ესპანური გაზეთი „ელ პაისი“ (El País) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპაში ეკონომიკური აქტიურობა შენელდა“ (ავტორი — უგო გუტიერესი), რომელშიც საუბარია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OCDE) დასკვნაზე — რა მდგომარეობაა ამჟამად ევროპის ეკონომიკაში და რა ელოდება მოსახლეობას სამომავლოდ რუსეთ-უკრაინის ომის კვალობაზე.
„ბებერი ევროპის“ წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა რამდენიმე წლით უკან ჩამორჩენილი აღმოჩნდა. OCDE თვლის, რომ თანდათან უფრო აშკარად ჩანს ევროპული ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელების ნიშნები — მარტში ევროზონის ქვეყნების ეკონომიკის ზრდა, თებერვალთან შედარებით, 0,17%-ით შენელდა, რაც, ერთი მხრივ, უკრაინის მოვლენებთანაა დაკავშირებული, მეორე მხრივ — პანდემიის შედეგებთან. „ევროპაში ზრდის იმპულსის დაკარგვა შეინიშნება“, — აღნიშნავს ორგანიზაცია.
ბოლო თვეებში ეკონომიკური ზრდის შენელება შეინიშნება გერმანიაში (0,13%), საფრანგეთში (0,25%), იტალიაში (0,23%), დიდ ბრიტანეთში (0,28%) და ესპანეთში (0,16%). კონკრეტულად ესპანეთში შენელების პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო და შემდეგ ტენდენცია გაძლიერდა.
მთლიანობაში ევროს ზონის ქვეყნებში ზრდის შენელება 0,17%-ით გამოიხატება. „მოსალოდნელია ინფლაციის გაძლიერება“, — აღნიშნავენ OCDE-ს ექსპერტები, თუმცა ისინი ასევე ხაზს უსვამენ, რომ ზემოთ აღნიშნული „მაჩვენებელები საბოლოო ჭეშმარიტებას არ წარმოადგენენ“ — ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება რუსეთის ე.წ. „სპეცოპერაცია“ უკრაინის წინააღმდეგ. ევროპის ეკონომიკასთვის ომით მიყენებული ზიანი შეიძლება მეტი იყოს, ან ნაკლები, ყველაფერი საომარი მოქმედებების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული.
მაშინ როცა ევროპის ეკონომიკაზე გავლენას ომი და პანდემიის შედეგები ახდენს, მის ფარგლებს გარეთ მდებარე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტენდენცია შეინიშნება. მაგალითად, ასეთებს მიეკუთვნებიან აშშ, იაპონია და კანადა. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ინდოეთი და ჩინეთი, სტაბილური ზრდაა. მაგრამ ბრაზილიაში პირიქით — ზრდის ტემპის შენელება ხდება. OCDE-ს ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჩილის ეკონომიკის ვარდნა, რაც მარტში 0,48%-ით გამოიხატა.
რა იქნება სამომავლოდ? OCDE-ში თვლიან, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობის გაგრძელებისა და მისი გამწვავების პირობებში ეკონომიკური სიტუაცია დამძიმდება. მით უმეტეს, თუ რუსეთი ევროკავშირისათვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება უკრაინა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, ამ ქვეყნის ეკონომიკა ერთი მესამედით მოიკლებს. მსოფლიო ბანკი კი უფრო უარეს პროგნოზს აკეთებს: ომის გაგრძელება უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირების ტემპებს დააჩქარებს და უახლოეს ხანში 50%-ით მოიკლებს, რაც კატასტროფულ მდგომარეობას ნიშნავს.
თარგმნა სიმონ კილაძემ