გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე
რ.ს.“ზელენსკისადმი დამოკიდებულება გაცილებით არასერიოზული იყო, სანამ უკრაინაზე შეტევა დაიწყებოდა და სანამ ზელენსკი რუსეთთან წარმატებით მებრძოლი ქვეყნის პრეზიდენტად გამოიკვეთებოდა. ზელენსკი საკმაოდ აქტიურია ამ როლში, მებრძოლი უკრაინის ლიდერის როლში. ვხედავთ, რომ სულ არის ვიდეო კონტაქტში მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრებთან და ხან ფეხზე ადგომით უკრავენ ტაშს და ხან, თუ ფეხზე არ ადგებიან, ყურადღებით უსმენენ და პრაქტიკულად ასრულებენ იმას, რასაც ის ითხოვს. ამას წინ უძღვოდა ძალიან ფართო კამპანია ამერიკისა და ინგლისის ხელმძღვანელობით, იმის თაობაზე, რომ უკრაინა ჩვენ და დასავლეთმა არ უნდა დავთმოთ და მაქსიმალურად გავუწიოთ წინააღმდეგობა პუტინს. პუტინის მიმართ წინააღმდეგობის ჭრილში გამოიკვეთა ეკონომიკური სანქციები, როგორც ბრძოლის მეთოდი. უპრეცედენტო სურათი არის სანქციებისა რუსეთის წინააღმდეგ, ისეთი, რომ არც კი ჩანს რუსეთის, როგორც ქვეყნის, პერსპექტივა ამ სანქციების ფონზე. მე მოვყევი ის ამბავი, რომელიც ყველამ ვიცით და ვუყურებთ ყოველდღიურად. თუმცა, დავამატებ, რომ როდესაც ასეთი საყოველთაო მხარდაჭერა აქვს ფიგურას, როდესაც თვითონ ეს ადამიანი ძალიან აქტიურია და კიდევ უფრო მეტ დახმარებასა და მხარდაჭერას ითხოვს, იბრძვის, ამ სიტყვის სრული გაგებით, მისადმი დამოკიდებულება ყალიბდება, როგორც ლიდერისადმი. ამიტომ, რასაც ის ამბობს, მით უმეტეს, რომ მეორე მხარე აბსოლუტურად მიუღებელი მხარეა, რუსეთს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, უმრავლესობისათვის, მით უმეტეს, საქართველოში, რომელსაც დიდი იარა აქვს დღემდე რუსეთისგან მიყენებული, ზელენსკი ავტორიტეტად იქნება აღიარებული. არსებობს კიდევ ერთი მექანიზმი — ვისაც სხვები აღიარებენ, მეც ვაღიარებ; არ მოსწონთ ის, ვინც მე არ მომწონს. ამ დროს ემოციები ჩნდება ჩემში და ამ ემოციების ფონზე მე მიმაჩნია, რომ რასაც ის იტყვის, სწორია”.
მსოფლიოში დღეს აღიარებული ლიდერისგან სააკაშვილის მხარდაჭერა
რით აიხსნება?
რ.ს. „წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ 2008 წელში სააკაშვილს ჰქონოდა ის მხარდაჭერა, რომელიც დღეს აქვს უკრაინას; მეორე მხრივ, სააკაშვილი, როგორც მხედართმთავარი, ყოფილიყო ისეთივე შეუპოვარი, როგორიც არის ზელენსკი. მან მეომრებს ფრონტი დაატოვებინა, თორემ გაცილებით უფრო უარესად შეიარაღებული ქართველები 90-იან წლებში, აფხაზეთის ომში, წელიწადნახევარი იბრძოდნენ. 2008 წლამდე სააკაშვილის მიმართ უკვე იყო უკმაყოფილება. საპროტესტო აქციების მეტი რა იყო? ცოტა ხნით ადრე იყო 2007 წელი. ზელენსკისნაირი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა სააკაშვილს 2008 წელს, მისდამი დამოკიდებულება უფრო მეტად დადებითი არ გახდებოდა, ვიდრე იქამდე იყო? გახდებოდა! სააკაშვილი ისეთივე დარჩებოდა, მაგრამ ბევრ მის ხარვეზზე ადამიანი თვალს დახუჭავდა, რადგან მას ამდენი მხარდამჭერი ეყოლებოდა. მითუმეტეს, უცხოელების მხარდაჭერა, მოგეხსენებათ, რაოდენ ძვირად ფასობს საქართველოში.
