საზოგადოების ნაწილის მხრიდან პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის დიდი რაოდენობის შეძენას საზოგადოების ნაწილის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. აგრესიული და ცინიკური განცხადებები სოციალურ ქსელში გავრცელდა და ერთგვარი მასობრივი ბულინგის ხასიათი მიიღო. ამ პროცესის საფუძვლების შესახებ თსუ–ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი ლადო გამსახურდია გვესაუბრება.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რით აიხსნება იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტებს დიდი რაოდენობით ყიდულობენ, ბაზარზე ამავე პროდუქტების მოსალოდნელი შესაძლო დეფიციტის შემთხვევაში?
ლადო გამსახურდია: ზოგადად, ადამიანებს ამოძრავებთ როგორც ბაზისური ინსტინქტები, ისე მაღალი დონის ფსიქიკური მოთხოვნილებები. თუმცა, ნებისმიერი პირი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს შეიქმნას უსაფრთხო გარემო და დაიკმაყოფილოს აუცილებელი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და ამ მიზნების მისაღწევად, მათ შორის ისინი ცდილობენ საკვების მოპოვება/მომარაგებასაც. და, ეს სრულიად ბუნებრივია. ასევე, ადამიანები მუდმივად მომავალზე არიან ორიენტირებული და ცდილობენ განჭვრიტონ — თუ რა იქნება ხვალ. რაც უფრო უსაფრთხო, მკაფიო და იოლად განჭვრეტადია მოვლენების განვითარება, მით უფრო მშვიდად და რაციონალურად მოქმედებენ ადამიანები. შესაბამისად, ნორმალურ ვითარებაში ადამიანები, ძირითადად, ყიდულობენ იმდენ პროდუქტს, რაც მათ მიმდინარე საჭიროებებს აკმაყოფილებს, რადგან ამ დროს მომავლის გამო შფოთი ნაკლებია და იციან, რომ ახლო მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, თავისუფლად შეიძენენ იმავე პროდუქტს.
ნეგატიური ხმების ვირუსულმა გავრცელებამ გამოიწვია პანიკა, იმ ფონზე, რომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია წინასწარ არ იყო გავრცელებული
ინფორმაციის სიმწირის პირობებში, წარმოქმნილი გაურკვევლობის პირობებში იზრდება შფოთის დონე, რასაც ირაციონალური მოქმედებებიც შესაძლოა მოჰყვეს.
უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ქვეყანაში, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული ომის ფონზე, ბუნებრივია, გამძაფრდა გაურკვევლობა მომავალთან დაკავშირებით, გაიზარდა როგორც საფრთხის შეგრძნება, ისე გარკვეული პროდუქტების მომარაგების შესახებ არსებული შფოთვა. როგორც ჩანს, ამას თან დაერთო გარკვეული ჭორებისა და ხმების გავრცელება მარაგების შესაძლო ამოწურვის და პროდუქტების გაძვირების შესახებ. ამგვარი ნეგატიური ხმების ვირუსულმა გავრცელებამ გამოიწვია პანიკა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია წინასწარ არ იყო გავრცელებული ამ თემაზე და ხალხის დიდ ნაწილს არ ჰქონდა რაიმე დასაყრდენი ორიენტაციისათვის. ადამიანებს კი არ აქვთ სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაეყრდნონ იმ ინფორმაციას, რაც მათთვის ხელმისაწვდომია, ანუ გავრცელებულ ხმებს, რადგან რიგითი მოქალაქე ეკონომიკური სტატისტიკის ბაზაში ინფორმაციის მოძებნის მხრივ იშვიათადაა გაწაფული და არც უნდა ველოდოთ ამას. შესაბამისად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეცადა დაეზღვია თავი ცალკეული პროდუქტების მარაგების შეძენის გზით, თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო, მარტივად რომ ვთქვათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანების უმეტესობა კონფორმულია და როდესაც ისინი ხედავენ, რომ მათ გარშემო სხვა უამრავი ადამიანი მასობრივად ცდილობს რაიმე პროდუქტის შეძენას, მაშინ ისინიც მიჰყვებიან ზოგად სოციალურ ტენდენციას. ბევრი ფიქრობს — „ამდენი ხალხი ყიდულობს და ყველა ხომ არ შეიძლება ცდებოდეს?“ — ეს სტანდარტული სოციალურ-ფსიქოლოგიური ეფექტია. შესაბამისად, მივიღეთ რამდენიმე პროდუქტზე პანიკური და მასობრივი შესყიდვები. ეს იყო სრულიად ბუნებრივი პროცესი, რაც შექმნილმა გარემოებებმა გამოიწვია.
როგორ არის შესაძლებელი მსგავსი პანიკის თავიდან აცილება?
ლადო გამსახურდია: შესაბამისმა სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციებმა პერიოდულად უნდა მოახდინონ მოსახლეობის მუდმივი და ეფექტური ინფორმირება რელევანტურ საკითხებსა და მოვლენების მოსალოდნელ განვითარებაზე. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც რუსეთმა უკვე ორი კვირაა ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, რაც უშუალოდ ზეგავლენას ახდენს საქართველოზე, იწვევს ლეგიტიმურ შფოთვებს და გაურკვევლობას. სწორი ინფორმაციის გავრცელება არის ასეთ დროს პანიკის შემცირების უმთავრესი ინსტრუმენტი, ცხადია, თუ შფოთვის რაციონალური საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ასე რომ, იმისთვის, რომ არ მოხდეს პანიკა და პასუხისმგებლობის დიფუზია, საჭიროა რელევანტური ინფორმაციისა და ინსტრუქციების ორგანიზებულად გავრცელება იმათ მიერ, ვისაც ეს ხელეწიფება. ეს საკმაოდ რთულია. მოგეხსენებათ, ყველა გავხდით მოწმე, თუნდაც, ორიოდ წლის წინ კოვიდის საწყის სტადიაში როგორ დაიტაცეს პროდუქტები აშშ-ს და ევროპის ქვეყნებში და ამის პრევენცია იქაც ვერ მოხერხდა თავდაპირველად, თუმცა, შემდეგ მოგვარდა ეს საკითხი.
რამდენად სწორია, როდესაც ეს ადამიანები მკაცრი გაკიცხვის ობიექტები ხდებიან საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მხრიდან?
ლადო გამსახურდია: ადამიანების უმრავლესობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არის კონფორმული და ასეთ ვითარებაში მიჰყვება სოციალურად ვირუსულ ტენდენციებს, ცხადია, გამონაკლისების გარდა. ეს არის ბუნებრივი რეაქცია და გაკიცხვის მაგივრად ადამიანებს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ არსებული ვითარების შესახებ და ორიენტაციაში მივეხმაროთ.
რაც შეეხება სოციალურ ქსელებში გარკვეული ჯგუფების მხრიდან იმ ხალხის გაკიცხვასა თუ დაცინვას, ვინც შაქარი ან სხვა პროდუქტი მოიმარაგა, ამას შეიძლება მრავალი ინდივიდუალური მიზეზი ჰქონდეს და მიზეზების გაგებას დამატებითი კვლევა სჭირდება. ჩვენ მხოლოდ სპეკულაციურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ შესაძლო მოტივაციებზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვინც სხვებს კიცხავს პროდუქტების მომარაგების გამო. უამრავი პირადი მიზეზი შესაძლოა არსებობდეს.
ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ასეთ საჭირბოროტო თემებზე კომუნიკაცია ვერბალური აგრესიის ფორმას იღებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ, ზოგადად, დაძაბული გარემოა და ყველა შფოთავს და ესეც ახდენს გავლენას გამოხატვის ფორმებსა თუ კომუნიკაციის პროცესზე. ისევ და ისევ, მშვიდი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია სწორი ინფორმაციის დროული გავრცელება და გაურკვევლობის შემცირება.