გვესაუბრება ეკონომისტი, პროფესორი, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე
— რა სირთულეები იკვეთება ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე საქართველოსთვის, რა პროგნოზების გაკეთება შეიძლება?
— უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებას უნდა შევხედოთ ფართო პრიზმიდან. ომი, რასაკვირველია, იქონიებს გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე. უკვე არის იმის პროგნოზები, რომ ის შეაჩერებს მსოფლიო ეკონომიკის გამოსვლას პოსტკოვიდური მძიმე მდგომარეობიდან, რაც, ცხადია, არ იქნება სახარბიელო და რაც ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება.
მეორე საკითხი უფრო რეგიონალურ დონეზე განვიხილოთ – ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები რუსეთსა და უკრაინასთან. ჩვენთვის ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ თუ 2021 წლის მონაცემებს განვიხილავთ, ჯამურად, რუსეთსა და უკრაინაზე მოვიდა ჩვენი ექსპორტის ¼-ზე ნაკლები, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – დაახლოებით, 1/6. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ამ ქვეყნებთან შექმნილი კრიზისი ძალიან კატასტროფული არ არის, მაგრამ სექტორალურად, შეიძლება, გავლენა უფრო სერიოზული იყოს. მაგალითად, ჩვენთვის ნავთობ-პროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი რუსეთია. ამიტომ, უნდა მოხდეს დივერსიფიცირება და განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია აზერბაიჯანიდან ან თურქმენეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან გაზისა და ნავთობპროდუქტების მიღება.
შედარებით უფრო სწრაფი რეაგირება მოგვიწევს ხორბლის თემაზე, რადგან, სამწუხაროდ, ხორბლის შემთხვევაში, დიდწილად, რუსეთზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ, შეგვიძლია პირდაპირ გადავიდეთ ფქვილის შემოტანაზე. დღევანდელ მსოფლიოში არც ფქვილი და არც ხორბალი რაიმე სერიოზულ გასაჭირს არ წარმოადგენს, მაგრამ შესაბამისი კონტრაქტების გაფორმებამ, ვადებმა, შეიძლება, მოკლე დროით გამოიწვიოს ფასების ზრდაც.
ექსპორტთან მიმართებაში, სექტორალურად, ასევე უნდა განვიხილოთ ყურძნის, ნატურალური ღვინოების საკითხი, რადგან აქაც ორივე ქვეყანას – რუსეთსაც და უკრაინასაც დიდი წილი უკავია. მაგალითად ავიღოთ 2021 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ყურძნის, ნატურალური ღვინოების ექსპორტირება განხორციელდა. ჩვენი ექსპორტისთვის არც ესაა დიდად მნიშვნელოვანი, მაგრამ სექტორისთვის – არის! 2021 წელს რუსეთში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი იყო 130 მილიონი, ხოლო უკრაინაში – 26 მილიონი. ამდენად, თუ ორივეგან მოხდა ექსპორტის შემცირება, სექტორზე ამას გავლენა ექნება.
პრობლემა შეიძლება შეიქმნას იმ ტვირთებზეც, რომლებიც საქართველოდან რუსეთისა და უკრაინის გავლით გაედინება. აქაც მოგვიწევს სხვა მარშრუტების მოძებნა, მაგრამ, საერთო ჯამში, კატასტროფული მდგომარეობა, ჯერ-ჯერობით, არ იკვეთება.
რასაკვირველია, ეს ომი დასრულდება, უკრაინა შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას და, იმედი მაქვს, ტერიტორიებსაც დაიბრუნებს. ევროპელი პარტნიორები უკრაინელებს სერიოზულად დაეხმარებიანეკონომიკური აღდგენის პროცესში.
— დასავლეთის კონცენტრირება უკრაინაზე ჩვენ ხომ არ დაგვტოვებს მოვლენების მიღმა?
— უკრაინაზე კონცენტრირება ხდება იმიტომ, რომ იქ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსებს შეახსენა, რომ მათი შეიარაღებული ძალები უკანონოდ დგანან უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში. ამ კონტექსტში მოიაზრება ყველაფერი დათუ სასიკეთო ძვრები იქნება, ეს აუცილებლად აისახება საქართველოზეც.
