათვის ბლოკადასა და ემბარგოს გამოცხადებას პოზიტიური შედეგების მოტანა შეეძლო. სწორედ ამიტომ ერთა ლიგას ეკონომიკური სანქციების მიღების უფლებაც ჰქონდა…
— თქვენ ბრძანდებით ავტორი წიგნისა „ეკონომიკური იარაღი: სანქციები გაძლიერება როგორც თანამედროვე ომის ინსტრუმენტი“, რომლის მიხედვით, ომებს შორის მიღებული შემზღუდავ ზომებს სასურველი შედეგი არ მოჰქონდათ და, პირიქით, დაძაბულობასაც კი ზრდიდა. რატომ ხდებოდა ასე?
— მეოცე საუკუნეში ეკონომიკური სანქციები ხშირად კონსტრპროდუქტიულები იყვნენ. 1930-იან წლებში სანქციებმა, რომლებიც აგრესორების შესაჩერებლად გამოიყენებოდა, მაგალითად, ნაცისტური გერმანიის ან იაპონიის იმპერიის წინააღმდეგ, ბერლინმა და ტოკიომ, წინ რომ აღდგომოდნენ ინგლისელთა და ამერიკელთა ზეწოლას, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს. ამრიგად, ომის თავიდან აცილების ნაცვლად კაცობრიობამ, პირიქით, მეორე მსოფლიო ომი მიიღო. ემბარგომ მოვლენები დააჩქარა.
— რა ეკონომიკური სადამსჯელო საქნციები იქნა იაპონიის წინააღმდეგ გამოყენებული 1930-იან წლებში?
— 1937 წელს აღმოსავლეთ ჩინეთში იაპონიის არმიის შეჭრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა იაპონიას ემბარგო დაუწესა, რომლითაც ტოკიოს ჯერ ავიასაწვავის (ბენზინის) მიწოდება შეუწყდა, შემდეგ კი რკინის მადნის, ნიკელის, სპილენძის ექსპორტი. მაგრამ იაპონია არ შეჩერდა და 1941 წლის ზაფხულში ინდოჩინეთში შეიჭრა. დასავლეთის სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იაპონიისათვის ნავთობის მიწოდება სრულად შეეწყვიტათ. სხვათა შორის, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იაპონია თავს დაესხა ამერიკას — ჰავის კუნძულებზე მდებარე პირლ-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ბაზას.
1935 წელს ერთა ლიგამ სადამსჯელო სანქციები დაუწესა იტალიას ეთიოპიაზე ტავდასხმის გამო, მაგრამ უშედეგოდ. საინტერესოა და პარადოქსულიც, რომ წარუმატებლობის მიუხედავად, დასავლელი ლიბერალური ქვეყნები მსგავს სანქციებს 1930-იანი წლების შემდეგაც იყენებდნენ.
— ესე იგი, რა გამოდის — ეკონომიკური იარაღი ეფექტური არასოდეს არ ყოფილა?
— რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, სანქციები წარმატებული იყო იუგოსლავიასა და ალბანეთს შორის ომში 1921 წელს და ბულგარეთ-საბერძნეთის ომის დროს 1925 წელს. ორივე შემთხვევაში ომი შეწყდა, როგორც კი ერთა ლიგამ სანქციები დაუწესა დაპირისპირებულ მხარეებს. მაგრამ ისინი სუსტი და პატარა ქვეყნები იყვნენ, საკმაოდ მოწყვლადი და ბევრად დამოკიდებულნი გარე სამყაროზე.. საერთოდ, სანამ რაიმე სანქცია დაწესდებოდეს, ისინი ყოველმხრივ უნდა იქნენ მოფიქრებულნი, უნდა შეირჩეს სფეროები, უნდა მომზადდეს სავარაუდო შედეგების დეტალური პროგნოზი და გაკეთდეს სიტუაციის ანალიზი, რაც საკმაოდ რთულია და სწრაფად ვერ განახორციელებ.
