გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩამოსულები“: რა პრობლემები აქვთ საქართველოში გაქცეულ რუსებს და ბელარუსებს“. მასში განხილულ-გაანალიზებულია ბელარუსისა და რუსეთის იმ მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში თავი საქართველოს შეაფარეს — პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოტივებით.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ რუსეთის მოქალაქეების უცხოური მიგრაციის ახალი ტალღა გამოიწვია, მაგრამ ქვეყნიდან წასვლის საბიუჯეტო (მცირეხარჯიანი) მარშრუტები მაინცდამაინც ბევრი არ აღმოჩნდა. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა გახდა, სადაც ჯერ ბელარუსები გაექცნენ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიებს, შემდეგ კი მათ ვლადიმერ პუტინის მუქარისგან შეშინებული რუსებიც მიჰყვნენ. მასობრივი ემიგრაციის პრობლემა რომ საქართველოში უკვე შესამჩნევია, ამას მოწმობს არა მხოლოდ სხვადასხვა სახის ყოფითი ინციდენტები, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული წინააღმდეგობრივი კომენტარები.
რას ამბობს ქართული სტატისტიკა
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მარტის მეორე ნახევარში ოპტიმისტური სტატისტიკა გამოაქვეყნა — წლის დასაწყისიდან ქვვეყნის ტერიტორიაზე შევიდა დაახლოებით 165 ათასი უცხოელი სტუმარი, რომლებმაც 105 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ამ მონაცემებს კომენტარი გაუკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა: მან დაასახელა ციფრები ფრაზით — „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ“ – 165 ათასი შემოსულიდან რუსეთის მოქალაქე 30 ათასია, თუმცა მათგან 18 ათასი საქართველოდან სხვა ქვეყნებში წავიდა.
ამრიგად, დაახლოებით 12 ათასი რუსი საქართველოში დარჩა, რომლებიც, რა თქმა უნდა, ტურისტები არ იყვნენ. გარდა ამისა, გაიზარდა ბელარუსიდან შემოსულთა რაოდენობა უკრაინის ომის დაწყებიდან — 15 ათასზე მეტით. თვითონ უკრაინიდან მაინცდამაინც ბევრი ემიგრანტი არ არის — სულ 8700 ადამიანი — თითქმის იმდენი, რამდენიც წინა წლებში შემოდიოდა. აი, ამ ციფრების ირგვლივ დაიწყო ვნებათაღელვა: ადგილობრივ მასმედიაში, სოციალურ ქსელებში და ქუჩაშიც კი ზოგჯერ შეხლა-შემოხლის ფაქტები ხდება — ვიღაცეებს მიაჩნია, რომ საქართველოში დარჩენილი რუსები ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მსხვერპლნი არიან… საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსული პასპორტების მქონე პირებს ღამის კლუბებში არ უშვებდნენ, ხოლო ზოგიერთმა კაფე-ბარმა რუსებისთვის სპეციალური 15-პუნქტიანი ანკეტები შემოიღო, ვლადიმერ პუტინის დაგმობითა და ყირიმის უკრაინის კუთვნილებად აღიარებით.
საქართველოში „ჩამოსულების“ პრობლემა
როგორც ანტონ მიხალჩუკი, საქართველოში მოქმედი ფონდის Free Russia Foundation-ის კოორდინატორი ამბობს, ამ სფეროში ნეგატივების მთელი გროვაა: „პირველი — ვლადიმერ პუტინის ჯარი მოვა და ამ რუსებს უკან წაიყვანს; მეორე — რუსები ცუდ გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკაზე — დიდი რაოდენობით ევროსა და დოლარს გაიტანენ და ლარის კურსი დაეცემა; რუსები არიან დამნაშავენი იმაში, რომ ბინის დაქირავება ძვირდება… დაბოლოს, არის აზრი, რომ რუსი ლტოლვილი სინამდვილეში ლტოლვილი კი არ არის, არამედ მშიშარა და მხდარი პიროვნებაა, რომელმაც პუტინის რეჟიმისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ მოისურვა.
