მოსკოვის ლეფორტოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნი დამნაშავედ სცნო.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლება„ ავრცელებს.
როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, მოსამართლემ მარგარიტა კოტოვამ გამოსვლისთანავე განაცხადა, რომ ნავალნიმ თაღლითობა ჩაიდინა და ამიტომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნებოდა.
პროკურატურა თაღლითობად მიიჩნევს ალექსეი ნავალნის მხრიდან ფინანსური შემოწირულობების მიღებას პოლიტიკოსის მიერ დაფუძნებული კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ანგარიშებზე, ასევე, ნავალნის თანამოაზრეების პირად ანგარიშებზე.
„ფინანსები გროვდებოდა შეუძლებელი მიზნისთვის, ნავალნის რუსული ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის“, — განაცხადა პროკურორმა.
ალექსეი ნავალნი დანაშაულს არ სცნობს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ოპოზიციონერმა სასამართლო პროცესისას თქვა, რომ საქმე გაყალბებულია. ამასთანავე, ნავალნიმ უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო და ომის წამოწყებაში რუსეთი დაადანაშაულა.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერია, რომელიც 2020 წლის აგვისტოს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს.