გვესაუბრება პარლამენტის წევრი გიორგი ხელაშვილი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს კურირებს:

,,გარდატეხაზე საუბარი ძალიან ადრეა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება  დღეს მიმდინარე უკრაინის კრიზისი, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ გარდატეხას შეიტანს დასავლეთის კონსოლიდაციის, გაერთიანების მიმართულებით. თუ დასავლეთი გაერთიანდა, მაშინ საქართველოს მეტი შანსი ექნება, რომ აქტიურად დაუახლოვდეს ნატოს. მეორე მხრივ, თუ დასავლეთმა ვერ მოახერხა გაერთიანება, დიდი ალბათობით, არსებული ვითარება დიდად არ შეიცვლება. ამ სამიტისგან მოლოდინია, რომ ალიანსს უფრო დავუახლოვდებით, მაგრამ კონკრეტული რამ ჯერ არ გამოკვეთილა, როგორც ვიცი. როგორც წესი, ბოლოსკენ წყდება ხოლმე მსგავსი საკითხები. ახლა უკრაინის კრიზისის გამო ყველაფერი შეჩერებულია, შეჩერებულია იმ თვალსაზრისით, რომ ნატოს მხრიდან კონსულტაციებიც თავიდან ბოლომდე უკრაინისკენაა მიმართული“, – ამბობს დეპუტატი.

კითხვაზე – საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა ხომ არ გამოიწვევს რუსეთის აგრესიის გაზრდას ჩვენი ქვეყნის მიმართ, გიორგი ხელაშვილი გვპასუხობს: ,,უკრაინას მხარდაჭერას ჩვენ ყოველთვის ვუცხადებდით და ვუცხადებთ, ვინაიდან, ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და, ამავდროულად, ორივე ვართ ნატოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას ყოველთვის ჰქონდა და ექნება. უკრაინის კრიზისი მთელი რეგიონისთვის საფრთხის შემცველია, თუ ეს ვითარება ომში გადაიზარდა, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ომი არ  დავუშვათ არცერთ შემთხვევაში.  ამისკენაა ახლა მიპყრობილი მთელი ძალისხმევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს გეოპოლიტიკური მიზნების და მისწრაფებების ხარჯზე, რაც ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს უკრაინისთვის, პირველ რიგში“.