რას მიიღებდა რუსეთი, ჩვენ რომ ეკონომიკური სანქციები აგვემოქმედებინა
მის წინააღმდეგ?
— საუბრობენ, რომ პრემიერის განცხადება იყო არაადეკვატური. შეგვეძლო თუ არა ჩვენ — რაიმე ეკონომიკური სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისათვის?
— შეძლებით, რასაკვირველია, შეგვეძლო, მაგრამ აქ საუბარია შედეგზე. თქვენ შეგიძლიათ ახლავე დაუწესოთ რუსეთს ეკონომიკური სანქციები და თქვათ, რომ ყველა ტიპის რუსულ პროდუქციაზე ამბობთ უარს და არც პროდუქტს მიაწვდით რუსეთს. შედეგი რა იქნება? ის, რომ გართულდება საექსპორტო ნაკადები. კი, იმპორტს ჩავანაცვლებთ, მაგრამ ის იქნება გაცილებით უფრო ძვირადღირებული. არც არავინ ელის, რომ საქართველოს სანქციები დიდ გავლენას იქონიებს რუსეთის ეკონომიკაზე, მაგრამ გარკვეული სიმბოლური ხასიათის მოქმედებები შესაძლებელია იქნას ჩატარებული. კარგი იქნებოდა, რომ უფრო გასაგები ყოფილიყო საზოგადოებისთვის ის ძირითადი მესიჯი, რომ სანქციები ჩვენი მხრიდან რეალურ დარტყმას არ მიაყენებს რუსეთის ფედერაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ვფიქრობ, ძალიან კარგად ხვდებიან ჩვენს მძიმე მდგომარეობას და იმასაც, რომ ჩვენ არც ნატოს ქვეყანა არ ვართ. ასეთ მდგომარეობაში გამოიწვიო აგრესორი ქვეყნის ზედმეტი გაღიზიანება, საკმაოდ სახიფათო თამაში და გადაწყვეტილება იქნება.
— პოლიტიკური ხასიათის გაღიზიანებას მიაწერდით ოპოზიციის კომენტარებს?
— ეს არის საინტერესო მომენტი: რუსეთსაც ეგონა — სანქციებს რომ დაგვიწესებდა საქართველოს, ეკონომიკას ჩამოშლიდა. ეს არ მოხდა! ანუ რუსეთის სანქციები საქართველოს ეკონომიკისთვის არ აღმოჩნდა დამღუპველი. თავისთავად, ცხადია, რომ ჩვენი სანქციები რუსეთისათვის საერთოდ არაფერი არ იქნება. ამას აქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათი – ის, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდითაა. ჩვენ სხვა რა გავლენა უნდა მოვახდინოთ რუსეთის ეკონომიკაზე, როცა მისმა სანქციამ ვერ მოახდინა ჩვენზე გავლენა?! ამიტომ რაციონალური აზროვნება ყოველთვის იგებს…
— რუსეთი დიდ ეკონომიკურ დარტყმას მიიღებს იმ სანქციებით, რაც დასავლეთმა და არა მარტო დასავლეთმა დაუწესა?
— რუსეთი ძალიან მძიმე დარტყმას იღებს, პრაქტიკულად — უმძიმესს. ის არ იქნება მყისიერი და ამ წამს, მაგრამ იქნება უმძიმესი. მათ არ ექნებათ წვდომა თანამედროვე საბანკო სექტორებზე, იქნება დარტყმა ინფლაციის თვალსაზრისით, იქნება წამყვანი რუსული სააქციო კომპანიებისთვის კაპიტალიზაციის ვარდნა და სხვ. რუსებს ძალიან ძვირი დაუჯდებათ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას ვაჭრობა და პროდუქციის შეძენა, მსხვილი სანავთობო კომპანიების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება და მათი კაპიტალიზაცია დაიწყებს შემცირებებს.
მოამზადა მარიკო გაფრინდაშვილმა