ქვეყანა, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, რთული და დიდხნიანი პროცესების გავლა უწევს, რასაც, შესაძლოა, რამდენიმე წელი ან ათწლეულიც დასჭირდეს. ამ პერიოდში კანდიდატ ქვეყანას განსაკუთრებული ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ, მათ შორის, ისეთი რეფორმების გატარებას ქვეყანაში, როგორიც თავად ევროკავშირის სახელმწიფოების ნორმასთანაა ახლოს.
რაც მთავარია, მთელი პროცესი ეყრდნობა 27 წევრი სახელმწიფოს პოლიტიკურ ნებას. მაშინაც კი, თუ კომისია აწარმოებს კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს და მოსამზადებელ სამუშაოებს აკვირდება, საკუთრივ ევროკავშირში შემავალი 27-ივე ქვეყნის დედაქალაქმა ერთობლივად უნდა აუნთოს კანდიდატ ქვეყანას თითოეულ ნაბიჯზე მწვანე შუქი.
კონსესუსის მიღწევის აუცილებლობა მუდმივი დაბრკოლება აღმოჩნდა ევროკავშირის გაფართოებისთვის. დღეს ბულგარეთი ჩრდილოეთ მაკედონიას და ალბანეთს ბლოკავს ევროკავშირის წევრობაზე ისტორიული და ენობრივი ხანგრძლივი დავების გამო. ამავდროულად, დანარჩენი სამი ოფიციალური კანდიდატი – მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი – ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან, რადგან ამ მიმართულებით ქვეყნებს წინსვლა არ აქვთ. ანკარას შემთხვევაში, მათ გაწევრიანებაზე მოთხოვნა 1987 წელს შეიტანეს.
ბლოკი გაფართოებას არ ჩქარობს, პროცესები, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული, რაც კარგად ასახავს დაბალ პოლიტიკურ მადას კავშირის ახალი წევრების მიღებაზე. ამასთან, ევროკავშირის შიგნით რამდენიმე კონფლიქტია და ზოგიერთ ქვეყანას აკრიტიკებენ დემოკრატიული თვალსაზრისით უკან დახევის გამოც.
მაგრამ, დაჩქარდება თუ არა პროცესი და აღმოჩნდება თუ არა უკრაინისთვის შედარებით მარტივი გაწევრიანების პოცედურების გავლა, ამ საკითხზე ბევრი დავობს. უკრაინელებს სჯერათ, რომ რუსეთის უკანონო შეჭრა თავიანთ ტერიტორიებზე ევროკავშირს მისცემს დამატებით სტიმულს, რათა კიევის დიდი მოლოდინი აღსრულდეს.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მიზნად ისახავს კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირს ნორმებთან სრულ შესაბამისობაში (დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ სტანდარტებთან) მოყვანას. პროცედურა დაყოფილია ოთხ ძირითად ეტაპად: განაცხადის გაგზავნა, კანდიდატის ნომინაცია, მოლაპარაკებები და გაწევრიანება.
შეხვდება თუ არა დაბრკოლება უკრაინას ევროპულ გზაზე?
პირველი პუნქტი – განცხადების გაგზავნა – ვოლოდომირ ზელენსკიმ უკვე შეასრულა. როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადი ევროკავშირის უმეტესმა ქვეყნებმა მყისვე მიიღეს. ამის შემდეგ საბჭოს შეუძლია ერთხმად დაამტკიცოს უკრაინის განაცხადი, ხოლო პარლამენტმა თანხმობა უნდა მისცეს ხმათა უმრავლესობით. თუ ყველა მხარე იტყვის „კი“-ს, უკრაინა ოფიციალურად გახდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
ამ პროცედურების შემდეგ, კომისია შესთავაზებს უკრაინას მოლაპარაკებების გარკვეულ ჩარჩოს, რომელიც ასევე უნდა დამტკიცდეს 27-ივე ქვეყნის მიერ. დიდად სავარაუდოა, რომ დისკუსიის დაწყებამდე უკრაინას მოსთხოვენ რეფორმების დაწყებას.
შემდეგი პროცედურა არის კომისიის მანდატის გამოყენება, რითაც წარმართავს მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებების პროტოკოლი დაყოფილია 35 თავად, რომლებიც დაჯგუფებულია 6 ძირითად ბლოკად: ფონდები, შიდა ბაზრები, კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კომუნიკაცია; რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა; და საგარეო ურთიერთობები.
პროცესი მკაცრად კონტროლდება, თითოეული თავი „იხსნება“ მხოლოდ მას შემდეგ, რაც წინა საფეხური კარგად იქნება დახურული. ფონდები, რომლებიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები და სახელმწიფო ინსტიტუტები, არის პირველი თავი, რომელიც გაიხსნება, მაგრამ ის ბოლო დაიხურება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ბაზისურ დემოკრატიულ ღირებულებებს.
ეს აქცენტი დემოკრატიაზე შეიძლება იყოს სერიოზული დაბრკოლება უკრაინის ევროპულ გზაზე. ქვეყანას საერთაშორისო ინდექსებში ცუდი შედეგები აქვს, Freedom House-მა მას „ნაწილობრივ თავისუფალი“ უწოდა, ხოლო Economist-მა – „ჰიბრიდული რეჟიმი“. რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ამბობენ, რომ ოლიგარქების კონტროლი მედიაზე ჯერ კიდევ ძალიან დიდია.
