უკრაინასა და საქართველოში სამხედრო ინტერვენციის აუცილებლობაში რუსი ხალხის დასარწმუნებლად კრემლმა საინფორმაციო პროპაგანდა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის რესურს–ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი „россия 1“, „первый канал“ და „нтв“ არხების რაოდენობრივ და თვისებრივ ანალიზს გასული წლის სექტემბრიდან აწარმოებს.
დომინირებდა ინფორმაცია, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, საქართველოშია
გამოყვანილი და მათ ტერიტორიაზე აქედან გავრცელდა
„პირველივე შუალედურ ანგარიშებში, რომლებიც უკვე ეყრდნობოდა რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებს, გამოჩნდა, რომ კრემლი უკრაინასა და საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა. ის ამზადებდა საკუთარ აუდიტორიას, ამ შემთხვევაში რუსეთში მყოფ მოქალაქეებს, რომ ამ ქვეყნებიდან სამხედრო და ბიოლოგიური საფრთხე მომდინარეობდა. საქართველოს განსაკუთრებით აქტიურად ბიოლოგიური საფრთხის კონტექსტში აშუქებდნენ. წარმოიდგინეთ, რუსეთში კოვიდპანდემიის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაცია იყო — მზარდი სიკვდილიანობა, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა — ამ ამბებსაც აშუქებდნენ საქართველოს კონტექსტში. დომინირებდა ინფორმაცია, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, საქართველოშია გამოყვანილი და მათ ტერიტორიაზე აქედან გავრცელდა.
საინფორმაციო რეპორტაჟებში, სადისკუსიო მსჯელობების ნაწილში იყო მინიშნებები, რომ შესაძლოა სხვა ტიპის ლაბორატორიებიც მოქმედებდა და ამ შემთხვევაში უკვე სახელდებოდა უკრაინის კონტექსტი. აცხადებდნენ, თითქოს იქ ვერ აკონტროლებდნენ სიტუაციას და არ ჰქონდათ მონაცემები, თუ რა უყო უკრაინამ ძველ ლაბორატორიებს, რომლებიც საბჭოთა დროიდან მის ტერიტორიაზე დარჩა. ეს იყო ძირითადი გზავნილები, რომლებსაც ისინი ბიოლოგიური საფრთხის კონტექსტში ყოველდღიურად აწვდიდნენ თავიანთ აუდიტორიას,“ — განმარტავს ნათია კუპრაშვილი.
საქართველო და უკრაინა იყო კოლექტიური დასავლეთის განსახიერება
რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიები უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციას ე.წ. პრაიმ ტაიმის პერიოდში — საღამოს 7 საათის შემდეგ — ავრცელებდნენ.
„სამივე არხზე საქართველოზე უარყოფით კონტექსტში საუბარს 400 წუთი დაეთმო. 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს კვლევამ საშუალება მოგვცა გამოგვეტანა დასკვნა, რომ რუსეთი მოსახლეობას საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ინტერვენციისთვის ამზადებდა, რადგან მას თავდასხმის განხორციელებისთვის სჭირდება საზოგადოების მოტივაცია. წარმოიდგინეთ, რუსული მედიები საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამებში საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თითქმის არასდროს არ საუბრობდნენ. ისინი საუბრობდნენ უკრაინასა და საქართველოზე, კოლექტიურ დასავლეთზე, ანუ საქართველო და უკრაინა იყო კოლექტიური დასავლეთის განსახიერება.
ბოლო პერიოდში, გარკვეულწილად, ოდნავ შემცირდა საქართველოს მოხსენიება, გაძლიერდა უკრაინის, მაგრამ ძირითადი კონტექსტი არ შეცვლილა, ეს უკვე გვიჩვენებდა, რომ უკრაინაზე ხდებოდა თავდასხმის მომზადება. მოსალოდნელ რუსეთის საომარ ინტერვენციას უკრაინაში უკვე სხვა ტიპის ინფორმაციაც ადასტურებდა,“ — აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
კუპრაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში თავისუფალი ჟურნალისტები და ბლოგერები სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერნეტ-სივრცეს იყენებენ, იმდენად დიდია კრემლის პროპაგანდისტული ინფორმაცია, რომ რუს მოსახლეობას სიმართლის პოვნა უძნელდება.
„რუსეთი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგაც ეწევა ინფორმაციულ დივერსიას. ამას სოციალური ქსელების და ონლაინ გვერდების არსებობა, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს არის დამოკიდებული თვითონ ადამიანის მონდომებაზე — მიაგნოს ამგვარ ინფორმაციას. ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მეტად საინფორმაციო ომის კუთხით, რუსეთის ტერიტორიაზე, უშუალოდ, თუკი რამე აფერხებს რუსულ პროპაგანდას, ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ რუსეთის მოქალაქეები. ეს არის მათი ანგარიშების შეზღუდვა, გარდაცვლილი რუსი სამხედროები, იმდენად დიდია მათი რაოდენობა, რომ ვერ დამალავენ. ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ დამნაშავე ხელისუფლებასთან აქვთ საქმე, ჯერ-ჯერობით, უმცირესობაში არიან, თუმცა მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდება“, — ამბობს მედიასივრცის მკვლევარი.
ჩვენს ქვეყანაში არაერთი პირატული ანტენა გავრცელდა და ეს საკითხიც
მოსაწესრიგებელია
კრემლის პროპაგანდისტულ მედიებს მაყურებელი საქართველოშიც ჰყავს და მონაცვლეობით, ქვეყანაში მაუწყებელი საინფორმაციო არხების რეიტინგის პირველ ათეულში ან თხუთმეტეულში შედიან. კუპრაშვილის ინფორმაციით, მათი გავლენა განსაკუთრებით მაღალია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ზონებზე.
„ახლა ვიმყოფებით ომის ე.წ. თხელი ფაზის მდგომარეობაში და ამ ვითარებაში ევროკავშირის იმ ქვეყნებმა, რომლებიც აქამდე სკეპტიკურად უყურებდნენ არხების დაბლოკვას, გადადგეს ეს ნაბიჯი. ამის გაზიარება, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნისთვის, რომლის 20% არის ოკუპირებული, მნიშვნელოვანია. აქ მოქმედებს „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ტიპის შეზღუდვებს. თუმცა, პრაქტიკაში უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს არა იმდენად საკანონმდებლო ბლოკირებას, რამდენადაც პასუხისმგებლობას კომპანიების მხრიდან, რომ მსხვილმა ოპერატორებმა აიღონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავად ჩახსნან პაკეტებიდან კრემლის მაუწყებლები — ეს არის სწორი მიდგომა.
თანამგზავრულ მაუწყებლობას ეს ვერ უშველის, სამწუხაროდ, რადგან ჩვენს ქვეყანაში არაერთი პირატული ანტენა გავრცელდა და ეს საკითხიც მოსაწესრიგებელია. ჩვენ მოგვიწევს ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკაზე გავაგრძელოთ მუშაობა. უპირველესად, ამის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს.
რაც შეეხება შიგნით მაუწყებელ არხებს, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთიდან, ეს არხები ჩემთვის არ განიხილება, როგორც მედია საშუალებები, მაგალითად, „ალტ-ინფო“ და მათი პარტიული ჯგუფი პირდაპირ არის დაკავშირებული 5-6 ივლისის მოვლენებთან, მოგვიანებით ჟურნალისტებზე ძალადობის და მუქარის შემთხვევებთან, ამიტომ ეს წმინდა პროკურატურის საქმეა“, — აცხადებს ნათია კუპრაშვილი.