გვესაუბრება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე
ორ თვეზე მეტია უკრაინა რუსეთის სამხედრო-შეიარაღებული ძალებისგან ცდილობს თავისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების დაცვას. უკრაინის რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში უკანონოდ შეჭრილი რუსეთის საოკუპაციო ძალები უკან არ იხევენ. მთელი მსოფლიოსთვის, საუბედუროდ, რუსეთ-უკრაინის ომს, ჯერ-ჯერობით, ბოლო არ უჩანს. ევროპის შუაგულში მშვიდობიანი მოქალაქეების, მოხუცებისა და ბავშვების მასობრივი მკვლელობა გრძელდება.
განვითარებული სამყარო აქტიურად გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. რუსეთი ბელორუსთან და ერითრეასთან, ასევე რამდენიმე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან ერთად ფაქტობრივად სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდა. საქართველოს მოსახლეობაც განსაკუთრებული ძალისხმევით იღებს მონაწილეობას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით გამართულ ღონისძიებებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისში არ მეგულება ქუჩა, რომელზეც რომელიმე კერძო ბინის აივნიდან უკრაინის ეროვნული დროშა არ არის გადმოფენილი.
ომი და მისგან გამოწვეული საყოველთაო უბედურება, მსხვერპლად ქცეული მილიონობით მოქალაქის მიმართ გამოვლენილი უპირობო თანაგრძნობა და რუსეთის მიერ ჩადენილი აშკარა დანაშაულებები ხელ-ფეხს გვიკრავენ, რათა აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნის უცნაური, არაორდინარული საგარეო პოლიტიკა კრიტიკულად გავიაზროთ. მეტიც, ქართული მედიის რიგი წარმომადგენლები ცდილობენ ომში მყოფი ქვეყნის მიერ არჩეული დიპლომატიური სტრატეგიის აბსოლუტურ სიკეთედ, სრულყოფილებად გამოცხადებას: „უკრაინა ძალიან სწორხაზოვანი განცხადებებით გამოირჩევა, მისი პრეზიდენტი პირველ რიგში, და ეს არის აღმოჩენა მსოფლიო დიპლომატიისთვის. პირადად ჩემთვის ეს არის ძალიან სასიამოვნო. უკრაინა არის ის, ვინც გააკეთა გარღვევა მსოფლიო დიპლომატიაში და დააბრუნა ადამიანური ფაქტორი… დიპლომატია, ძალიან მშრალი, დეჰუმანიზებული, ადამიანური ფაქტორისგან დაცლილი დიპლომატია, სტერილურად პოლიტკორექტული დიპლომატია გახადა უფრო მორალური, მორალური შინაარსი შესძინა ზელენსკიმ და უკრაინამ… მისი სწორხაზოვნება არ გამოიყურება გამაღიზიანებლად, პირიქით და, რაც მთავარია, ტაქტიკურად ამართლებს იმიტომ, რომ [უკრაინა] ითხოვს ბევრს და იღებს საკმარისს…“
ჩემი დაკვირვებით, სამწუხაროდ, ქართული მედია კარგად არის დახელოვნებული პოლიტიკური სუბიექტებისა და პროცესების ლანძღვა-გინებისა და ქება-დიდების საქმეებში. მაგრამ მათ ყოველთვის განსაკუთრებით უჭირთ თავიანთი პოზიციების კონკრეტული ფაქტებით დასაბუთება. უკრაინული დიპლომატიის მორალურ, სწორხაზოვან და შედეგიან სტრატეგიად გამოცხადებაც არგუმენტებით ნაკლებად გამყარებულ მოვლენად მიმაჩნია.
განვიხილოთ რამდენიმე ფაქტი.
უკრაინის ხელისუფლება და პოლიტიკური კლასი ხშირად ესხმის თავს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. უკრაინელები გერმანელებს საყვედურობენ ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და იარაღის მიწოდების გაჭიანურების გამო. რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრაქტიკულად უარი განაცხადა ფედერალური რესპუბლიკის მეთაურის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის კიევში მიღებაზე.
გერმანიის საგარეო პოლიტიკის კრიტიკა პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, აუცილებელიც არის, რათა ევროკავშირის ლიდერმა სახელმწიფომ დაშვებული შეცდომების გადააზრება დაიწყოს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით გერმანიის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნებზე ღიად ისაუბრა და მოიბოდიშა კიდეც. პრობლემა ის არის, რომ უკრაინელები მხოლოდ ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობაზე საუბრობენ და იშვიათად სვამენ აქცენტს 2014 წლიდან დღემდე ოფიციალური ბერლინის მიერ უკრაინისათვის გაწეულ უპრეცენდენტო, მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებასა და ფედერაციულ რესპუბლიკაში დროებით მცხოვრებ 340 000 მეტ უკრაინელ დევნილზე. უკრაინის ხელისუფლება პრაქტიკულად არ საუბრობს გერმანიის მიერ უსამართლო აგრესიის მსხვერპლად ქცეული ქვეყნისთვის გადაცემულ ლეტალურ იარაღზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და ამუნიციაზე. აღმოსავლეთ ევროპული მედიისა და პოლიტიკური ჯგუფების ყურადღების მიღმა რჩება ისიც, რომ ესტონეთი და ჩეხეთი ტანკებისა და სხვა შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდებას ვერ შეძლებდნენ ბერლინის თანხმობის გარეშე.
რამდენად მორალურია, როდესაც დიპლომატები მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებენ ყურადღებას და კრიტიკის პარალელურად, ფაქტობრივად, არასდროს უჩნდებათ სურვილი – ხაზი გაუსვან ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოების მიერ უკრაინის სასარგებლოდ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს?
აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინის პოლიტიკური კლასი კრიტიკულად არის განწყობილი მხოლოდ კონტინენტური ევროპის სახელმწიფოებისა და მათი ხელისუფლების მიმართ. სამწუხაროდ, ისინი თითქმის არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რა გავლენა ჰქონდა „ბრექსიტსა“ და მასთან დაკავშირებულ რყევებს რუსეთის მიმართ საერთო ევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესზე. პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი პოლიტიკოსები თავიანთ საჯარო გამოსვლებში იშვიათად მიანიშნებენ პრეზიდენტების – ობამასა და ტრამპის პოლიტიკურ ხედვებსა და გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც პირდაპირ თუ ირიბად ხელი შეუწყვეს რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის მომძლავრებას პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
რამდენად მორალური და სწორხაზოვანია პოლიტიკა, რომელსაც მოკავშირეთა მხოლოდ ნაწილის შეცდომებს ამჩნევს და თვალს ხუჭავს რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებული, რეგიონისგან ზღვებითა და ოკეანეებით გამოყოფილი, გერმანიასთან შედარებით დევნილთა უმცირეს ნაკადებზე მზრუნველი პარტნიორების პასუხისმგებლობაზე?
ყველაზე გასაკვირი მაინც მოლდოვას მიმართ უკრაინის პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება გახლავთ. მოლდოვა ევროპის ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა. უკრაინაში დაწყებულმა ომმა კიდევ უფრო გააუარესა პატარა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, გართულდა მოლდოვაში წარმოებული პროდუქციის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ექსპორტი, კატასტროფულად შემცირდა უკრაინის გავლით ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის მოცულობა. მიუხედავად სიდუხჭირისა, მოლდოველებმა ფართოდ გაუღეს კარგი უკრაინელ დევნილებს, ომის დაწყებიდან დღემდე 2,5 მილიონიანი მოსახლეობის მქონე სახელმწიფო 500 000-ზე მეტი ლტოლვილისთვის იქცა თავშესაფრად. რიგითი მოლდოველები საკუთარ საძინებელ ოთახებს ტოვებდნენ, რათა დაბომბილი რეგიონებიდან გამოქცეული ადამიანებისთვის ემასპინძლათ.
მოლდოვის პრობლემა მხოლოდ სიღარიბე არ არის. ბოლო ორი ათწლეულია, ვერ მოხერხდა ქვეყანაში პოლარიზებისა და მისგან გამოწვეული მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის შემცირება. ათწლეულებია, მოლდოვის მთავრობაში ერთმანეთს ენაცვლებიან ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე და რუსეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე მომუშავე ძალები, არცერთი ბანაკის უპირატესობა არასდროს არ არის ხანგრძლივი და დამაჯერებელი, მხარეებს მუდამ უწევთ ერთმანეთის პოზიციათა გათვალისწინება. უკიდურესად დაძაბულ შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებს ემატება დნესტრისპირეთის 30 წლიანი, გადაუწყვეტელი კონფლიქტი, ტერიტორიული მთლიანობისა თუ ოკუპაციის პრობლემა და პრორუსულად განწყობილი თურქულენოვანი გაგაუზიის ავტონომიის არსებობა ქვეყნის შუაგულში. რამდენიმე ხნის წინ, თავისი სატელევიზიო გამოსვლისას, პოსტ-საბჭოთა სივრცის შესანიშნავმა ახალგაზრდა მკვლევარმა, ბ-ნმა ირაკლი თხილაიშვილმა ისიც შეგვახსენა, რომ მოლდოვას მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე მცირერიცხოვანი, მინიატურული არმია ჰყავს, რომელიც მხოლოდ 7-8 ათას მოსამსახურეს ითვლის, რაც ქვეყნის თავდაცვის პოტენციალის სიმცირეზე მკაფიოდ მიუთითებს.
უკრაინელი ლიდერები კი მოლდოვას მსგავს, ტერიტორიულად და პოლიტიკურად გახლეჩილ, ეკონომიკურად უსუსტეს, რუსული ოკუპაციის პირობებში მცხოვრებ რესპუბლიკას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ქვეყანამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რომელთაც, ფაქტობრივად, არანაირი გავლენა არ ექნებოდათ აგრესიულ სახელმწიფოზე. თან მოლდოვის კრიტიკა დროში პრაქტიკულად დაემთხვა უკრაინის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოკავშირის, ევროპარლამენტის ლიბერალური ფრაქციის ლიდერის გაი ვერჰოფსტადის გამოსვლას, რომელმაც მთელი მსოფლიოს გასაგონად პირდაპირ განაცხადა: „სანქციები ავტოკრატიაზე არ მუშაობს, მხოლოდ დემოკრატიაზე, სადაც საზოგადოებრივი აზრია — რუსეთში დიდი ხანია საზოგადოებრივი აზრი აღარ არსებობს!“ რამდენად მორალურია ამგვარი მიდგომა მოლდოვისადმი? რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ღარიბი ქვეყნის მიერ რუსეთისათვის სანქციების დაწესებამ?
მოლდოვის უმკაცრესი კრიტიკის პარალელურად, უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ხმადაბლა, აღელვების გარეშე საუბრობენ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც აშკარად აღბეჭდილია რუსეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ უკრაინელებს ესმით კიდეც აზერბაიჯანის მშვიდი, ნეიტრალური, პასიური პოზიციის.
ცხადია, საქართველოს მიმართ გატარებულ უკრაინულ პოლიტიკაზეც უნდა ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. ბოლო წლებია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია. ომის დაწყების მიუხედავად, მაინც ვერ მოხერხდა დაძაბულობის განმუხტვა. ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარების, კეთილგანწყობის ატმოსფეროს ჩამოყალიბების მიმართულებით პირველი ნაბიჯები ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა გადადგეს. შალვა პაპუაშვილისა და რუსლან სტეფანჩუკის შეხვედრამ არაერთ მოქალაქეს ვითარების შეცვლის იმედი გაუჩინა. იმედი მეორე დღესვე გაქრა, როდესაც უკრაინის რადას უმრავლესობის ლიდერმა დავით არახამიამ ქართული დელეგაციის ვიზიტი „სელფების“ გადასაღებად დაგეგმილ ღონისძიებად გამოაცხადა. „სელფები“ ბევრ პოლიტიკოსს აქვს გადაღებული კიევში, ბევრი ჩასულა დაპირებებით, რომელთა აღსრულება მოგვიანებით გაჭიანურებულა, მაგრამ არც ერთ ვიზიტს არ გამოხმაურებიან უკრაინის საპარლამენტო ლიდერები ასე სწრაფად, მეორე დღესვე ხაზი არ გადაუსვამთ ვიზიტის მნიშვნელობისთვის.
მოლდოვის მსგავსად, უკრაინელები საქართველოსაც ადანაშაულებენ სანქციების დაწესებისგან თავის შეკავებაში. მეტიც, ყველას გვახსოვს შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს ბრალად დასდეს რუსეთისათვის სანქცირებული ტვირთის საერთაშორისო წესების გვერდის ავლით მიწოდების ხელშეწყობა. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. თან უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოს კრიტიკისას იშვიათად მიანიშნებენ იმაზე, რომ მათივე ფოსტის ოფიციალური მონაცემებით ოკუპირებული, დეინდუსტრიალიზებული, ღარიბი საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰუმანიტარული საფოსტო გზავნილების რაოდენობით.
რამდენად მორალური და შედეგიანია დასაბუთების გარეშე დაადანაშაულო ოკუპირებული, სამად გახლეჩილი ქვეყანა რუსეთის მხარდაჭერაში, მოსთხოვო მას სანქციების დაწესება და არც ერთხელ არ აღნიშნო მის მიერ უკრაინის სოლიდარობის პოლიტიკურ და სოციალურ აქტივობებში შეტანილი წვლილი? რა შედეგს მოიტანს ურთიერთობების დარეგულირებისკენ გადადგმული პირველივე ნაბიჯების ჩანასახშივე ჩახშობა?
თუმცა, უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების არაადექვატური დამოკიდებულება მოლდოვისა და საქართველოს მიმართ სრულიად გასაგები გახდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის – ალექსეი არესტოვიჩის უკანასკნელი განცხადების შემდეგ: „განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს; რომ მას ნაწილობრივ უკრაინის თავი არ ჰქონდეს. გასაგებია უკრაინაში ომი, მაგრამ უცებ რომ გაგიჩნდეს პრობლემები დნესტრისპირეთში, ოსეთში, ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ან კიდევ სადმე? მიგაჩნიათ, რომ ამისი ალბათობა არ იზრდება? მით უმეტეს, რუსეთის შესუსტების ფონზე, დასახული მიზნების ვერმიღწევის გათვალისწინებით, მოულოდნელად ერთდროულად ყველამ რომ თქვას, რატომაც არ დავკბინოთ?“. მაშასადამე, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ინტერესებში პირდაპირ შედიოდა ომის ახალი კერების გაჩენა მოლდოვასა და საქართველოში. ისინი მოსკოვის ახალ „თავის ტკივილად“ განიხილავდნენ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეთა სისხლისღვრას, რათა რუსეთის სამხედრო-შეიარაღებულ ძალებს ნაკლები დრო დარჩენოდათ უკრაინისთვის.
გამოდის, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოსა და მოლდოვისაგან საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე მიმდინარე ბრძოლებში დახმარებას, ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას, უკრაინელი დევნილებისთვის თავშესაფრების მოწყობას კი არ ითხოვს, არამედ სურს, რომ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებიც დაიღუპონ თავიანთ ქვეყნებში უკრაინის ტვირთის შესამსუბუქებლად.
როდესაც საქმე ეხება უკრაინისა და რუსეთის ურთიერთდაპირისპირებას, მაშინ ჯალათისა და მსხვერპლის აღმოჩენა ძალიან მარტივია. მაგრამ როდესაც ვმსჯელობთ უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე კონტინენტური ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, საკითხი რთულდება. როგორ უსამართლო ომშიც არ უნდა იყოს ქვეყანა ჩართული, მის მთავრობას მაინც არ აქვს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების სისხლისღვრა მოითხოვოს. როგორ უსამართლო ომშიც არ უნდა იყოს ჩართული ქვეყანა, მის მთავრობას მაინც არ აქვს უფლება, რომ მოკავშირეთა მხოლოდ ნაწილის ნაციონალურ ინტერესებს სცეს პატივი და დანარჩენთა ღვაწლი წყალში ჩაყრილად გამოაცხადოს.