თბილისში ბინის დაქირავება პრობლემად იქცა. ბელარუსი აქტივისტის ლევ მიხეევის თქმით, მართალია, ეს საკითხი ადრეც იდგა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით გართულდა. ვინც პირველები ჩამოვიდნენ, მათ ბინის დაქირავება იაფად მოახერხეს, დანარჩენებს კი უფრო ძვირი ვარიანტები დარჩათ. ანტონ მიხალჩუკის აზრით კი, ბინის დაქირავების დროს ყურადღება ექცევა მოქალაქეობას — თუ გამქირავებელი გაიგებს, რომ დამქირავებელი რუსეთის მოქალაქეა, მისთვის ორმაგად ძვირს აფასებს, ან საერთოდ უარს ეუბნება.
ემოციები მატულობს…
არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ ხელმძღვანელის, პარლამენტის ყოფილი წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ვარაუდით, ერთი შეხედვით, ბელარუსები და რუსები თითქოსდა თანაბარ სიტუაციაში იმყოფებიან, მაგრამ მათი მდგომარეობა მაინც განსხვავდება. „ქართული საზოგადოება სტუმართმოყვარულია, — ხაზს უსვამს ექს-დეპუტატი, — მაგრამ იმავდროულად ძალიან ემოციურიც. როცა ბელარუსმა თავისი ტერიტორია რუსეთის ჯარს დაუთმო [უკრაინაში შეჭრისთვის], ამ ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში ნეგატიური ემოციები გამოიწვია — იყო შემთხვევები, როცა ბელარუსებისათვის ქართულ ბანკებში ანგარიშის გახსნაზე შეზღუდვებს უწესებდნენ, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია დარეგულირდა.
რუსებთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო რთულია: ქართველებისთვის უკრაინაში მიმდინარე ომი 2008 წლის ომის „დეჟა-ვიუს“ წარმოადგენს. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტები გამომწვევად იქცეოდნენ… საქართველო მხარს უჭერს რუს დისიდენტებს, მაგრამ რუსეთიდან ჩამოსულებიდან ბევრი დისიდენტი კი არაა, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც სანქციების გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა და ახლა საქართველოში აპირებს პირადი შემოსავლების საკითხის მოგვარებას“, — დარწმუნებულია დიმიტრი ცქიტიშვილი.
ეგზისტენციური კითხვა: „სად წავიდეთ?“
ის, რაც დღეს თბილისში ხდება, რუსეთის მოქალაქეებში შინაგან ეგზისტენციურ კითხვას ბადებს — სად წავიდნენ, რომელ სახელმწიფოში. ანტონ მიხალჩუკის თქმით, როცა რუსები კედლებზე წარწერებს ხედავენ — „რუსებო, წაეთრიეთ საქართველოდან!“, რასაკვირველია, საფრთხის გრძნობა უჩნდებათ და ფიქრობენ, რომ მათი ადგილი ქვეყანაში არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსებს ქუჩაში არავინ არ სცემს (ეროვნულობის გამო) და ამიტომ ისინი მაინც საქართველოში რჩებიან.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო თვეებში რუსეთიდან საზღვარგარეთ დაახლოებით 200 ათასი ადამიანი წავიდა. ემიგრაციის საკმაოდ დიდი ტალღაა, მაგრამ სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ძლიერი დიასპორის შესაქმნელად საკმარისი მაინც არ არის. „რუსებს არ ჰყავთ ისეთი მეგობრული ქვეყანა, სადაც მათ უპრობლემოდ, ხელგაშლით მიიღებენ. რუსეთის საგარეო პოლიტიკამ ბოლო წლებში მსოფლიოში ისეთი მდგომარეობა შექმნა, რომ ადამიანებს რუსის დანახვაზე ომი ახსენდებათ“, — ამბობს ანტონ მიხალჩუკი.
თარგმნა სიმონ კილაძემ
წყარო: https://p.dw.com/p/49Xin