აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ევროპის საკითხებში ყოფილი ხელმძღვანელი, ფიონა ჰილი უკვე წლებია პუტინის პიროვნებას სწავლობს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, ასევე, პუტინისა და შესაძლო ბირთვული ომის შესახებ მიმდინარე ცხარე დისკუსიების ფონზე, ჰილი ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოს“ ესაუბრა. „პოლიტიკოსთან“ საუბრისას ჰილმა განაცხადა, რომ ჩვენ უკვე ვართ მესამე მსოფლიო ომის მომსწრენი, მიუხედავად იმისა, ვაღიარებთ ამას თუ არა.
„სამწუხაროდ იმ ისტორიულ შეცდომებს ვიმეორებთ, რომლებზეც ვთქვით, რომ აღარასდროს გავიმეორებდით“, — ამბობს ჰილი.
ეს შეცდომები, ჰილის აზრით, იმ დასავლურ ბიზნესებს მოიცავს, რომლებიც ვერ ხვდებიან — თუ როგორ უწყობენ ხელს ტირანის საომარი რესურსების შევსებას. იგი ასევე ახსენებს პუტინის მომხრეებს, რომლებიც ავტოკრატის „სიძლიერით“ არიან აღფრთოვანებულები და პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხისმგებლობას თავს არიდებენ, იმის მაგივრად, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის გაერთიანდნენ.
„უკრაინა არა მხოლოდ დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის, არამედ წესებზე დაფუძნებული სისტემის შენარჩუნებისთვის მიმდინარე ბრძოლის ფრონტად იქცა, იმ სისტემის, რომელშიც ქვეყნებს ძალით არ ართმევენ იმას, რაც მათ უნდათ. არიან ქვეყნები, მაგალითად, ჩინეთი, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთის ეს ქმედებები დასაშვებია. თუმცა, საერთო ჯამში, ქვეყნების უმრავლესობამ ამჟამინდელი საერთაშორისო სისტემის მეშვეობით სარგებელი ნახა — იქნება ეს ვაჭრობის და ეკონომიკური ზრდის კუთხით სარგებელი ინვესტიციებისგან თუ შეკავშირებული გლობალიზებული სამყაროსგან. მიმდინარე მოვლენები კი, საბოლოო ჯამში, ამ სისტემის დასასრულია. აი, რა გააკეთა რუსეთმა“, — ამბობს ჰილი „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.
ფიონი ჰილს მიაჩნია, რომ ბოლო დროს პუტინი თავის გამოსვლებში უჩვეულოდ ემოციურია, ხოლო მისი ეს მდგომარეობა იმის ნიშანია, რომ სულ უფრო მეტი შანსია — რუსეთის პრეზიდენტმა მართლაც გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბირთვული იარაღი.
ჰილი აცხადებს, რომ პუტინის ქმედებები გეგმას მიჰყვება. ამ გეგმის განხორციელება კი პუტინმა 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს დამატებით გაფართოებას არ დაუშვებდა. ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ ნატომ უკრაინასა და საქართველოს საკუთარი კარები გაუღო. 2008 წელს გამართულ ბუქარესტის სამიტზე პირველად გახმაურდა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდებოდა, 4 თვის შემდეგ კი რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
ჰილი აცხადებს, რომ პუტინის „დიადი მიზანი“ რუსეთის გავლენის აღდგენაა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი საკუთარი „იმპერიის“ ნაწილად თვლის. ჰილი აზუსტებს, რომ პუტინის წარმოსახვაში არსებული გავლენის სფერო მხოლოდ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებით არ შემოიფარგლება.
„პუტინმა უკვე გაახმოვანა „რუსული მსოფლიოს“ იდეა. ბოლო პერიოდში გამოაქვეყნა ეს უკრაინასა და რუსეთის შესახებ, სადაც წერს, რომ უკრაინელები და რუსები „ერთი ხალხია“… ის იმეორებს, რომ რუსეთის და ევროპის საზღვრები ბევრჯერ შეცვლილა და მის მიმართვებში ბევრ რუს და საბჭოთა ლიდერს აკრიტიკებს, მათ შორის, ლენინს და კომუნისტებს, რადგან, მისი აზრით, მათ რუსული იმპერია გახლიჩეს, რევოლუციების ხარჯზე დაკარგეს რუსული მიწები და, მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა მათი ნაწილი დაიბრუნა (მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინის ნაწილი), სსრკ-ს დაშლასთან ერთად ეს მიწები ისევ დაიკარგა. პუტინის შეხედულებაა, რომ საზღვრები იცვლება. ასე რომ, რუსული იმპერიის საზღვრები მოსკოვისთვის ჯერ კიდევ ღიაა“, — აცხადებს ჰილი.
თუმცა, ამერიკელი ექსპერტის აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ყველა იმ ქვეყნის ანექსიას გეგმავს, რომელიც ოდესღაც რუსეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იყო. მისი თქმით, პუტინი ამ ქვეყნებში საკუთარი გავლენის აღდგენას სხვა მეთოდებითაც შეძლებს.
„შეგიძლია ქვეყანა შენი გავლენის ქვეშ მისი იზოლირებით მოაქციო — უზრუნველყო, რომ მათი ლიდერები მოსკოვზე იყვნენ დამოკიდებულნი მათი მოსკოვიდან დანიშვნით, არჩევნების გაყალბებით, ან მათი რუსულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ და უსაფრთხოების ქსელებში გაბმით. ამას ვხედავთ ყოფილ საბჭოთა სივრცეში“
როგორც ჰილი აცხადებს, უკრაინა ის ქვეყანაა, რომელმაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთისგან განსხვავებით, რუსეთის გავლენისგან თავის დაღწევა მოახერხა.
„ახლა პუტინი იძახის, რომ უკრაინა უკრაინელებს არ ეკუთვნის, უკრაინა მას და წარსულს ეკუთვნის. ის უკრაინას რუკიდან წაშლის, რადგან მისი ადგილი „რუსული მსოფლიოს“ რუკაზე არ არის. მან ეს უკვე გვითხრა… მოკლედ რომ ვთქვათ, თუ პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს, უკრაინა აღარ იარსებებს იმ ფორმით, როგორითაც ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებობდა“, — აცხადებს ჰილი „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.
ფიონა ჰილი აღნიშნავს, რომ რუსეთმა შეიძლება მთლიანი უკრაინა დაიკავოს, თუმცა მისი მიზანი უკრაინის დანაწევრებაა და არა მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება.
„მან შეხედა ავღანეთს, ერაყს, ლიბიას და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ოფიციალურად აღიარებულ ძალებსა და მეამბოხეებს შორის არიან გახლეჩილები. პუტინი ამით კმაყოფილი იქნებოდა — დაყოფილი, დანაწევრებული უკრაინა, რომლის სხვადასხვა ტერიტორიები სხვადასხვა პატარა სახელმწიფოებია“, — აცხადებს ჰილი.
რუსეთში 2024 წლისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და
სავარაუდო პროგნოზი
ჰილის თქმით, ასევე გასათვალისწინებელია პუტინის პირადი გეგმები, კერძოდ, რუსეთში 2024 წლისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც ჰილი აცხადებს, რუსეთში ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის არსებობის ილუზია არავის აქვს, თუმცა პუტინს მაინც სურს, რომ საკუთარი პოპულარობის დამაჯერებელი დემონსტრირება მოახდინოს. ასეთი პოლიტიკური კლიმატის ფონზე, ჰილის თქმით, რუსეთში აპათიური განწყობა სუფევს. ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ ბევრი პუტინს მხარს იმიტომ უჭერს, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს, ხოლო ის ვინც პუტინს არ ემხრობა, სავარაუდოდ, არჩევნებზეც არ წავა.
ჰილი აღნიშნავს, რომ ბოლოს პუტინის გავლენა შედარებით სუსტი ყირიმის ანექსიამდე იყო, ანექსიის შემდეგ კი მისი რეიტინგი ისევ გაიზარდა. ჰილი აცხადებს, რომ პუტინის, როგორც პრეზიდენტის, პერსონა მის ხისტ, ძლიერ პიროვნებას ეფუძნება, რომელიც ქვეყანას იცავს — ამიტომ სჭირდება ის რუსეთს. „თუ ყველაფერი მშვიდობიანად და უხმაუროდ განვითარდა, მაშინ რაში გჭირდება ვლადიმერ პუტინი?“ — ამბობს ჰილი.
გარდა ამისა, ჰილი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ვლადიმერ პუტინს 2022 წლის ოქტომბერში 70 წელი შეუსრულდება, რაც რუსული პოლიტიკური სივრცისთვის უკვე დიდი ასაკია.
„შეიძლება მას იმის განცდა აქვს, რომ დრო იწურება — 22 წელია ამ თანამდებობას იკავებს და ასეთი ტიპის ლიდერის ნებით ან არჩევნების მეშვეობით წასვლის შანსები საკმაოდ დაბალია. ასეთი ლიდერები ან ისე მიდიან, როგორც ლუკაშენკოს ეგონა, რომ წავიდოდა — მასობრივი პროტესტის შედეგად, ანდა საკუთარ კაბინეტებში კვდებიან“, — ამბობს ჰილი.
თავი არ უნდა მოვიტყუოთ — თითქოს ახლა მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ,
როცა ეს ომი უკვე დაწყებულია
ჰილის თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო გაამწვავა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ალიანსმა ვერ მოახერხა შეემუშავებინა თანდმიმდევრული სტრატეგია რუსეთის მხრიდან მომავალი რისკების ნეიტრალიზებისთვის. ახლა კი, ჰილის თქმით, ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომის მომსწრენი ვრთ.
„პუტინმა გარკვევით განაცხადა, რომ თუ ამ ომში ვინმე ჩაერთვება, ისინი ისეთ პასუხს მიიღებენ, რომელიც ისტორიას ჯერ არ უნახავს. ამასთანავე, მან რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალები სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაიყვანა. ამით ის ხაზს უსვამს, რომ ბირთვულ არჩევანს განიხილავს… ეს პუტინის მახასიათებელია — თუ მას ინსტრუმენტი აქვს, მას უნდა, რომ ის გამოიყენოს. რატომ გაქვს, თუ ვერ გამოიყენებ? მან, გარკვეულწილად, უკვე გამოიყენა ბირთვული იარაღი“, — აცხადებს ჰილი და მაგალითად ალექსანდრ ლიტვინენკოს რადიოაქტიური იზოტოპით მოწამლვის ინციდენტი მოჰყავს.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი არ გამოიყენებს იმას, რაც აქვს, რადგან ეს უჩვეულო და ბოროტი საქციელი იქნებოდა, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ — „ის ამას არ იზამს, არა?“, დიახ, იზამს, და რა თქმა უნდა, მას უნდა, რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ“, — აცხადებს, ჰილი.
ფიონა ჰილის თქმით, თავი არ უნდა მოვიტყუოთ — თითქოს ახლა მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ, როცა ეს ომი უკვე დაწყებულია.