— ირანი დასავლური ემბარგოს ქვეშ 1979 წლიდან იმყოფება…
— დიახ, ირანის მაგალითი და გამოცდილება მნიშვნელოვანია. ეს იმას აჩვენებს, თუ როგორ კარგავენ თავის ეფექტიანობას სანქციები შემოღებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ. თეირანმა გაუძლო უმკაცრეს სანქციებს, გაუძლო სტაგნაციას და ინფლაციას, შემდეგ ეკონომიკა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურა გარკვეულწილად ჰგავს ირანისას, რომელიც ენერგოშემცველების (ნავთობ-გაზის) ექსპორტზეა დამოკიდებული. ირანში სანქციების დროს ეკონომიკის რეცესიის შემდეგ მოხდა მრეწველობის რეორგანიზაცია. ასევე მოხდება რუსეთშიც, მის ეკონომიკას რეზერვები აქვს და მოსახლეობა კიდეც რომ გაღარიბდეს, ეკონომიკა არ განადგურდება.
დასავლეთმა წარმატებას რომ მიაღწიოს სანქციებში, კარგად უნდა გაიაზროს მიზანი და შედეგი. თუ ზუსტად არ იქნება ყველაფერი გათვლილი, მაშინ სანქციები ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციის ბერკეტად და ინსტრუმენტად არ გამოდგება.
— უნდა შემოიღოს თუ არა ევროპამ ემბარგო რუსულ გაზზე?
— თუ ევროპას მოსკოვზე ზეწოლის გაგრძელება სურს, მაშინ გაზზე ემბარგოს დაწესება რუსეტის ეკონომიკას ზიანს ნამდვილად მიაყენებს, მაგრამ ზარალს ვერც ევროპა გადაურჩება თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობა იძულებული გახდება ენერგოშემცველებზე ფასები მოამატოს და მეტი ფული დახარჯოს განახლებად ენერგეტიკაში ინვესტიციების ჩასადებად. რა თქმა უნდა, ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე ტარიფის მატებით გაიზრდება გაზით წარმოებული ელექტროენერგიის ფასი და ასე გაგრძელდება ჯაჭვური რეაქციით…
— ცხადია, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული საქნციები რუსებს ცხოვრებას დაუმძიმებს. ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ სანქციებმა საპროტესტო მოძრაობის პროვოცირება გამოიწვია და ხელისუფლების დამხობა?
— რასაკვირველია, ასეც მომხდარა. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის რასისტული რეჟიმის წინააღმდეგ 1960-1970-ინ წლებში. მართალია, დასავლეთის მიერ მიღებული შემზღუდავი ზომები აპარტეიდის ლიკვიდციის მთავარი მიზეზი არ ყოფილა, მაგრამ სანქციებმა ხელისუფლების დაცემას ხელი შეუწყეს. ეს დაკავშირებული იყო იმასტან, რომ იმ დროს ქვეყანაში მძლავრი პოლიტიკური ოპოზიცია არსებობდა შავკანიანი მოსახლეობის ლიდერის ნელსონ მანდელასა და აფრიკის ეროვნული კონგრესის სახით, რომლებმაც თეთრკანიანთა ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდნენ და ებრძოდნენ.
რუსეთში კი ოპოზიცია არ არსებობს, განადგურებულია, ლიდერები ციხეებში სხედან, ინტელიგენციის ნაშთები ქვეყნიდან საზღვარგარეთ გარბიან. ოლიგარქები პრეზიდენტს ემორჩილებიან. ასე რომ, რუსეთში არანაირი წინაპირობები არ არსებობს იმისა, რომ რაიმე მასობრივი საპროტესტო მოძრაობა დაიწყება და ხელისუფლება დაემხობა.
წყარო: https://www.lemonde.fr/economie/article/2022/04/07/au-xxe-siecle-
les-sanctions-economiques-se-sont-souvent-revelees-contre-productives-6120945-3234.html
თარგმნა სიმონ კილაძემ