გვესაუბრება პოეტი, თსუ-ის პროფესორი გიორგი ლობჟანიძე
„რაულს ლექსიც დავუწერე ერთხელ, მაგრამ ეს არ ყოფილა ქათინაური, ეს იყო მისი პიროვნების რეალური შეფასება. ის, ფაქტობრივად, ამ ქვეყნის და უკრაინის განძია. ისაა ძალიან მაღალი დონის სალიტერატურო, სამეცნიერო და დიპლომატიური ურთიერთობების ცოცხალი ხიდი, ბმული ორ ხალხს შორის. ამიტომ რაულს ორივე მხარე უნდა ვუფრთხილდებოდეთ. ახლა უკვე საქართველოზეა, ასეთ მძიმე წუთებში დაბრუნებულ რაულს როგორ დავაფასებთ, გვერდში როგორ ამოვიყენებთ და გავუწევთ ყველანაირ დახმარებას.
მართალი გითხრათ, ვერ დავეთანხმები რაულს ქართულ ჰიმნთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებზე. ალბათ, რაულმა გარკვეული პირობების გათვალისწინებით თქვა, რომ ქართული ჰიმნი საქართველოს და ქართველების არსს არ გამოხატავს. სიმართლე რომ გითხრათ, არ მომწონსთქო ჰიმნის ტექსტი, ვერ ვიტყვი. უკეთესსა და შედევრის შექმნაზე ფიქრი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ეს არ არის ის ტექსტი, რომელიც, შეგვიძლია, ასე ხელაღებით დავიწუნოთ. მისი ავტორის მიმართ, რომელიც ცოცხალია, რომელიც ასევე ჩემი საყვარელი კოლეგაა — დავით მაღრაძე, მინდა, მისადმი ჩემი უდიდესი მხარდაჭერა გამოვხატო, რადგან ქართველ პოეტებს ერთმანეთის მეტი, თითქოს, არავინ გვყავს. და როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში დათო მაღრაძეზე მქონდეს კრიტიკული აზრი. მოდით, დამთავრდეს ეს ომი უკრაინაში, დალაგდეს ყველაფერი და მერე ვილაპარაკოთ — ვის მოგვწონს და არ მოგვწონს, ვის რატომ მოგვწონს და რატომ არ მოგვწონს. თუ იმიტომ არ მოგვწონს, რომ მართლა რაღაც მხატვრულად და იდეურად მიუღებელია რაიმე ამ ტექსტში, კი ბატონო, ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ თუ იმიტომ არ მოგვწონს, რომ (ამას რაულზე არ ვამბობ) არ გვიჯდება ჭკუაში დათო მაღრაძე, როგორც პიროვნება, ვიტყვი ერთს: პიროვნულ დამოკიდებულებებს ნუ გადავიტანთ საერთო საქმეზე და, მითუმეტეს, ეროვნულ სიმბოლოებზე. თავის დროზე შეიქმნა კომისია და ამ კომისიაში იყვნენ ლიტერატორები, გამოცდილი და გემოვნებიანი ხალხი, რომელთაც მოაწერეს ხელი ამ ჰიმნის არჩევას. ახლა ცოტა სხვაგვარ რაკურსში სჭირდება ამ თემას განხილვა, თუ რაიმე არ მოგვწონს“, — აცხადებს პოეტი, მთარგმნელი, პროფესორი გიორგი ლობჟანიძე.