სულ ახლახან ფოთში „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ გაიხსნა. ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც. ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო ორივე ფაზის დასრულების შემდეგ ეს თანხა 120 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზრდება. საინტერესოა, რომ 50 მილიონ აშშ დოლარს აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაცია — DFC გამოყოფს. რამდენად უკავშირდება ეს კონკრეტული აქტივობა შავ ზღვაზე გავლენების გაძლიერებას? – ამ თემაზე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია „თბილისელებთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს: „ანაკლიის პროექტის თავდაპირველი ინიციტორი იყო ჩინეთი. მე ეს ვიცი უშუალოდ ჩინელებისგან. ჩინეთმა დაიწყო საქართველოში ანაკლიის პროექტის განხორციელება „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში. შემდეგ ამერიკელებმა ჩაიგდეს ხელში ანაკლიის პროექტი. მკითხველს მინდა, ავუხსნა, რომ ერთმანეთს უპირისპირდება ორი მეგაპროექტი: ჩინური „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ და ამერიკული ახალი აბრეშუმის გზის სტრატეგია, რომელიც ამერიკელებმა 1997 წელს დაიწყეს და 2010 წელს განაახლეს, რითაც სურდათ სამ ზღვაზე (შავი და ბალტიის ზღვები, ასევე, სპარსეთის ყურე) ჰეგემონიის მოპოვება და ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო დერეფნის გაჭრა. ამის საპირწონედ ჩინეთმა 2013 წელს ჯერ ასტანაში და შემდეგ ჯაკარტაში წამოაყენა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ პროექტი, რომელიც აღმოჩნდა უფრო ეფექტიანი და ძლიერი, ვიდრე ამერიკული ახალი აბრეშუმის გზის სტრატეგია. ამდენად, ამ ორი მეგაპროექტის სასტიკ დაპირისპირებას შეეწირა ანაკლიის პროექტი. ეს ფაქტია, ისევე, როგორც არც რუსეთს სჭირდებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობა და, ბუნებრივია, ანაკლიის პროექტის შეჩერებაში შეიმჩნევა რუსეთის კვალიც. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ფოთის პორტის პროექტი ერთგვარი კომპენსაციაა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან: თუკი ჩინეთს მისცეს უფლება, რომ დაეწყოთ თბილისი-ბათუმის სატრანზიტო დერეფნის მშენებლობა, ახლაც მიდის სამუშაოები (ამას ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი, რომელიც სწორედ ჩინეთის პროექტის — „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ განსახორციელებლად შეიქმნა და რიკოთზე გაყვანილი გზა სწორედ ფოთის პორტს უნდა დაუკავშირდეს), ამერიკელებთან ერთად კი აშენებს ფოთის ახალ ნავსადგურს. ანუ საქართველოს ხელისუფლებამ მწვადიც დაწვა და შამფურიც. ჩინელებს გადასცა დასავლეთ-აღმოსავლეთ გზის რეაბილიტაცია, ხოლო ამერიკელებს კარტ-ბლანში მისცა ფოთის პორტში.
არაა გამორიცხული, რომ ჩინელებმაც გამოიყენონ ამერიკელების აშენებული ფოთის ახალი ნავსადგური და შემდგომში ეს პორტი ხელშიც ჩაიგდონ, როგორც მოიქცნენ ვენეციაში, კონსტანტაში და სხვაგან… შესაბამისად, ფოთის პორტს აქვს სხვა პერსპექტივებიც, მით უმეტეს, რომ საუბარია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რაც საკმაოდ სოლიდურ პერსპექტივებს გვიჩენს“.