გვესაუბრება თსუ–ის ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი
ჩვენ დავაფიქსირეთ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და, ცხადია, ეს თანხმობა და წევრობის დაჩქარებული პროცესი გამართლებულია. მე ვიცნობ სხვადასხვა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ამჟამად ევროკავშირის და ჩვენი სტანდარტების, მოთხოვნების და პირობების თანხვედრა არის, დაახლოებით, 40-50%. ეს მაჩვენებელი უახლოეს პერიოდში 60-70 %-მდე გაიზრდება. შესაბამისობის ის აუცილებელი პირობა, რაც შეეხება ეკონომიკას და სამართლებრივ სფეროს, უნდა დაკმაყოფილდეს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის ქვეყნების გარემოში თავი კონკურენტუნარიანად და თანასწორად იგრძნოს და მოახერხოს ევროკავშირის შესაძლებლობების სრულად გამოყენება. მხედველობაშია ის, რომ კანდიდატი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ცნობილ ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმებს“. დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ყველასთვის ცხადია, რომ აუცილებელია ჩვენი კონცენტრირებული ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირის წევრობისათვის აუცილებელი ზემოაღნიშნული კრიტერიუმების დაჩქარებულ რეჟიმში დაკმაყოფილებისათვის.
ევროკავშირის წევრობით ქვეყანას ეძლევა ახალი შესაძლებლობები, თუმცა, საქართველოსთვის უკვე ასოცირების შესახებ შეთანხმება (რომელსაც ხელი მოეწერა და მიღებულია ჯერ კიდევ 27.06.2014) ქმნის მნიშვნელოვან სტიმულსა და ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ევროკავშირთან თავსებადობის მაღალი დონის მიღწევისთვის.
რაც შეხება ევროკავშირის წევრობას, რა თქმა უნდა, ეს უკვე ინტეგრაციის სხვა უმაღლესი დონეა და გულისხმობს ქვეყნის სრულ ჩართულობას ევროკავშირის ეკონომიკურ სისტემაში – ერთიანი ბაზრის ფორმატში. აღსანიშნავია, რომ ის ეფუძნება ცნობილ 4 თავისუფლებას, როგორიცაა საქონლის გადაადგილების, ადამიანთა გადაადგილების, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლება. მაგალითად, ადამიანთა (პირთა) თავისუფალი გადაადგილება, რომელსაც ორგვარი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, ეხება მუშახელის თავისუფალ გადაადგილებას, რაშიც იგულისხმება ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მოქალაქის მიმართ ნებისმიერი დისკრიმინაციის აკრძალვა სამუშაოზე დაქირავებისას, ანაზღაურებისას ან სხვა სამუშაო პირობების განსაზღვრისას. მეორე მხრივ, პირთა თავისუფალი გადაადგილების უფლება გულისხმობს თითოეული წევრი სახელმწიფოს მოქალაქის უფლებას – იცხოვროს ან ეკონომიკური საქმიანობა აწარმოოს მეორე წევრ სახელმწიფოში. უნდა აღინიშნოს, რომ აქ ჩნდება მიგრაციული ნაკადების გაჩენის მაღალი რისკები განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებიდან განვითარებული ქვეყნების მიმართულებით, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ეს შეეხება ახალგაზრდობას, რომლის მისწრაფება – უკეთეს გარემოში იცხოვროს და დასაქმდეს, გასაგებია. აქ მე ვგულისხმობ ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, განვითარებული რეალური სექტორის არსებობას, სამეწარმეო სფეროს ეფექტიან ჩართულობას ევროკავშირის ბიზნესგარემოში. ამ დღეებში მიღებული რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, იმედი მაქვს, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის გზაზე პროცესის დაჩქარებას და შესაბამისი აუცილებელი სისტემური ღონისძიებების განხორციელებას.
ამასთან, ვფიქრობ, ფრიად მნიშვნელოვანია ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს დღევანდელი ფორმატით ჩართულობის პოტენციალისა და შესაძლებლობების მთლიანი გამოყენება. პირველ რიგში იგულისხმება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის კომპლექსური მოდერნიზაცია-სრულყოფა და მისი მდგრადობის დონის ამაღლება, რასაც დღევანდელი უკვე გლობალური ხასიათის გამოწვევების ფონზე არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის — სავსებით მართებულად აღნიშნავს აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა იმის შესახებ, რომ უკრაინის ომი შეცვლის მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურას. საქართველომ უნდა მოახერხოს ამ პირობებში თავისი ღირსეული ადგილის დაკავება.