GIPA-ს პროფესორი, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი მერაბ კაკულია აცხადებს, რომ ქართულ ბანკებს MIR-ის საანგარიშსწორებო სისტემა არ სჭირდება. „ქართული ბანკები არასოდეს არ ყოფილან ჩართული ამ სისტემაში, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შიდა საბანკო გადარიცხვებს ემსახურება“, — აღნიშნა მერაბ კაკულიამ.
არსებული ინფორმაციით, MIR-ის სისტემაში მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბანკო დაწესებულებები არიან ჩართული.
„არცერთი ქართული ბანკი არ აპირებს მასთან თანამშრომლობას, ამისათვის არავითარი საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება რუსეთთან ანგარიშსწორებას, ჯერ-ჯერობით, ამ ქვეყნის მხოლოდ 7 ბანკს შეეზღუდა SWIFT-ის წვდომა, დანარჩენი ბანკები კვლავ სარგებლობენ ამ საერთაშორისო სისტემით და საჭიროების შემთხვევაში ვაჭრობასთან დაკავშირებული საანგარიშსწორებო ოპერაციები მათი საშუალებით შეიძლება განხორციელდეს“, — ამბობს მერაბ კაკულია.