„კანონპროექტი ითვალისწინებს იარაღის ტარების უფლების დაბრუნებას იმ პირებისთვის, ვისაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად ერთხელ უკვე ჰქონდათ ასეთი უფლება, თუმცა სამსახურიდან წასვლის შემდეგ ეს უფლება დაკარგეს“, — განაცხადა „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.
კანონპროექტის მიხედვით, იარაღის ტარების უფლება მიენიჭება: ყოფილ პოლიციელებს, დაცვის სამსახურის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს.
„ბოლო პერიოდში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ყველას გვესმის, რა საფრთხის წინაშე არის მთელი მსოფლიო. ამ დროისთვის საქართველოს მთავრობას არ აქვს არც ბრძოლის გეგმა და არც — გაქცევის. ჩვენ მიგვაჩნია აუცილებლად, რომ ადამიანებს მინიმუმ მივცეთ თავდაცვის საშუალება, რომ თვითონ როგორც წარმოუდგენიათ თავის დაცვა, ისე მოემზადონ, ამისკენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები. უკრაინის წარმატება თუ რამეში მდგომარეობს, არის ის, რომ მან რუს ჯარისკაცებში რწმენა გააჩინა, რომ ყველა უკრაინელი შეიარაღებულია“, -აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ მტერთან ომის პერიოდში მთავარი ძალა რეალურად ჩვეულებრივი ხალხი უნდა იყოს და არა — ჩვენი სამხედრო შეიარაღება. წყარო: საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი.