საჰაერო დაბომბვის სირენების, საგუშაგოებისა და რუსული თავდასხმების მუდმივი შიშის ფონზე — ზღვიდან, ჰაერიდან თუ ხმელეთიდან — ისტორიული და კოსმოპოლიტური უკრაინის საკურორტო ქალაქი ოდესა ფრთხილად ცდილობს ხელახლა დაუკავშირდეს თავის სახელგანთქმულ დასვენებულ სადღესასწაულო სულს. თითქოს ეს კრემლის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის ფორმაა.
„მუსიკა სიცოცხლეა. როცა მუსიკა ჩუმდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მუსიკა ჩვენი გონების დაცვის საშუალებაა”, — თქვა ოლესანდრ პროლეტარსკიმ, მუსიკალურმა კრიტიკოსმა.
მაგრამ ოდესაში კლუბების, პლაჟის რესტორნებისა და სილამაზის სალონების ბოლოდროინდელი გახსნა არ არის უბრალოდ დაუმორჩილებლობის გამოხატულება ან ეკონომიკური აუცილებლობა. ეს ასევე ასახავს ადგილობრივების რწმენას რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის სამომავლო კურსის შესახებ, ყოველ შემთხვევაში აქ, შავი ზღვის სანაპიროზე.
„ქალაქი ცოცხლდება, ვგრძნობ. ვფიქრობ, შიში ცოტათი ქრება. ხალხს სჯერა ჩვენი ჯარის, რომელიც გვიცავს და თავს კომფორტულად, დაცულად გვაგრძნობინებს. არ მგონია, რომ რუსული არმია იმარჯვებს”, — თქვა ალექსანდრე ჰოდოსევიჩმა, ინსტრუმენტული ჯგუფის დრამერმა კლუბში — „მეტი მუსიკა“. კლუბი ცოტახნის წინ ხელახლა გაიხსნა და გვიან, დღის მეორე ნახევარში კონცერტებს პირდაპირ ეთერში ატარებს, რათა აუდიტორიამ სახლებში დაბრუნება კომენდანტის საათამდე მოასწროს.
ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ქარიან სანაპიროზე, რომელსაც ტურისტები ზაფხულში ხშირად სტუმრობენ, მავთულხლართები, მიწის ნაღმები და ქვიშის ტომრები ზღვაზე წვდომას ყველანაირად ბლოკავს.
„მე ვნახე რუსული ხომალდები. მაგრამ მათ უკან დაიხიეს. მათ იციან, რომ ჩვენ მათთვის საშიშროება ვართ. გახსნეს ცეცხლი რაკეტებიდან, დრონებით, ბომბებით. მაგრამ ისინი აქ წარმატებას ვერ მიაღწევენ. დაე, სცადონ დაშვება — ჩვენ მათ ვაზღვევინებთ“, — თქვა ანატოლიმ, 27 წლის უკრაინელმა ჯარისკაცმა.
ოდესაში არსებულ ამ თავდაჯერებულობას ლოგიკური ახსნა აქვს.
რუსეთის წინსვლა შავი ზღვის სანაპიროზე შეჩერებულია. უკრაინის ჯარებმა ქალაქ მიკოლაივში არა მხოლოდ დაიცვეს თავიანთი სტრატეგიული ხიდი, არამედ რუსეთის ძალებს აღმოსავლეთის უკან დახევას აიძულებენ.
ხერსონში, პირველ ქალაქში, რომელიც რუსმა ჯარებმა ერთი თვის წინ დაიპყრეს, ოკუპანტ უშიშროების ძალებს ახლა სამოქალაქო მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებასა და ადგილობრივი ლიდერების გატაცებაში ადანაშაულებენ.
„როდესაც მათ დაიწყეს გაზის, კვამლისა და გამაოგნებელი ყუმბარების გამოყენება, მე დავიწყე სირბილი. ეს მართლაც საშინელი იყო”, — თქვა ლადა დანიკმა, ხერსონის უნივერსიტეტის ლექტორმა. მისი თქმით, რუსებმა დაიწყეს ხალხის გატაცება, სიარული მათ ბინებში და იმ ადგილებში, სადაც ხალხი ცხოვრობს — მომიტინგეები და აქტივისტები. „როგორც ჩანს, ისინი იყენებენ მუქარის ტექნიკას და ვფიქრობ, რომ პანიკაში არიან“, — ამბობს დანიკი.
ოდესა მადლიერია იმისთვის, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ისეთ ადგილებში, როგორებიცაა მიკოლაივი და ვოზნესენსკი, მტკიცედ დგანან და ბლოკავენ რუსეთის სახმელეთო ძალებს დასავლეთისგან.
პატარა ქალაქი, რომელმაც დაბლოკა რუსეთის დიდი გეგმები
უშიშროების საკითხების ანალიტიკოსი ჰანა შელესტი თვლის, რომ ოდესა იმ შემთხვევაში დანებდენოდა რუსეთს, თუ მოსკოვის მომხრე ლიდერები ომის პირველ დღეებში ჩაბარდებოდნენ. მაგრამ ახლა ეს ვარიანტი აღარ განიხილება და მისი აზრით, რუსული ჯარები ზღვიდან შეტევას ხმელეთზე ბაზის შექმნის გარეშე ვეღარ მოახერხებენ.
„მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. თუ გადავხედავთ ტექნიკურ პირობებს, სტრატეგიულ რელიეფს, ოდესა არასოდეს ყოფილა ქალაქი, რომელსაც მტერი ზღვიდან ადვილად აიღებს. ისტორიამ ეს რამდენჯერმე დაამტკიცა”, — თქვა შელესტმა.
ამასობაში, ქალაქის უზარმაზარი კატაკომბები — შესაძლოა 2,500 კმ სიგრძის მიწისქვეშა გვირაბები საჰაერო თავშესაფრებად მზადდება. ლეიბები და საკვები ლაბირინთის მსგავს ქსელშია მოთავსებული, რომელსაც გაქცეული ოჯახები და პარტიზანები მსოფლიო ომებისა და რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყენებდნენ.
„აქ 1940-იანი წლებიდანაა გრაფიტი წარწერით: „სიკვდილი ფაშისტებს”, — თქვა ადგილობრივმა ისტორიკოსმა მაქსიმ ბარანესსკიმ.
მაგრამ ოდესაში მტკიცე იმედია, რომ ისტორია არ განმეორდება და რუსეთის დასავლეთისკენ სწრაფვა სანაპიროს გასწვრივ ჩაიშლება.