თემის უტრირების აშკარა მცდელობა უწოდა პარტია — „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ექსპორტის თაობაზე ატეხელ აჟიოტაჟს, რომლის უკანაც, მისი თქმით, პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.
„მოთხოვნა რძის პროდუქტებზე, ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთში გაიგზავნა 2020 წელს ქართული კერძო კომპანიებისგან. შესაბამისად, ამ განაცხადს, ვერც რუსეთ- უკრაინის ომთან და ვერც დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობასთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა. გარდა ამისა, ვინც საქმეში ერკვევა, ყველასთვის ცხადია, შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთში ქართული რძის პროდუქტების ჭარბ ექსპორტს ვერ განაპირობებს. ადგილობრივი მწარმოებლები დღეს სრულად ადგილობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. ამ გარემოებების შესახებ ამოუწურავი განმარტებები გააკეთეს როგორც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ასევე რძის პროდუქტების წარმოების ეროვნულმა ასოციაციამ. ეს ფაქტები ცხადად ადასტურებს, რომ სახეზეა უტრირების აშკარა მცდელობა, რომლის უკანაც პოლიტიკური ინტერესი იკვეთება. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო მთელი ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე რჩებოდა მთავარ სავაჭრო პარტნიორად“, — აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი —
უკრაინის ხელისუფლება თუ ნაც–მოძრაობა?
„საქართველომ, ისევე როგორც ჩვენი სამეზობლოს ყველა ქვეყანამ, მათ შორის, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და მოლდოვამ განაცხადა, რომ ეკონომიკურ სანქციებს ვერ შეუერთდება და ამის მიზეზებიც მკაფიოდ იქნა განმარტებული. რაციონალიზმს არის მოკლებული იმგვარი სანქციების დაწესება, რომელიც რუსეთს ვერაფერს ავნებს, საქართველოს მოსახლეობას კი უმძიმეს სიტუაციას შეუქმნის და ეკონომიკურ- სოციალურ პრობლემებსაც შეუქმნის. სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას! გამოკვეთილია ერთადერთი ძალა, ვის ინტერესშიც ეს შედის და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ნაციონალური მოძრაობაა, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოში ვითარების დამძიმება და სამხედრო კონფლიქტში ქვეყნის უშუალო ჩართვაა. გასაკვირი არაა, რომ პირველი, ვინც ჩვენი უკრაინელი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა, სწორედ ნაციონალური მოძრაობა იყო. აქვე ჩნდება კითხვები — თუ ვინ იყო ამ განცხადებების რეალური ინიციატორი — უკრაინის ხელისუფლება თუ ნაც-მოძრაობა? სინამდვილეში, მათ, მეხუთე კოლონას (ნაც-მოძრობას) არ ადარდებს უკრაინისა დ ა უკრაინელი ხალხის ბედი. ერთადერთი, რაც მათ ინტერესებშია — საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაა. მათ სურთ საქართველოში 2008 წლის სცენარის გამეორება, როდესაც რუსეთს ჩააბარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % და მოგვიანებით ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები დაადანაშაულეს“, — აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.
მამუკა მდინარაძის თქმით, როგორი განცხადებებიც არ უნდა აკეთონ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს ვერ გახდება საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თუნდაც ოდნავ შესუსტების მიზეზი.