დღეს, როდესაც ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება, ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი თვლის, რომ ეს უკვე აღარ არის სიფრთხილე და რომ ეს მონობა და სირცხვილია. მეორეს მხრივ, რადიკალური ოპოზიციის მკვეთრად აგრესიულ ანტირუსულ პერფორმანსებს იმ საშიშ პროვოკაციად აღიქვამს საზოგადოების ნაწილი, რაზეც რუსეთმა შეიძლება რეაქცია მისცეს. ამ გამოხატულ პოზიციებზე კომენტარი ვთხოვეთ „გირჩი“-ს ერთ-ერთ ლიდერს იაგო ხვიჩიას.
„როგორც ოპოზიციის მხრიდან არის ზედმეტი იმის ყვირილი, რომ ჩვენ სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს, ასევე ხელისუფლების მხრიდანაა არაადეკვატურობა გადაჭრით იმის თქმა, რომ არანაირ სანქციებს არ შეუერთდება. ჩემი აზრით, ჩვენ, მინიმუმ, ამ თემაზე ახლა უნდა ვფიქრობდეთ! — ეს იქნებოდა ყველაზე ადეკვატური პოზიცია გამომდინარე იქიდან, რომ საერთოდ არ ვიცით — რა მოხდება უკრაინაში, ან, საერთოდ, დასავლეთში და რა განვითარება მოჰყვება ამ ყოველივეს. ახლა მხოლოდ დაკვირვებისა და დაფიქრების დროა!“ — აცხადებს პოლიტიკური პარტია „გირჩი“-ს ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
რა მაგალითი უნდა აიღოს საქართველომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, როცა სახეზეა ევროპის ნაკლები ქმედუნარიანობა — დაიცვას უკრაინა? — ამ კითხვას იაგო ხვიჩია ასე პასუხობს: „ხელისუფლებისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ არავინ არის დაზღვეული მსგავსი ტიპის აგრესიისგან და ამიტომ ადამიანებს თავდაცვის საშუალება უნდა მივცეთ — გაქცევის საშუალებაც, ვისაც უნდა, მაგრამ თავდაცვის საშუალებაც… ის, რაც ახლა გააკეთა უკრაინამ და ზელენსკიმ, რომ თითქმის ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იარაღს ურიგებენ, ჩვენც უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ თვალსაზრისით. ყველა მოქალაქეს, ვისაც ეს უნდა, უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების შესაძლებლობა, რომ ჩვენც დავუბრუნდეთ ტრადიციებს. შვილებს იარაღთან ურთიერთობა უნდა ვასწავლოთ. მე არ მჯერა, რომ რუსეთის 200 ათასიანი ჯარი სამმილიონიან თუ ხუთმილიონიან კიევს დაიპყრობს, თუ მას ეცოდინება, რომ იქ მოქალაქეები დაბადებიდან სწავლობენ თავდაცვას. ცხადია, არავის იმედად ყოფნა არ შეიძლება საკუთარი თავის გარდა. თუ თბილისის მილიონნახევრიან მოსახლეობას იარაღის ხმარებასაც ასწავლიან, მტერს არ მოუნდება ასე მარტივად შემოსეირნება ქვეყანაში; ეცოდინება, რომ დაღამდება და ერთ კვარტალს რუსის 5 ჯარისკაცი ვერ დაიცავს, რადგან მთელი კვარტალი შეიარაღებულია. თუ არჩევანია მონობასა და გაქცევას შორის, მაშინ გაქცევა სჯობს. მაგრამ გაქცევა, რომ არ მოგვიწიოს, ბრძოლის უნარი უნდა გვქონდეს“, — აღნიშნავს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი.
საფრთხე რეალურია, უნდა შევრიგდეთ
როგორ აფასებს იაგო ხვიჩია პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას საპარლამენტო სხდომის ჩატარების გაუქმებაზე? საპარლამენტო ტრიბუნიდან რა სათქმელი ჰქონდათ მათ საზოგადოებისთვის? — ამ კითხვაზე იაგო ხვიჩია გვპასუხობს: „ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ საფრთხე რეალურია, რომ ყველანი ვხედავთ — სამყარო არ არის მზად იმისთვის, რომ დაიცვას უკრაინა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ამიტომ, ჩვენ გავითვალისწინოთ ეს გამოცდილება, მივხედოთ საკუთარ თავს და შევრიგდეთ! ხომ ხედავთ — დაყოფილია საზოგადოება ქოცებად და ნაცებად. მურვან ყრუ რომ მოდიოდეს საქართველოს დასაპყრობად და ორი ფეოდალი ერთმანეთს ებრძოდეს, ხომ გასაგებია, რომ ისინი უნდა შერიგდნენ და მურვან ყრუს წინააღმდეგ ერთად იბრძოლონ. მოცემულ შემთხვევაში ეს არის გასაკეთებელი“.
მოამზადა მარიამ მებონიამ