„ამ ოჯახში ერთმანეთისთვის ხელი არასდროს არავის შეუშლია!“
დღევანდელი ამბავი ერთი ნიუანსით მსურს დავიწყო. ფაქტია, რომ კინოშედევრებისთვის შექმნილი კარგი მუსიკა იმთავითვე დაგამახსოვრებს თავს და მერე, რა დროც უნდა გავიდეს, ერთ დროს ნანახსა და განცდილს შენგან დამოუკიდებლად შეგახსნებს. მუსიკას აქვს ძალა — დროში გამოგზაუროს, მაგრამ თუ ადამიანს სათანადო ნიჭი არ დაჰყოლია, ვერაფრით ააყოლებს ხმას მეხსიერებაში მიგნებულ კინო-კადრებს. მაგრამ, ქართულმა კინომ ერთი ისეთი მელოდია შემოგვინახა, რომელსაც ყველა ღიღინებს. ისიც კი ღიღინებს, ვისაც არც სმენა აქვს და არც ხმა. მთავარია ის ერთადერთი სიტყვა მისწვდეს თვალს ან ყურს, რომლის მაგიასაც ლეთეს ტალღა არ ემუქრება, რადგან ამ სიტყვასთან ასოცირებული ბუბუნა ხმა ათწლეულები ემსახურა ოჯახს, საქმეს, ქვეყანას და ამ ყველაფრით მომავალს, ცხადია.
„მე უნდა ვიყო, იცით, როგორი? მაღალხმიანი ფორტეპიანი…“
ქერაკულულებიან ლამაზ გოგონას დედა სულ იმას ეუბნებოდა, მთავარი წიგნია და განათლებაო. სრულყოფილების გზაზე ლექსადაც კი გამოუკვანძა მომავალი, რომელსაც ხშირად იმეორებდა, თურმე, პატარა ინეზა — „მე უნდა ვიყო, იცით, როგორი? მაღალხმიანი ფორტეპიანი…“ — და ამ „ფორტეპიანო“ გარემოში საერთოდაც აღარ რჩებოდა ადგილი დიასახლისობისთვის. წლების შემდეგ, ბრწყინვალე კულინარების ოჯახში მოხვედრილს იმედგაცრუება არ ეწერა, რადგან ახალგაზრდა, ლამაზი და ჭკვიანი მეუღლით ბედნიერი გუჯა ბურდული თავად გახდა ქერაკულულებიანი ჭკვიანი გოგონას მასწავლებელი სამზარეულოში. ერთიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედა ქიმიკოსი ჰყავდა და შვილებსაც მეცნიერებაში ხედავდა, ინეზამ მსახიობობა ამჯობინა. ჰო და, დედამთილსაც პატარძლის პროფესია რომ ესირცხვილებოდა, გამოსავალი უპოვია — რძალი ისტორიკოსი მყავსო, — მეზობლებში ამბობდა, თურმე.
ინეზა აბესაძე მართლაც იქცა ბურდულების ოჯახის ისტორიკოსად, რადგან ამ სიფრიფანა, მაგრამ ძლიერი ქალბატონის მზრუნველობისა და ყურადღების გარეშე ერთ დღესაც კი არ ჩაუვლია მათ კედლებში.
„გავლახო — არ გავლახო?!“
1953 წელია. 12 წლის გუჯა ბურდულს ბულგარეთში პიონერთა შეკრებაზე წასაყვანად შეარჩევენ. ეს ის პერიოდია, როცა უცხოეთში გასვლა დიპლომატებსაც კი ლიმიტირებული აქვთ, არა თუ ბავშვებს. ცელქობასა და დაუდგრომლობაში შემჩნეული გუჯა მკაცრადაა გაფრთხილებული, რომ ჭკვიანად მოიქცეს. გამგზავრებამდე მოსკოვში ჩავიდნენ. სადილად აზერბაიჯანელი ბიჭი მიუსვეს გვერდით, რომელსაც საუბარში მკვახე ინტონაცია შენიშნა. „გავლახო — არ გავლახო“? — დილემის წინაშე დადგა და გამოსავალიც წამში მოძებნა. მაგიდიდან მდოგვი აიღო და აბეზარს ნესტოში გამოუსვა. თბილისში დარეკეს. ბულგარეთში გასამგზავრებელი ბავშვების სიიდან ამოიღეს, მაგრამ ნათელა ვასაძესთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს. „ეს ხომ ბავშვური ხუმრობაა. გუჯას დატოვებით ბევრ რამეს დაკარგავთ“, — უთქვამს ქალბატონ ნათელას და არც უსაფუძვლოდ. ცეკვავდა, მღეროდა, სპორტულ აქტივობებში ტოლს არავის უდებდა და როგორც ათწლეულების შემდეგ გაიხსენებს, ბულგარეთიდან ყველა სიგელი მას წამოუღია. იმ ამბავსაც ღიმილითა და სიამაყით გაგვიზიარებს, საზღვარზე ჩოხასთან ერთად ხანჯალს რომ არ ატანდნენ, გამოსავალი კი ხანჯლის პირის ქარქაშზე მიდუღებაში იპოვეს. რამდენიმე დღეში ბულგარელები ოვაციას არ დაიშურებენ სცენაზე ვერცხლისწყალივით მოცეკვავე ქართველი ბიჭისთვის, რომელსაც ხანჯალი „გაეთავისუფლებინა“ და უცხოელ მაყურებელს ქართული ცეკვის ცეცხლოვანი ილეთებით ხიბლავდა.
„ჩვენზე გენმა დაისვენა!“
..ჩვენზე გენმა დაისვენა“ — იხუმრებს მაია ბურდული და ლადოს გადახედავს, რომელსაც ცისფერი თვალები მამისგან ერგო, ქერა თმა — დედისგან. ერთადერთი, რითიც ჩემს დედიკოს ვგავარ, ხელის გულია, ხელის გულზე ორივეს ხალი გვაქვსო. აი, ნიჭი კი სამივეს სრულად ერგო დედისგანაც და მამისგანაც.
წესრიგი, ტრადიციების ერთგულება, ერთმანეთის პატივისცემა და ერთობის განცდა დათმენასა თუ სიხარულში — ეს იყო ის ყველაფერი, რისთვისაც ბურდულებს არასოდეს უღალატიათ. ლადო თვლის, რომ მშობლებმა ფუნდამენტშივე ჯანსაღი მარცვალი ჩადეს და სწორედ ამით ასწავლეს შვილებს თავისუფლება. ამ თავისუფლების საზღვრებს ბიჭებისთვის მამის დამაჯერებლი საუბრის ხმა ჰქონდა, მაიასთვის კი — მამის ღირსებით სავსე, უსიტყვო მზერის ძალა. როცა შვილები ახალი ტერიტორიების, ახალი შთაბეჭდილებების, ახალი შეგრძნებების, ახალი ცოდნის მიღების აუცილებლობის პირისპირ აღმოჩდნენ, საყრდენად ისევ მამა დაიგულეს, რომელსაც მათ ასაკში არც თავად აკლდა მეამბოხეობა.
საქართველოში ყინული არ იყო და მამა ჰოკეისტი იყო — ამაზე მეტი რევოლუციონერობა ვერ წარმომიდგენიაო, — იხუმრებს მაია ბურდული.
„საუკეთესო ბანდიტი ვიყავი…“
ახალგაზრდობაში, თუკი სადმე ბანდიტის როლი იყო შესასრულებელი, ყველას გუჯა ბურდულს სთავაზობდნენ. ფილმების ავტორები ერთმანეთს ეცილებოდნენ, თურმე. ისიც ისეთი ენთუზიაზმით და მონდომებით ქმნიდა ამ გალერეას, რომ მალე რეჟისორებზე უპირატესობაც კი მოიპოვა. ერთხელ ტაჯიკი რეჟისორისთვის უთქვამს: — მე შენთვის საუკეთესო ბანდიტს განვასახიერებ, შენ კი ჩემი მკვლელის არჩევის უფლება მომეციო. დათანხმებულა. მეორე დილით უჩვეულო ფორიაქი ამტყდარა. გუჯას კი შეუნიშნავს, მაგრამ არაფრად ჩაუგდია. სამუშაო პროცესად მიუჩნევია. თურმე, ხუთი წითელარმიელი გუჯას მკვლელობის უპირატესობისთვის, ძღვენით ხელში, ატუზულა რეჟისორის კართან. პირობა პირობა იყო და იმ ფილმში გუჯა ბურდული, გუჯა ბურდულის გადაწყვეტილებითვე, გოგოს ხელით მოკლეს.
„ალალი გულით ნაკეთები ფილმი!“
„ბეღურების გადაფრენა ჩემი ცხოვრების ზღაპრული სიამოვნება იყო. ვერც დავივიწყებ და არც არის დასავიწყებელი… მანამდე თემურ ბაბლუანს შორიდან ვიცნობდი. ეს ჩვენი პირველი ნამუშევარი იყო. ფილმზე მუშაობისას ისე კარგად გავიცანი და ისე შემაყვარა თავი, რომ ვერ ვთმობ ვეღარაფერში. არ უშვებდნენ ამ ფილმს, რადგან იქ არც კომკავშირი იყო, არც პიონერი, მთავარი გმირიც სულ მუშტიკრივით დადიოდა…
ეს საოცრება იყო! ეს იყო ალალი გულით ნაკეთები ფილმი!“
2022 წლის 1 აპრილი მსახიობ ელგუჯა ბურდულის პირველი დაბადების დღეა მის გარეშე. ცხადია, ეს მოგონება მხოლოდ ფრაგმენტია იმ ზღვა ისტორიისა, რაც ბურდულების ოჯახის თითოეულ წევრს მიემართება. მაგრამ ეს არის ამონარიდები მათი სტუმრობის ამსახველი იმ რადიო-გადაცემიდან, რომელიც საქართველოს რადიოს ეთერში 2015 წლის 19 ოქტომბერს გავიდა. მაშინ მხოლოდ ბაკური გვაკლდა. ისიც იმიტომ, რომ წინა ღამით მნიშვნელოვანი კონცერტი ჰქონდა.
თქვენ თუ მღერით-მეთქი, ქალბატონ ინეზას ვკითხე და მიპასუხა: — ამდენ გენიოსში მე რა უფლება მაქვს, ვიმღეროო? არა და, სიმღერა მგონია ის პატარა ბიჭი, რომელიც ბაბუს სახელს ატარებს და რომელიც ერთადერთია, ვისაც გუჯა ბურდულის სიცოცხლეში მისივე იარაღის კოლექციასთან მიახლოების და თამაშის უფლება ჰქონდა.
მჯერა, რომ პატარა გუჯა თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად ამაყად გაუყვება ბაბუის გაკვალულ გზას, რადგან კვალში ის ბუბუნა ხმა ჩაუდგება, ამბის დასაწყისში რომ მიგანიშნეთ.