გვესაუბრება სკაილერ ფოერსტერი, რომელიც 26 წლის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებში, როგორც უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების სპეციალური მრჩეველი უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებში, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში; ასწავლიდა აშშს სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიაში.
პასუხი არის – არა! ასეთივეა პასუხი კითხვაზე: – შეეძლო თუ არა რაიმეს გაკეთება უკრაინას. ეს, უბრალოდ, გეოგრაფიის საკითხია. 2014 წლამდე, თუ გადავხედავთ ნატოს დოკუმენტებს ცივი ომის დასრულების შემდეგ, მათში ხაზგასმულია, რომ ნატოს რუსეთთან პრობლემა აღარ აქვს: ,,რუსეთი ჩვენი მეგობარი იქნება, იმედი გვაქვს – მათი მეგობარი ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ რუსეთის პროვოცირებას”. ჩვენ არ გვიფიქრია, რომ ნატოს გაფართოება, რაც, მონტენეგროს გამოკლებით, 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა, პროვოკაცია იყო.
2008 წელს, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვდა, რომ ბუქარესტის კომუნიკეში საქართველო და უკრაინა ეხსენებინათ, ამ შეხედულებას, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა (შესაძლოა, რამდენიმე სხვა ქვეყნის ჩათვლით), ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია.
მაშინ უკვე ხმები დადიოდა შეერთებულ შტატებში, მათ შორის, ისეთი ადამიანების ჩართულობით, როგორიცაა ჯორჯ კენენი, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნატოს გაფართოება დიდი შეცდომა იყო. ისინი არ წარმოადგენდნენ უმრავლესობას, მაგრამ აშკარად არსებობდა აზრი ფორმულირებით – „ფრთხილად!“
არსებობდა ის აზრიც, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი საბჭოთა მოკავშირეები ნატოს წევრები გახდებოდნენ. ცხადია, ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე გადასვლა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იყო. და ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ვფიქრობდით, რომ კარგი იქნებოდა, რადგან ბალტიის ქვეყნები საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, მაგრამ ნამდვილად არ იყვნენ რუსეთის ნაწილი.
ჩვენ 1997 წელს რუსეთს მივეცით გარანტიები, რომ არ ვაპირებდით სამხედრო ძალების, ატომური იარაღის მათთან ახლოს განლაგებას და რუსებმა ხელიც მოაწერეს ამ შეთანხმებას 1997 წელს. ამიტომ გვეგონა, რომ უსაფრთხოდ ვიყავით.
არსებობდა აზრი, კონსენსუსი, ბუშის ადმინისტრაციის გამოკლებით, რომ ამის მიღმა გაფართოება ძალიან შორს გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, განსაკუთრებით კი იქ, სადაც რუსული ჯარები იყვნენ – საქართველოში.
რა შედეგები შეეძლო მოეტანა ამას? ანუ ისეთი ქვეყნის შეყვანას ალიანსში, რომელიც უკვე ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ? არის თუ არა მოლოდინი, რომ ნატო ახლა ომში ჩაებმება რუსეთის წინააღმდეგ? – ეს უკვე პრობლემური ხდება.
ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ, ამ მხრივ, საქართველოსთან მიმართებით ნაბიჯი უფრო დიდად აღიქმებოდა, ვიდრე უკრაინასთან, მაგრამ არ იყო კონსენსუსი დიდ მოკავშირეებს შორის – დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას შორის და არ არსებობდა თანხმობა ამ საკითხის გარშემო.