უკრაინის ხელმძღვანელობა აშკარად არის სააკაშვილის, როგორც მისი ფიგურისა და მისი გუნდის მომხრე. ომის გარეშეც ხომ ვხედავდით ამას? პოროშენკომაც არ გადმოსცა საქართველოს ის ადამიანები, ვისზეც საქართველოს საქმე ჰქონდა აღძრული. იგივე გააკეთა ზელენსკიმაც. ხაზგასმით უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა ჩვენი ხელისუფლების მიმართ წინა ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს რომ ყოფილიყო ან მხოლოდ პოროშენკოს, ან მხოლოდ ზელენსკის ეტაპზე, შეიძლებოდა სააკაშვილის პიროვნებაში მიზეზების ძებნა, მაგრამ როგორც პოროშენკო, ისე ზელენსკი სააკაშვილისა და მისი გუნდის მომხრეები აღმოჩნდნენ. ესე იგი, პიროვნებებში არ არის საქმე და რაღაც უფრო შორეული მიზეზებია. მე რაღაც ეჭვები კი მაქვს, მაგრამ მიჭირს დარწმუნებით რაიმეს მტკიცება”.
რატომ ხუჭავს დასავლეთი თვალს სააკაშვილის წარსულზე?
რ.ს. „დასავლეთს დისიდენტები უყვარდა საბჭოთა პერიოდში. ახლა უკვე რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები იქცნენ დისიდენტებად. პირველი იყო მიშა სააკაშვილი, მეორე — ზელენსკი. მაგრამ, ზელენსკი მეტად წარმატებული.
იმ სიშორიდან არ ჩანს — როგორი მმართველი იყო სააკაშვილი ქართველი ხალხისთვის, თორემ ვინც აქ მუშაობდა ექსპერტულად, ასე ვთქვათ, მათ იცოდნენ და სწორადაც აფასებდნენ იმას, რაც საქართველოში ხდებოდა.
დასავლეთისა და, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის სააკაშვილი მისაღები პიროვნებაა დღემდე. პოსტსაბჭოთა ქვეყნების — ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა თუ პოლონეთის პოლიტიკოსები სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ სიმპათიებს არ მალავენ. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ებრძოდა რუსებს. რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს სააკაშვილს რუსულ სპეცსამსახურებთან? რა ინტერესი იყო 2008 წლის ომი? ვისი ინტერესი იყო? ვინ რა მოიგო იმ ომის შედეგად? რამდენად რეალისტური იყო ის ბრძოლა? და ა.შ. — ამ დეტალებში დასავლელი პოლიტიკოსები არ შედიან, ან სპეციალურად არ არიან დაინტერესებული ამ საკითხებით. თუ სპეციალურად დაინტერესებული ადამიანები დიდ სიღრმეებში არ შედიან, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება მათი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. იგი ცდილობდა რუსეთთან მებრძოლი გმირის იერი მიეღო და ხმამაღლა ამობდა ამას, მეტაფორულად — დიდ გოლიათთან მებრძოლი დავითი ვარო, ასე აღიქვა ეს დასავლეთმაც და ამიტომ უჭერდა ბოლო მომენტამდე მხარს.
ვის აინტერესებს — ავტორიტარი იყო თუ არა? დავით აღმაშენებელი ავტორიტარი იყო, უდავოდ. უწევს ვინმე ანგარიშს, რომ ავტორიტარი იყო? რა თქმა უნდა, არა!”
იკვეთება თუ არა ამერიკისა და დასავლეთის ეგოისტური ინტერესები ორი პატარა ქვეყნის მსხვერპლად გაწირვის ხარჯზე?
რ.ს. „შეიძლება კი არა, უდავოდ არის ინტერესები. თუმცა ახლა, მითუმეტეს, ომის პირობებში მსგავსი რეპლიკის სროლა, პრინციპში, არ არის გამართლებული და რატომ?! რა თქმა უნდა, ინტერესები ჩართულია. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში ინტერესები ერთვება, ოღონდ დეკლარირებულია სულ სხვა მოტივებით. ჩვენ, უბრალოდ, მუდმივი პრობლემა გვაქვს, რომ დეკლარაციის ტექსტი მიგვაჩნია ჭეშმარიტებად. ჭეშმარიტ მოტივებს დაფიქრება უნდა, დაფიქრება კი არ გვინდა. თორემ, სად არის რეალური მოტივი, ასე გამოკვეთილი, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში? ინგლისი, ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთ ველში რომ შევიდნენ, რა? ერთმანეთი უყვარდათ და იმიტომ შევიდნენ? სამივესთვის საერთო მტერი იყო სახიფათო და ამიტომ გაერთიანდნენ, თორემ, როგორც კი ომი დამთავრდა, ვითარებაც შეიცვალა. აი, ეს რეალობა გავითვალისწინოთ. დღესაც ებრძვიან რუსეთს, მაგრამ რა არის უფრო მნიშვნელოვანი? — ის, რომ რუსეთი დასუსტდეს და გამოეთიშოს თამაშებს; ის, რომ მართლა სახიფათო რუსეთი მოიშორონ თამაშიდან; ის, რომ მთელი რუსეთის ეკონომიკური მარცხის ფონზე უფრო იაფი გახდეს მათთვის, დასავლეთისთვის, რუსეთის პროდუქციის ყიდვა და ა.შ? — ახლა ამაზე მსჯელობა არ არის და არც უნდა იყოს. ახლა მიდის ბრძოლა! მაგრამ უნდა დავუშვათ, რომ ამ ბრძოლაში ყველა თავის ინტერესს ხელმძღვანელობს.
