ცნობილ ფრანგულ გამოცემაში – „ფიგარო“ – გამოკითვა ჩატარდა, სადაც დასმული იყო კითხვა – რამდენად იმსახურებენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში მიღებას? მას შემდეგ, რაც კონფლიქტოლოგმა ზაზა ცოტნიაშვილმა აღმოაჩინა, რომ ფრანგულენოვანი ევროპის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ამ გამოკითხვაში ამბობდა – არას, იგი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში და გამოკითხვა ქართულ სათვისტომოებს მიაწოდა. კონფლიქტოლოგი გაეცნო კომენტარებსაც, თუ რატომ ამბობდნენ ევროპელები საქართველოს გაწევრიანებაზე უარს. ჩვენთან საუბარში ზაზა ცოტნიაშვილი ამბობს: „გუშინ ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა ევროკავშირში უკრაინა-საქართველო-მოლდოვასთან დაკავშირებით – რამდენად მიზანშეწონილი იქნებოდა ევროკავშირში ჩვენი მიღების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ვერსალში გამართულ შეხვედრაზე 27 ქვეყანა შეიკრიბა, იყო წინააღმდეობა, მაგრამ, როგორც ჩანს, უმრავლესობა მაინც მომხრე იყო – მხარი დაეჭირათ ჩვენი ქვეყნებისთვის, ანუ რომ დაიწყოს დოკუმენტაციის განხილვა, რომელიც შეტანილი გვაქვს. ძალიან საინტერესო იყო ამ ფონზე ცნობილი ფრანგული გამოცემა „ფიგაროს“ გამოკითხვა. კითხვა მდგომარეობდა შემდეგში: რამდენად იმსახურებენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში მიღებას? ეს გამოკითხვა ვნახე და აღმოჩნდა, რომ, ძირითადად, ფრანგულენოვანი ევროპის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობდა – არას. ანუ, 60% ამბობდა, რომ არ იმსახურებს გაწევრიანებას, დაახლოებით 40% ამბობდა, რომ იმსახურებს. ქართულ სათვისტომოებში, საზოგადოებაში გავავრცელეთ ეს ინფორმაცია, რადგან ზუსტად ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს შედეგები იმისთვის, რომ ევროპულ საზოგადოებაზე გარკვეული გავლენა იქონიოს.
გამოკითხვაში ამ დრომდე მონაწილეობა აქვს, დაახლოებით, 351 000 ადამიანს მიღებული. ახლა უკვე – დაახლოებით 54% ამბობს, რომ დიახ, უნდა გაწევრიანდეს საქართველო, 46 % ამბობს – არას. ამ გამოკითხვაში ქართული საზოგადოების ჩართულობა არის ძალიან მნიშნელოვანი. იხილეთ წყარო – (https://www.lefigaro.fr/international/l-ukraine-la-moldavie-et-la-georgie-ont-elles-vocation-a-integrer-l-union-europeenne).
ერიდებიან თუ არა ევროპელები რუსეთის განაწყენებას?
„ევროპული საზოგადოების გარკვეული ნაწილი, როგორც ჩანს, იხრება იქითკენ, რომ უკრაინაც, მოლდოვაც და საქართველოც იმსახურებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. კომენტარებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ძირითადად მოლდოვაზე იყო აქცენტი გაკეთებული იმიტომ, რომ მოლდოვა პირდაპირ ესაზღვრება ევროპულ სახელმწიფოებს და ვფიქრობ, ადარებენ კიდეც ამ პროცესს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაერთიანებას. იყო ისეთი კომენტარებიც, რომ არ შეიძლება რუსეთის განაწყენება, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. ასე რომ, საკმაოდ რთულია დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს, გარკვეული თვალსაზრისით, დემოკრატიული ცხოვრების პრინციპებიდან გამომდინარეა. იგივე, უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დრო სჭირდებათ, რომ მიიღონ მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები, რათა სისხლისღვრა შეჩერდეს. სამწუხაროდ, გვაქვს ურთულესი სიტუაცია უკრაინაში, თუმცა, თუნდაც „ფიგაროს“ გამოკითხვა გარკვეულ იმედებს აღძრავს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ამ ეტაპზე საუბარია უბრალოდ დოკუმენტაციის განხილვაზე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატად დასახლებაზე. მე არ ვარ გადაჭარბებული აჟიოტაჟის მომხრე, რომელიც ხშირად იქმნება ხოლმე ჩვენს სოციუმში და არც პოპულისტური განცხადებების მომხრე ვარ. დიდი მოლოდინი, ამ ეტაპზე, არ უნდა გვქონდეს, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები დასავლეთისკენ, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია და „ფიგაროს“ გამოკითხვაც რომ დადებით კონტექსტშია წარმოდგენილი, ესეც კარგია“, – ამბობს ზაზა ცოტნიაშვილი.
უბიძგებს თუ არა საქართველო თავის თავს იზოლაციისკენ სიფრთხილის
პოლიტიკით?
„პოლიტიკური ინტერესები არის ყველგან. ბუნებრივია, შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ხშირად ხდება მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელება. ეს, ცხადია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე გავლენას ახდენს. მე არ ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ საქართველო, ამ ეტაპზე, თავს იკავებს ევროპასთან ინტეგრაციაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ – როგორ სწრაფად იქნა მომზადებული და შეტანილი დოკუმენტაცია საქართველოს მიერ.
ვფიქრობ, ზემოთ ნახსენები გამოკითხვა დადებით კონტექსტში უნდა დასრულდეს და ეს იქნება მნიშვნელოვანი იმის გამო, რომ ევროპულმა საზოგადოებამ მიიღოს უკრაინული, ქართული და მოლდავური მისწრაფება“, – აღნიშნავს კონფლიქტოლოგი.