ბრიტანელი ისტორიკოსი ნილ ფერგიუსონი უკრაინაში ბაიდენის ადმინისტრაციის სტრატეგიის შესახებ „ბლუმბერგისთვის“ დაწერილ სტატიაში საუბრობს. ფერგიუსონი ფიქრობს, რომ ბაიდენი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ფიქრობს, რომ შეუძლია რუსეთის რესურსები ამოწუროს, პუტინი თავიდან მოიცილოს და, ამასთანავე, ჩინეთსაც დაანახოს, რომ ტაივანში შეჭრა წამგებიანი იქნება.
ბრიტანელი ისტორიკოსი წერს, რომ ამერიკულ მედიაში გავრცელებული სიახლეების ფონზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ამერიკას ამ ომის გახანგრძლივება სურს.
„ადმინისტრაცია განაგრძობს უკრაინელების მომარაგებას საზენიტო არტილერიით, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებითა და ასაფეთქებელი დრონებით. ის შეეცდება დაარწმუნოს ნატოს სხვა წევრებიც, რომ უკრაინას დამატებით მიაწოდოს თავდაცვითი საბრძოლო ტექნიკა. ვაშინგტონი 1979-ის შემდგომი ავღანეთის სვლების კრებულს დაუბრუნდება, სადაც მეამბოხე ძალებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ უკრაინის მთავრობა სტანდარტულ ომს წააგებს“, — წერს ფერგიუსონი.
როგორც ისტორიკოსი აცხადებს, აშშ-სთვის ახლა პრიორიტეტი პუტინის რეჟიმის დასრულებაა, რადგან ვაშინგტონში თვლიან, რომ სანამ რუსეთს პუტინი მართავს, ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს ვერ დაუბრუნდება. რეალურად კი აშშ-ში იმედი აქვთ, რომ მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა, შეიძლება, რუსეთ-ჩინეთის კავშირი დაასუსტოს, რაც დასავლეთისა და დემოკრატიისთვის წინსვლა იქნება.
ფერგიუსონის აზრით, ის, რომ დასავლეთი პუტინის რესურსების ამოწურვას ელოდება იმითაც დასტურდება, რომ აშშ აქტიურად არ ცდილობს დიპლომატიური გზებით მიაღწიოს ქვეყნებს შორის ცეცხლის შეწყვეტას და კიდევ — ბაიდენი პუტინის სამხედრო დამნაშავედ აღიარებას გაურბის.
ფერგიუსონი არ იზიარებს ამერიკელი პოლიტოლოგის ფრენსის ფუკუიამას ოპტიმისტურ შეხედულებას, რომ ეს ომი პუტინის რუსეთის დასასრულის მომასწავებელია. ფერგიუსონი წერს, რომ რუსეთის სამხედრო წარუმატებლობა უკვე სახეზეა და, თუ საკითხს ასე შევხედავთ, უკრაინა ამ ომს იგებს, თუმცა ვითარება მეტ დაკვირვებას მოითხოვს.
„ისტორია ბევრ მაგალითს გვთავაზობს ავტორიტარული რეჟიმებისა, რომლებიც სამხედრო სირთულეების ფონზე ჩამოიშალა — გაიხსენეთ სადამ ჰუსეინი და მოამარ კადაფი, ან არგენტინის ხუნტა, რომელიც ფოლკლენდზე ზუსტად 40 წლის წინ შეიჭრა. რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი იქნებოდა, თუ უკრაინაში რუსეთის ძალების გაცვეთა და სანქციების მიერ გამოწვეული ფინანსური კრიზისი სახლში პუტინის კრახამდე მიგვიყვანდა“, — წერს ფერგიუსონი.
თუმცა, როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, ეს სტრატეგია ცინიზმისა და ოპტიმიზმის ნარევია.
„თუ დაფიქრდებით, ეს სტრატეგია არქეტიპული რეალპოლიტიკაა — ვაცადოთ უკრაინას, რომ ბოლომდე გამოსცალოს რუსეთს ძალები; ვიფიქროთ კონფლიქტზე, როგორც მეორე ცივი ომის ქვე-სცენარზე; ბრძოლაზე, რომელშიც ნამდვილი ოპონენტი ჩინეთია“, — წერს ფერგიუსონი.
ოპტიმიზმია ამ ომის გახანგრძლივება პუტინის პოზიციების
შესუსტების მიზნით
რაც შეეხება ოპტიმიზმს, ფერგიუსონის აზრით, ოპტიმიზმია ამ ომის გახანგრძლივება პუტინის პოზიციების შესუსტების მიზნით. ისტორიკოსის აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომის გახანგრძლივება არა მხოლოდ ათასობით უკრაინელის სიკვდილს და უსახლკარობას მოიტანს, არამედ პუტინს მისცემს საშუალებას — მიაღწიოს იმას, რასაც რუსეთში გამარჯვებად გაასაღებს.
ამასთანავე, ფერგიუსონის აზრით, რუსეთში რევოლუციის ალბათობა თითქმის არარსებულია. ფერგიუსონი ასევე წერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ჩინეთს რუსეთისთვის ეკონომიკურ დახმარებას ვერ გადააფიქრებინებს.
„მეორე ცივი ომი უცნაური ანარეკლია პირველი ცივი ომისა. პირველ ცივ ომში მთავარი ოპონენტი რუსეთი იყო, ხოლო დაქვემდებარებული — ჩინეთი, ახლა ეს როლები შებრუნებულია. „პირველ ცივ ომში” პირველი ცხელი ომი აზიაში იყო (კორეაში), ახლა ის ევროპაშია (უკრაინაში). პირველ ცივ ომში კორეა, უბრალოდ, პირველი იყო საბჭოთა კავშირის მიერ გამაგრებული აგრესიული მინდობილობის კონფრონტაციებს შორის. დღეს კი უკრაინაში კრიზისს მოჰყვება კრიზისი ახლო აღმოსავლეთსა (ირანში) და შორეულ აღმოსავლეთში (ტაივანში). თუმცა არის ერთი აშკარა განსხვავება: პირველ ცივ ომში პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციამ შეძლო გაეროს მანდატით ეხელმღვანელა საერთაშორისო კოალიციისთვის სამხრეთ კორეის დასაცავად. ახლა უკრაინა იძულებულია მხოლოდ სამხედრო არსენალს დასჯერდეს. ამის მიზეზი კი, როგორც ვხედავთ, არის ბაიდენის ადმინისტრაციის შიში, რომ პუტინი ომის ესკალაციას ბირთულ ომით მოახდენს, თუ აშშ-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერა ზღვარს გადასცდება“, — წერს ფერგიუსონი.
ფერგიუსონის აზრით, აშშ-ს მხრიდან ასეთი მიდგომა მხოლოდ პუტინის გამარჯვების შანსებს ზრდის და ჩინეთს არწმუნებს, რომ ის ამერიკა, რომელიც პირველი ცივი ომის დაწყებით ფაზას თავდაჯერებული აწარმოებდა, უკვე მხოლოდ ისტორიის ნაწილია.