როგორც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ასევე მოსკოვის საპატრიარქო შეიჭრა
მართლმადიდებელ ეკლესიაში
ე.წ. რუსული სამყაროს შესახებ მოძღვრებას (დოქტრინა) განცხადება მიუძღვნეს მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალმა იერარქებმა — ეპისკოპოსებმა, ცნობილმა თეოლოგებმა და მკვლევრებმა, რომლებიც რუსეთის იდეოლოგიის ანტიქრისტიანული არსის შესახებ საუბრობენ. მათ განცხადება გამოაქვეყნეს ე.წ. რუსული სამყაროს დოქტრინის შესახებ: „A Declaration on the ”Russian World” (Russki Mir) Teaching”. განცხადება ინგლისურ ენაზე გავრცელდა, რომლითაც ისტორიკოსი შოთა მათითაშვილი დაინტერესდა. ქართველმა ისტორიკოსმა განცხადება თარგმნა და ბლოგის სახით გამოაქვეყნა.
„განცხადება, რომლითაც დავინტერესდი, ეხება ძალიან საჭირბოროტო საკითხს. დღეს უკრაინაში მიმდინარეობს ძალიან მძიმე კონფლიქტი. რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და სწორედ ამ კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს „დოქტრინა რუსული სამყაროს შესახებ“. ესაა დოქტრინა, რომლითაც იკვებება თანამედროვე რუსეთის იდეოლოგია. ეს სწავლება გულისხმობს იმას, რომ რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა და ასევე ყველა რუსულენოვანი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მთელ მსოფლიოში, არიან ერთი კულტურული ან ცივილიზაციური სივრცის შემადგენელი და რუსეთს აქვს გარკვეული მისია — ყველა ამ ტერიტორიაზე დაიცვას და გაავრცელოს მართლმადიდებლობა. ეს იდეოლოგია ხასიათდება უკიდურესი ეთნიკური ნაციონალიზაციის ფუნდამენტალიზმით, იზოლაციონალიზმით და ა.შ. სწორედ ამ იდეოლოგიის ანტიქრისტიანული არსის შესახებ საუბრობენ მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქები და მეცნიერები ამ განცხადებაში”, — აღნიშნავს ისტორიკოსი შოთა მათითაშვილი.
მისი თქმით, რუსული სამყაროს იდეოლოგია გულისხმობს იმას, რომ დასავლეთი არის გარყვნილი, მას დაკარგული აქვს ჭეშმარიტი სულიერება და ღირებულებები და ა.შ. და ამ ფონზე რუსეთის საერო და სასულიერო ხელმძღვანელები იცავენ ე.წ. ტრადიციულ ფასეულობებს, ინარჩუნებენ სულიერებას, მართლმადიდებლობის სიწმინდეს დასავლეთის საწინააღმდეგოდ.
„ის რაც ზემოთ ხსენებული განცხადების ავტორებმა ამხილეს, გულისხმობს იმას, რომ სწორედ რუსეთის ეკლესია გამოირჩევა ამპარტავნებით, ის ზემოდან უყურებს ყველას და ყველაფერს და მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნია მართლმადიდებლობის დამცველად. რუსული სამყაროს ამ სწავლების (დოქტრინის) სწორედ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამხილეს ამ განცხადების ავტორებმა. ეს დოკუმენტი ძალიან კარგად წარმოაჩენს რუსული სამყაროს იდეოლოგიის ანტიქრისტიანულ არსს”, — ამბობს შოთა მათითაშვილი.
რა წერია განცხადებაში?
რუსეთის ეკლესიის უმაღლესი სამღვდელოება თავდასხმის ფაქტს უარყოფს, სამაგიეროდ, ბუნდოვან განცხადებებს აქვეყნებს მშვიდობის საჭიროებაზე მიმდინარე „მოვლენებისა’’ და „საომარი მოქმედებების’’ შუქზე. ამავე დროს, ყურადღებას ამახვილებს რუს და უკრაინელ ხალხთა „ძმობაზე,’’ რადგან მათი აზრით, ორივე ეს ხალხი „წმინდა რუსეთის“ ნაწილია. სამხედრო მოქმედებებს ბოროტ „დასავლეთს’’ აბრალებს და სამრევლოებს იმგვარი ლოცვისკენ მოუწოდებს, როგორიც უფრო მეტად წაახალისებს საომარ მოქმედებებს.
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კირილე (გუნდიაევი) მოსკოველი (მოსკოვის საპატარიარქო) თავიანთ განცხადებებში მუდმივად მოუხმობდნენ და ავითარებდნენ რუსული სამყაროს იდეოლოგიას უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში. 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და დონბასში მართული ომი წამოიწყო იმ დრომდე, სანამ ის უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს გააჩაღებდა, და მას შემდეგაც, პუტინი და პატრიარქი კირილე რუსულ სამყაროს ომის გამამართლებელ უმთავრეს საბაბად იყენებენ. აღნიშნული სწავლება აცხადებს, რომ არსებობს საერთაშორისო რუსული ცივილიზაციის სფერო, რომელსაც წმინდა რუსეთი ან წმინდა რუსი ეწოდება. ეს სფერო მოიცავს რუსეთს, უკრაინასა და ბელარუსს (და ხანდახან მოლდოვასა და ყაზახეთს), ასევე ეთნიკურ რუსებსა და რუსულენოვან ადამიანებს მთელ მსოფლიოში. აღნიშნული მოძღვრების თანახმად, ამ „რუსულ სამყაროს’’ საერთო პოლიტიკური ცენტრი აქვს მოსკოვის, ხოლო საერთო სულიერი ცენტრი კიევის (კიევი ვითარცა დედა სრულიად რუსეთისა) სახით, აქვს საერთო ენა (რუსული), ჰყავს საერთო ეკლესია (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქო) და საერთო პატრიარქი (მოსკოვის პატრიარქი), რომელიც საერთო პრეზიდენტთან/ეროვნულ ლიდერთან (პუტინი) შეთანხმებით მოქმედებს, რათა მართოს რუსული სამყარო და შეინარჩუნოს თვითმყოფადი სულიერება, ზნეობა და კულტურა.
„რუსული სამყაროს’’ საპირისპიროდ (როგორც ამას აღნიშნული სწავლება ქადაგებს) დგას გარყვნილი დასავლეთი
„რუსული სამყაროს’’ საპირისპიროდ (როგორც ამას აღნიშნული სწავლება ქადაგებს) დგას გარყვნილი დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის ერების წინამძღოლობით, რომელიც დანებდა „ლიბერალიზმს,’’ „გლობალიზაციას,” „ქრისტიანოფობიას” და „ჰომოსექსუალთა უფლებებს,” რასაც გეი აღლუმებზე ქადაგებენ და ქედი მოიდრიკა „მებრძოლი სეკულარიზმის’’ წინაშე. დასავლეთსა და იმ ეკლესიებს, რომლებიც განხეთქილებასა და ცდომილებაში ჩავარდნენ (ისეთები, როგორებიცაა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე და მისი მხარდამჭერი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები) აღემატება და უპირსიპირდება მოსკოვის საპატრიარქო ვლადიმერ პუტინთან ერთად, ვითარცა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი მცველნი, მართლმადიდებლობისა, რომელსაც ისინი ტრადიციული ზნეობის, ტრადიციის რიგორისტული და უცვალებელი გაგებისა და წმინდა რუსეთის თაყვანისცემის თვალთახედვით განიხილავენ.
2009 წელს, პატრიარქ კირილეს აღსაყდრების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს მოთავეები, ისევე, როგორც რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკის გამხმოვანებელნი, მუდმივად აღნიშნულ პრინციპს ეყრდნობიან, რათა მართლმადიდებლური ერთობა დააბრკოლონ. ეკლესიის ეთნიკური პრინციპით ორგანიზაცია დაგმობილ იქნა კონსტანტინეპოლის 1872 წლის კრებაზე. ეთნოფილეტიზმის ცრუ სწავლება რუსული სამყაროს იდეოლოგიის საფუძველია.
თუკი ჩვენ ამგვარ ყალბ პრინციპებს ჭეშმარიტად მივიჩნევთ, მაშინ მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს, მოციქულთა, ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსის, მსოფლიო კრებათა და წმინდა მამათა ეკლესიად ყოფნას შეწყვეტს. ერთობა შინაგანად შეუძლებელი გახდება.
შესაბამისად, ჩვენ უარვყოფთ რუსული სამყაროს ერესსა და რუსეთის ხელისუფლების სამარცხვინო ქმედებებს, რაც უკრაინაში ომის დაწყებაში გამოიხატა და რომელიც რუსეთის ეკლესიის წაქეზებით სწორედ ამ მავნე და უსაფუძვლო მოძღვრებისაგან იღებს სათავეს. ჩვენ ვგმობთ ამ სწავლებას, როგორც სრულიად არამართლმადიდებლურს, არაქრისტიანულს და კაცთა მოდგმის საწინააღმდეგოს, რომელიც მოწოდებულია იყოს „განმართლებული… განათლებული… განბანილი სულიწმინდის მიერ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით (ნათლობის განგება).’’
როგორც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ასევე მოსკოვის საპატრიარქო შეიჭრა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგალითად აფრიკაში, გამოიწვა იქ განხეთქილება და დავა, ენით უთქმელი დანაკარგები არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულისთვისაც, საფრთხეში ჩააგდო რა მორწმუნეთა ცხონება.
„რუსული სამყაროს’’ სწავლების ფონზე, სწავლებისა, რომელიც ანადგურებს და ყოფს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენ შთაგონებული ვართ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახარებითა და მისი ცოცხალი სხეულის (რომელიც არის მართლმადიდებელი ეკლესია) წმინდა გარდამოცემის მიერ, რათა განვაცხადოთ და მართლაღსარებით გამოვთქვათ შემდგომი ჭეშმარიტებანი.
შოთა მათითაშვილის ბლოგის სრული ვერსია იხილეთ: https://shotamatitashvili.blogspot.com/?fbclid=IwAR2xhgaot9ad0iJwK7KJPT0gmICBih8a43CEbrVlcHvJ8EnZRE8hwNVaB2A
რამდენად ეხმიანება „რუსული სამყაროს” პროპაგანდას ზოგიერთი ქართული
მედია?
„ეს იდეოლოგია და ეს ნარატივი მოქმედებს ძალიან კარგად და კრემლიდან მოდის. ამ პროპაგანდის ძალიან ძლიერი გავლენა სწორედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და, მათ შორის, საქართველოში იგრძნობა. სხვადასხვა პრორუსული მედია და პოლიტიკური დაჯგუფება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ. ქადაგებენ და ატარებენ ამ ძალიან პრიმიტიულ პროპაგანდას. ისინი ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ დასავლეთი გაირყვნა, დაკარგა ჭეშმარიტი სულიერება და უარი თქვა რელიგიურ ფასეულობებზე, რუსეთში კი დაცულია ეს ყველაფერი. მიუხედავად ამ მცდელობისა, ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლიათ მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, თუმცა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე ეს პროპაგანდა მაინც ძალიან კარგად მოქმედებს. საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილში, საბედნიეროდ, უფრო ნაკლებს სჯერა ამ პროპაგანდის”, — აღნიშნავს ისტორიკოსი შოთა მათითაშვილი.