ასე რომ, ნატოში დათანხმდნენ იმ განცხადებას, რომელიც 2008 წელს გააკეთეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს განცხადება არავითარ ვალდებულას არ გულისხმობდა. ბუშის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვდა ამას, მაგრამ მან დრო არ მონიშნა და უბრალოდ თქვა, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, შეიძლება 2150 წელს, მაგრამ არა ახლა, არა ამჟამინდელ პირობებში. ბუშის ადმინისტრაცია ბედნიერი იყო, ყველამ შვებით ამოისუნთქა, რომ ეს დიპლომატიური პრობლემა გადავლახეთ. მაგრამ იმ დროს ნატო ჯერ კიდევ არ განიხილავდა რუსეთს, როგორც აგრესიულ სამხედრო საფრთხეს. 2010 წელს ნატოში ახალი სტრატეგიული კონცეფცია შეიმუშავეს, რომელიც ჯერ კიდევ საუბრობდა რუსეთზე, როგორც არა მოწინააღმდეგეზე – ჩვენ გვინდოდა მუშაობა რუსეთთან.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში არსებობდა იმედი, მედვედევის დროს, რომ ობამას ადმინისტრაციის პირობებში ისინი ცდილობდნენ – გაეუმჯობესებინათ ურთიერთობები, რაც არ გამოვიდა, რადგან პუტინი დაბრუნდა. ასე რომ, შემდეგი ბარიერი 2014 წელია. ახლა უკვე 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო გაფართოვდა, 6 წელი ბუქარესტის კომუნიკედან და აი მივდივართ ევრომაიდანის მოვლენებამდე. რუსეთი მხარს უჭერს სეპარატისტებს ისევე, როგორც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ახლა უკრაინა საქართველოს მსგავს მოცემულობაში აღმოჩნდა – რუსული ჯარები არიან უკრაინაში, სეპარატისტულ რაიონებში; ისინი ხელს უწყობენ სეპარატიზმს და პუტინი ამასობაში ამბობს: – ,,სანამ აქ ვარ, მოდი, ყირიმსაც წავიღებ“… მაგრამ შემდეგ გაჩერდნენ.
ვაღიარებ, იმ დროს მეც დავწერე სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასკვნა, რომელიც 2014 წელს გამოვიტანეთ, იყო ის, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით დასრულდა. ნატო ამას ხმამაღლა არ განაცხადებდა, მაგრამ თუ უკრაინას რაიმე შანსი ჰქონდა, რომ ნატოს წევრი გამხდარიყო, ეს შანსი გაქრა, რადგან ცხადი იყო, რომ ეს კიდევ უფრო დიდი პროვოკაცია იქნებოდა. იმიტომ, რომ 2014 წელს პრობლემა ნატოც კი არ ყოფილა, პრობლემა კიევის სურვილი იყო – ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე და ირონია ის არის, რომ ამ კრიზისის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ასე რომ, მესიჯი ნათელი იყო: კარგი, ბატონო პუტინ, თქვენ გააკეთეთ ის, რის გაკეთებასაც აპირებდით და ჩვენ არ გამოვიყენებთ სამხედრო ძალას და არ გაგაგდებთ, მაგრამ თუ თქვენი მიზანი იყო ამ ქვეყნების დასავლეთისკენ ორიენტაციის შეჩერება, თქვენ წააგეთ!
იმ მომენტში უკრაინა საქართველოს ფუნდამენტური რეალობით შეუერთდა – ნატოსთვის ძალიან რთულია იმის გამართლება, რომ მან საქართველოს და უკრაიანის ტერიტორიები უნდა დაიცვას, და ეს ძალიან პრაქტიკული პრობლემაა.
როგორ შემოიყვანთ ალიანსში ქვეყანას, რომელსაც უკვე ჰყავს რუსული ჯარები თავის მიწაზე? მით უფრო, თუკი არ იცი – რას აპირებ ამ ჯარებთან დაკავშირებით, შენ ქმნი დიდ პრობლემას ალიანსში, რადგან ახალი წევრი, საქართველო ან უკრაინა შემოდის და ამბობს: – კარგი, არსებობს მე-5 მუხლი, რას აპირებ? და პასუხი არის: – ჩვენ არ ვიცით, ამას როგორ გავუმკლავდეთ. ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, პრობლემური საკითხია.
საქართველოსა და უკრაინაში ყველამ უნდა გაიგოს – როცა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ქვეყანას ცენტრალურ აზიაში, მათ თავიანთი გზა აქვთ, ჰყავთ საკუთარი დიქტატორები და გააკეთებენ იმას, რასაც მოისურვებენ. მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ საქართველოსა და უკრაინას სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი და დროთა განმავლობაში ეს მოხდება, თუნდაც ასოცირების შეთანხმების მეშვეობით, მაგრამ სთხოვო დასავლეთს – დაიცვას საქართველოს ან უკრაინის ტერიტორია რუსი სამხედროებისგან, რომლებიც ამ ქვეყნების მიწაზე იმყოფებიან, არ არის პრაქტიკული. მე ეს პირველად 2014 წელს ვთქვი და მაშინ ეს მართალი მეგონა, ახლა 2022 წელს – არც თუ ისე დარწმუნებული ვარ.