გერმანელების 54% მხარს უჭერს რუსეთის ენერგეტიკულ ბოიკოტს
რეჰდენი, სოფელი ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში, სადაც დასავლეთ ევროპის უდიდესი ბუნებრივი აირის საწყობია, მიგვანიშნებს, თუ რამდენად რთული იქნება ევროპისთვის რუსული ენერგიის დათმობა.
მიწისქვეშა ტერიტორიას, რომელიც 910 საფეხბურთო მოედნის ზომისაა და რომელიც გერმანიის გაზის საწყობების მეხუთედს წარმოადგენს, რუსეთის სახელმწიფო ენერგო-ჯგუფი „გაზპრომი“ მართავს.
„გაზპრომმა“, რომელიც გერმანიაში, ავსტრიასა და ნიდერლანდებში გაზის საწყობების მესამედს აკონტროლებს, შარშან რეჰდენსა და ევროკავშირის სხვა ობიექტებზე არსებული რეზერვუარები ნაწილობრივ დაცალა, რაც ევროპისთვის ენერგიის მიწოდების შემცირების აშკარა მცდელობა იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ.
ეკონომისტები ამბობენ, რომ კონფლიქტმა გამოავლინა გერმანიის, იტალიისა და ევროპის დიდი ნაწილის სტრატეგიული შეცდომები რუსულ ენერგეტიკასთან მიმართებით.
რუსეთი უზრუნველჰყოფს ევროკავშირის გაზისა და ნახშირის იმპორტის 40%-ს და ნედლი ნავთობის მეოთხედს.
ევროპაში ელექტროენერგიის ყოველდღიური გადასახადი მოსკოვისთვის, დაახლოებით, 800 მილიონი ევროა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ბერლინს – გაწყვიტოს ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. მისი თქმით, „რუსეთი, უბრალოდ, იყენებს თქვენს და სხვა ქვეყნებს იმისთვის, რომ დაიფინანსოს ომი“. ამ თვეში YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების 54% მხარს უჭერს რუსეთის ენერგეტიკულ ბოიკოტს.
ინსბრუკის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების პროფესორმა გერჰარდ მანგოტმა განაცხადა, რომ რუსეთი სახელმწიფო შემოსავლების 23%-ს იღებს ნავთობის ექსპორტის დაბეგვრიდან, ხოლო გაზზე გადასახადი მხოლოდ 8%-ს შეადგენს.
„ვფიქრობ, რომ ევროპა შეწყვეტს ნავთობის მიღებას რუსეთიდან, მაგრამ მეეჭვება, რომ ისინი შეწყვეტენ გაზის მიწოდებას. მოსკოვს შურისძიება ნებისმიერ შემთხვევაში გაზის გამორთვით შეუძლია“, – აცხადებს მანგოტი.
ევროპის ქვეყნების უმეტესობას გაზის დეფიციტთან გამკლავების საგანგებო გეგმა აქვს. ანალიტიკურ ცენტრ „ბრიუგელს“ მიაჩნია, რომ რუსეთიდან იმპორტის შეჩერება ევროპას მომავალ ზამთრამდე ავზების შევსებაში ხელს შეუშლის და აიძულებს მას რაციონირების გზით ენერგიის მოხმარება 10-15%-ით შეამციროს.
მაგრამ გერმანიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ლეოპოლდინის კვლევამ დაასკვნა, რომ „რუსული გაზის მიწოდების მოკლევადიანი შეჩერება მისაღები იქნება გერმანიის ეკონომიკისთვის“ და რომ რაციონირება შეიძლება არ იყოს საჭირო.
იტალია და გერმანია ერთ ნავში იმყოფებიან?
დიახ. იტალიელებმა 1987 წელს ჩერნობილის შემდგომ ეროვნულ რეფერენდუმზე ხმა მისცეს ატომური ენერგიის განვითარებაზე მორატორიუმის დაწესებას. განახლებადი ენერგია იტალიას ენერგეტიკული მოთხოვნილების მხოლოდ 11-დან 12 %-ს აწვდის, რაც ევროპის საშუალო 22%-ზე დაბალია. როდესაც გაზი მისი ენერგეტიკული მოთხოვნილების 40 %-ს ფარავს – და ამ გაზის 40 % მოდის რუსეთიდან – რა თქმა უნდა, ქვეყანას დრო დასჭირდება ცვლილებებისთვის.
„ჩვენ არ გვაქვს კარგი ენერგეტიკული ბალანსი. შეცდომები, რომლებიც ქვეყანამ ათწლეულების განმავლობაში დაუშვა, ერთ წელიწადში ვერ გამოსწორდება“, – თქვა გარემოსდაცვითი ტრანსფორმაციის მინისტრმა რობერტო ჩინგოლანმა.
იტალიის შიდა გაზის მოპოვება შემცირდა წელიწადში, დაახლოებით, 20 მილიარდი კუბური მეტრიდან – ეროვნული მოთხოვნის დაახლოებით მესამედიდან – 3,7 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ძირითადად, გარემოსდაცვითი პრობლემების გამო.
„ჩვენ შევამცირეთ გაზის შიდა წარმოება, მაგრამ გავზარდეთ იმპორტი, გარემოზე ზემოქმედება მუდმივად იყო და ჩვენ თვითონ დავაზიანეთ ეკონომიკა“, – თქვა ჩინგოლანმა.
იტალია, ასევე, აჩქარებს განახლებადი ენერგიის ფართომასშტაბიანი პროექტების დამტკიცებას, მაგრამ ახალი ენერგიის მოპოვების დაწყებას დრო დასჭირდება.
წყარო: „ფაინენშალ თაიმსი“