„მნიშვნელოვანია, სამინისტრომ შექმნას პოტენციურად დეფიციტური მაღალი პრიორიტეტის მედიკამენტების ხელუხლებელი მარაგი, რომლითაც ფარმა ქსელის მიერ მიწოდების შეფერხების პერიოდებში უზრუნველყოფს სამკურნალო პროცესების უწყვეტობა/უსაფრთხოებას“, — განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრმა ზაზა ლომინაძემ სხდომაზე, სადაც საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში კოვიდ-19 პანდემიის მართვის საკითხზე ჩატარებული მოკვლევის შესახებ ინფორმაცია და კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს.
„საკითხის შესწავლის საფუძველზე კომიტეტმა დღეისათვის საჭიროდ ჩათვალა გასცეს ოთხი შემაჯამებელი რეკომენდაცია, რომლებიც უკავშირდება ადამიანური რესურსების მობილობას, ინფექციების კონტროლს, „მაღალი ნაკადის სპონტანური სუნთქვის ნიღბების“ მარაგის მობილიზებას, სისხლის პროდუქტების მიწვდომადობის უზრუნველყოფას წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით“, — აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
საპარლამენტო კომიტეტი მზადაა სამინისტროსთან ითანამშრომლოს თითოეული რეკომენდაციის მიმართულებით კონკრეტული გეგმის შემუშავებაში, რათა ყველა პრობლემა მომავალში აღმოიფხვრას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს რეკომენდაციებს, რომელიც სამინისტროს წარედგინება.
კვლევის პროცესში ჩართული იყო ჰოსპიტალური სექტორი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტრო. თემატური მოკვლევის ფარგლებში კომიტეტის წევრები შეხვდნენ საოჯახო მედიცინის ცენტრების წარმომადგენლებსა და 112 სამსახურის ხელმძღვანელობას.