კითხვაზე — საქართველოს მთავრობა რატომ არ განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთვის რაიმე სახის სავიზო რეჟიმის დაწესებას, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქება დაიწყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს, მას შემდეგ რაც „საქართველომ განიცადა აგრესია, ოკუპაცია“, თუმცა ამბობს, რომ ესმის ამ გადაწყვეტილების: „სურვილი იყო არა ის, რომ ჩვენ აგრესიისთვის მხარი დაგვეჭირა, – მაშინაც ბევრი რისკი არსებობდა, – არამედ ის, რომ ადამიანებს, ვისაც არ უნდა რეჟიმთან ერთად ცხოვრება, ვაჩვენოთ დემოკრატიული ქვეყანა და ჩვენი გახსნილობა“.
„ასე რომ, იგივე აზრზე ვართ – ადამიანებს მივცეთ საშუალება საქართველოში შემოსვლის, ოღონდ იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ პრობლემები კანონმდებლობასთან, არ არიან სანქცირებულები და არ წარმოადგენენ რისკს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მინისტრმა დავითაშვილმა.
„მიუხედავად რეჟიმისა – სავიზოა, გამარტივებული სავიზოა, მოკლევადიანი სავიზო თუ სხვა, – შინაგან საქმეთა სამინისტრო იგივენაირად ატარებს ყველა ფილტრს და აკონტროლებს (თუ ვინ შემოდის). ასე რომ, იმ ამოცანას, რაც შეიძლება მიგვეღო ვიზების დაწესებით, ისედაც ვაღწევთ“, – განაცხადა მან.
დავითაშვილი ასევე აცხადებს, რომ თუკი ადამიანები, წარმოშობის მიუხედავად, „რეჟიმს გამოურბიან“, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მათ საქმის ლეგალურად წარმოების საშუალება მისცეს.
ამასთან, იგი ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეები იმ რაოდენობით შემოდიან საქართველოში, როგორც პანდემიამდე შემოდიოდნენ და „საუბარი, რომ დიდი რაონოდებით საქართველოში ჩამოდიან და ეს რისკების შემცველია“, არასწორია.