„უკრაინაში რევოლუციის შემდეგ (მაიდანი) ქვეყანა, რა თქმა უნდა, პროდემოკრატიულ და პროევროპულ გზას დაადგა. თუმცა, მისი დემოკრატია ჯერ კიდევ მყიფეა და კანონის უზენაესობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ აღსრულებული“, – ამბობს იანა იუზოვა, დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრის – ევროპეუმის მკვლევარი, რომელიც დაინტერესებულია ევროპული ინტეგრაციის საკითხებით.
„დემოკრატიის თვალსაზრისით, უკრაინა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების თანაბარ ან კიდევ უფრო დაბალ ნიშნულზეა. კორუფცია, სასამართლო სისტემის ფუნქციონირება და სასამართლო დამოუკიდებლობის დაბალი მაჩვენებელი, სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები – ეს ის საკითხებია, რაც კვლავ რჩება ყველაზე პრობლემურ საკითხთა შორის“, – აცხადებს იანა იუზოვა.
იუზოვას აზრით, იმ ფაქტმა, რომ უკრაინა თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს სრულად თავის ტერიტორიაზე (საუბარია ყირიმის უკანონო ანექსიაზე რუსეთის მიერ და ორი სეპარატისტული რეგიონის – დონბასისა და ლუგანსკის არსებობაზე), შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს საქმე.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს კარგად განსაზღვრული და გაძლიერებული საზღვრები და არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა“, – განუცხადა მკვლევარმა Euronews-ს.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, დადგენილებით, ძალიან რთული უნდა იყოს“, – ამბობს ის და დასძენს: – „მე არ ვიქნები ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის თვალსაზრისით უახლოეს მომავალში“.
შარლ მიშელი: ეს არ არის ის, რაც შეიძლება ერთ ღამეში მოხდეს
მოლაპარაკებების მთავარი მიზანია – კანდიდატი ქვეყანა მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროკავშირის ყველა დადგენილ ნორმას, კანონს და პოლიტიკურ სტრუქტურას. ქვეყანას, რომელსაც სურს ბლოკში გაწევრიანება, უნდა შეეძლოს და გაუმკლავდეს კონკრეტულ ზეწოლას და საბაზრო ძალებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.
35-ე თავის განხილვის დასრულების შემდეგ მუშავდება გაწევრიანების შეთანხმება. ტექსტი ერთხმად უნდა იყოს რატიფიცირებული საბჭოსა და 27-ივე ქვეყნის ეროვნული პარლამენტის მიერ (ქვედა და ზედა პალატა), ასევე ევროპარლამენტის უმრავლესობით.
საშუალოდ, წარმატებულ მოლაპარაკებებს 4-იდან 5 წლამდე სჭირდება.
ავსტრიამ, ფინეთმა და შვედეთმა დავალება 2 წელზე ნაკლებ დროში შეასრულეს, ხოლო ხორვატიას, ბოლო ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა, თითქმის 8 წელი დასჭირდა. დაჩქარება განისაზღვრება როგორც კანდიდატი ქვეყნის რეფორმების სისწრაფით, ასევე, საბჭოს პოლიტიკური ინტერესით ახალი თავების დახურვისა და გახსნის შესახებ.
„ეს არ არის ის, რაც შეიძლება ერთ ღამეში მოხდეს. ამას დრო დასჭირდება, როგორც ამჟამინდელი პრაქტიკული პრობლემების, ასევე ევროკავშირის წინაშე მდგარი პრიორიტეტების გამო“, – განუცხადა Euronews-ს ბრიუსელში მოქმედი ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC) უფროსმა, პოლიტიკის ანალიტიკოსმა კორინა სტრატულატმა.
„წევრობა უკრაინის დიდი ხნის მოთხოვნაა, მაგრამ ევროკავშირის შიგნით არის განსხვავებული მოსაზრებები და შეშფოთება გაფართოების შესახებ“, – თქვა მიშელმა.
მოვლენები როგორ განვითარდება, რთულად სავარაუდოა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ 1945 წლის შემდეგ ევროპაში ამ მასშტაბის სამხედრო კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
დღეს საქართველოს ხელისუფლებამ იგივე ნაბიჯი გადადგა. საქართველოს აქვს პრეტენზია – გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. აქამდე დაანონსებული იყო, რომ საქართველო განაცხდს ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს გააკეთებდა, მაგრამ პროცესები სწრაფად მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, რამდენიმე წლით ადრე, საქართველო იყო რუსული აგრესიის მთავარი სამიზნე, რაც გამოიხატა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვენციით, ორი რეგიონის ოკუპაციით და შემდგომ მათი აღიარებით (როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებად) და მცოცავი ოკუპაციით, რომელიც დღემდე გრძელდება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს დასავლეთმა ბევრი რამ გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით, არ იქნება აზრს მოკლებული – თუ ევროკავშირი ამ ორ ქვეყანას – საქართველოსა და უკრაინას – კანდიდატი ქვეყნების სტატუსს მიანიჭებს.
მოამზადა ლუკა ჯინჭარაძემ
წყარო – ევრონიუსი https://www.euronews.com/my-europe/2022/03/01/ukraine-is-pushing-for-eu-membership-but-what-are-the-real-chances