აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, პუტინის მრჩევლები რუსეთის პრეზიდენტს რუსი სამხედრო ძალების რეალურ მდგომარეობას უმალავენ.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი„ წერს, პუტინის მრჩევლები პრეზიდენტისთვის ცუდი სიახლეების მიწოდებას შიშის გამო ერიდებიან. ამის შესახებ გამოცემას აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ეს მოცემულობა საფრთხეს უქმნის რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რადგან რუსული მხარე გადაწყვეტილებებს არასრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს. ამასთანავე, როგორც თეთრი სახლის სპიკერი ქეით ბედინგფილდი აცხადებს, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი თვლის, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა ის მოატყუეს, რამაც რუსეთის პრეზიდენტსა და მის სამხედრო ლიდერებს შორის დაძაბულობის გაზრდა გამოიწვია.
„ჩვენ გვჯერა, რომ პუტინის მრჩევლები მას არასრულ ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ როგორ ცუდად ვითარდება რუსეთისთვის სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, თუ როგორ ცუდად აისახა ეკონომიკური სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე და ა.შ., რადგან მის მრჩევლებს ზედმეტად ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმა“, — აცხადებს ბედინგფილდი
რუსული მხარის მიერ ქვეყნის ლიდერისთვის მხოლოდ არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდების პრობლემას პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბიც შეეხო.
„თუ ის სრულად ინფორმირებული არ არის იმის თაობაზე, თუ როგორ ცუდ მდგომარეობაშია რუსეთი, მაშინ როგორ უნდა შეიმუშაოს რუსულმა მხარემ ისეთი შეთანხმება, რომელიც დროს გაუძლებს?“ — აცხადებს კირბი.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბულში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები ორივე მხარემ დადებითად შეაფასა.
მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ რადიკალურად შეამცირებდა სამხედრო აქტივობებს კიევის და ჩერნიგოვის მიმართულებით, ხოლო უკრაინამ მზადყოფნა გამოთქვა ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.
თუმცა მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებისგან ურთიერთგამომირცხავი განცხადებები მოვისმინეთ. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ კიევის და ჩერნიგოვის გარშემო განლაგებულმა რუსეთის სამხედრო ძალებმა უკან დაიხიეს, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტოს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ სამხედრო ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთისკენ მიმართავდა.