გახსოვთ ბრძენკაცმა რომ თქვა? – „ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს!“
მაგრამ, ვაი რომ ჩვენი „უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა“ ვერ დავიფარეთ და… შეეხო „ცოდვილის ხელი“…
მრავალჯერ გავიხსენეთ ისტორია – თუნდაც მე-19 საუკუნის ძნელბედობა დედაენისა… და, საბედნიეროდ, დავძლიეთ… მოვედით 21-ე საუკუნემდე… სამწუხაროდ, დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში ისევ ვსაუბრობთ „დედაენის ძნელბედობაზე“… არ არის ეს არც გადაჭარბება და არც ახირება (ასეც ეგონათ „ზოგ-ზოგებს“)… გავიმეორებ არაერთგზის ნათქვამს: მე-3 ათასწლეულის კარიბჭესთან (2004-2005 წლებში) ქართული ენის მიმართ გატარდა უმკაცრესი „სამთავრობო ღონისძიებანი“:
გააუქმეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია;
გააუქმეს პარლამენტში ქართული ენის ქვეკომიტეტი;
გააუქმეს ენის სახელმწიფო პალატა;
გაქრა („დაიკარგაო“) პარლამენტში განსახილველად შეტანილი „ენის კანონი“;
გააუქმეს ყველა ჟურნალი და გაზეთი, რომელიც ქართულ ენას ეხებოდა;
გააუქმეს ყველა ტელე და რადიოგადაცემა ქართული ენის შესახებ;
შეამცირეს სკოლებში ქართული ენის საათები…
პირველ კლასში ქართული ენის საათები გაუყვეს უცხო ენას…
გააუქმეს სავალდებულო-საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა” (ქართული მეტყველების კულტურა), რომელიც ისწავლებოდა ყველა არაჰუმანიტარულ ფაკულტეტზე…
აი, ამ „სამთავრობო ღონისძიებებს“ მოჰყვა „კერძო ინიციატივები“ (დაგეგმილი თუ „გაუთვალისწინებელი“) და ჩვენს უნივერსიტეტში – დედაუნივერსიტეტში! – ამ ტალღამ (ერთგან „ნაცტალღაც“ ვუწოდე) თავისი „ცოდვილი ხელი“ მკაცრად ჩასჭიდა ქართულ ენას და… ვწერდით ამის თაობაზეც არაერთგზის:
2005-2006 წლებიდან „ქართული ენა“ აღარ ისწავლება:
დასავლეთ ევროპის ენების (ინგლისურის, გერმანულის, ფრანგულის, იტალიურის, ესპანურის…) სპეციალობებზე…
კლასიკური ფილოლოგიისა და ახალი ბერძნულის სპეციალობებზე;
აღმოსავლური ენების (არაბული, სპარსული, თურქული, სომხური, სემიტური…) სპეციალობებზე;
კავკასიურ ენათა სპეციალობაზე ერთსემესტრიანი კურსი საკმარისიაო…
ქართული ფილოლოგიის სპეციალისტთათვის „ქართული დიალექტოლოგია“ აღარაა სავალდებულო საგანი…
საქართველოს ისტორიის მომავალი სპეციალისტები აღარ სწავლობენ ძველ ქართულ ენას…
ეთნოლოგიის სპეციალისტებისთვის უცხოა ქართული დიალექტოლოგია და ა. შ…
მე არ შემხვედრია პროფესიონალი, რომელსაც ეთქვას, რომ ამ სპეციალობებისათვის არ არის აუცილებელი ქართულის ცოდნაო… (თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, შემიძლია ვისაუბრო მასთან ამ თემაზე…)
* *
არ იფიქროთ, რომ ეს საკითხი დღეს გამახსენდა; მხოლოდ რამდენიმე ფაქტს დავასახელებ: ამ საკითხზე ადრეც არაერთგზის ვწერდი – ასეთი შეტევა ქართულ ენაზე არ ყოფილა XIX საუკუნეში: გაზეთი „რეზონანსი“, 18 ნოემბერი, 2004 არ მიდის ტაძრისკენ ეს გზა: გაზეთი „ახალი განათლება“, 21-22 ოქტომბერი, 2004 რას იტყვის ჩვენზე შთამომავლობა?: „თბილისი“, 2004 ბედი ქართული ენისა მესამე ათასწლეულის კარიბჭესთან: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 11 მარტი, 2005; (ცალკე ბროშურად დაიბეჭდა 2009 წელს)… და მრავალი სხვა…
დედაუნივერსიტეტში ქართული ენის სწავლების მდგომარეობის შესახებ გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“ 2016 წლის 1 დეკემბრის ნომერში გამოვაქვეყნე ვრცელი წერილი „დედაუნივერსიტეტში ქართული ენა აღარ არის პრიორიტეტული“;
2021 წელს ისევ გავაცოცხლე ეს თემა: „დაუბრუნდება თუ არა ქართული ენა კუთვნილ ღირსეულ ადგილს“ (გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“. თარიღი: 31/10/2021)…
ეს ძირითადი… სხვასაც უამრავ მაგალითს მოვიყვან ამ თემაზე საუბრისას პრესაში, ტელევიზიაში… ამას წინათ თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის გადაცემაში „უნივერსია” მთელი საათი ვისაუბრეთ ამ თემაზე… საკითხი გახმიანდა აკადემიურ საბჭოზეც (უფრო ადრე რექტორის მრჩეველთა საბჭოზე – 2014 წ.)… იქმნება საგანგებო ჯგუფიც საკითხის შესასწავლად…
და ყველაფერი ისევ ისე რჩება!
* *
რა გამოდის:სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი საუბრად რჩება?რასაც შეეხო „ცოდვილი ხელი“, სამუდამოდ გაიწირა?
არ უშველა ქართული ენის სწავლების მდგომარეობის გამოსწორებას:არც „სახელმწიფო ენის შესახებ კანონის“ მიღებამ (2015 წ.);არც „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის „ შექმნამ (2017 წ.);არც მთავრობის მიერ „სახელმწიფო ენის სტრატეგიის დამტკიცებამ“ (2021 წ.)???
* *
იქნებ მოიცალონ და ამ თემაზე იმსჯელონ:
საქართველოს მთავრობამ…
საქართველოს პარლამენტმა…
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა…
და კონკრეტულად: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ…
* *
ვისურვებდი, 2023 წლის 14 აპრილს მოგვარებულ პრობლემებზე გვესაუბრა…
გიორგი გოგოლაშვილი
6 აპრილი, 2022 წელი.