გარდა იმისა, რომ მიუღებელია რაც ხდება, ჩვენთვისაც მიუღებელია ისეთი ჩართულობა, როგორიც დასავლეთის ქვეყნებმა, უპირველეს ყოვლისა, ინგლისმა გამოავლინა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი რაღაც სხვა გათვლებსაც ემყარება, თუნდაც, ერთ ასეთ მონახაზს — თავის დროზე, როცა გამოიკვეთა ჩინეთის ძალიან მნიშვნელოვანი მომძლავრება, დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი შეუშლიდა ხელს ჩინეთის ფიზიკურ, გინდ ეკონომიკურ გავლენებს დასავლეთზე. ჩინეთი იყო ნომერი პირველი მტერი — ალბათ, გახსოვთ, დიდი ხანია ეს კონცეფცია ისმის ამერიკიდან.
აი, ამ ფონზე რუსეთი ადგა და პარტნიორობა დაიწყო ჩინეთთან და წარმოიქმნა საფრთხე იმისა, რომ ხომ არ შეიძლება ჩამოყალიბდეს დიდი აზიური გაერთიანება, რომელიც ხუთმაგად და ათმაგად სახიფათო იქნება, ვიდრე მარტო ჩინეთი. დასავლეთს რა უნდა ექნა ამ შემთხვევაში? ასეთი გაერთიანების შანსი მას უნდა მოესპო იმ რგოლში დარტყმით, რომელიც სუსტი იყო. გაერთიანება გულისხმობს ჩინეთსა და რუსეთს, ხომ? რომელიც სუსტი იყო, ის უფრო უნდა დაესუსტებინა, ასეთი აღმოჩნდა რუსეთი, რომელმაც დაუშვა საკმაოდ დიდი და სერიოზული შეცდომა. ამ შეცდომას დასავლეთმა ხელი შეუწყო და როგორც კი გადაილახა უკრაინის საზღვარი, დასავლეთმა დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დასავლეთი ვერ დააწესებდა, თუ არ გადააქცევდა რუსეთს ბოროტების სიმბოლოდ.
გახსოვთ, ადრე, რეიგანი ამბობდა — ბოროტების ღერძია რუსეთიო. ამ რიტორიკით მან გარკვეული შედეგი მიიღო. მაშინ რეიგანმა დაამტკიცა დიდი სამხედრო ბიუჯეტი, რომლითაც ამერიკაში მოსპო უმუშევრობა. ასე რომ, გარკვეულ შემთხვევებში, რუსეთის ბოროტებად წარმოჩინება საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩეველი, მოსახლეობა, რომელიც ხელისუფლების ბედს წყვეტს დასავლეთში, დარწმუნდეს იმაში, რომ რუსეთთან ბრძოლაა საჭირო. ამის საფუძველი ამერიკას, დასავლეთს ახლა რუსეთმა მისცა უკრაინაში შეჭრით.
პრინციპში სანქციები შემუშავდა საიმისოდ, რომ ამ სანქციებით დასუსტებული რუსეთი უკვე ჩინეთისთვის პარტნიორად აღარ გამოდგება, ჩინეთი თვითონ მოიხმარს მას, როგორც ჩათვლის საჭიროდ.
არის თუ არა მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება საქართველოში რუსეთის
უკრაინასთან ომში წარუმატებლობის შემთხვევაში?
ამ შესაძლებლობის გაუთვალისწინებლად მოქმედების უფლება საქართველოს არ აქვს. მას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის შესაძლებელი! რამდენად რეალურია ეს და რა მოაფიქრდება პუტინს, ეს ძნელი სათქმელია. მეორე მხრივ, პუტინს უკრაინის ჟინი აქვს. იგი, თუ შეიძლება ითქვას, უკრაინაზეა გაბრაზებული, მისი დასჯა უნდა. ჩვენ უკვე დასჯილები ვართ. თუმცა, ვიმეორებ, გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს, რომ საქართველოზე თავდასხმას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება — ახლოსვეა რუსული ბაზები.
როგორ მოახერხა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის გაჩუმება?
საპარლამენტო ტრიბუნიდან დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტმა ორივე მხარეს დაგვიწერა მჭლე სამიანიო. გულში ყველამ მიიღო სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა. საპასუხოდ რა უნდა ეთქვათ? სალომე ზურაბიშვილს რომ ყველა პუნქტში მთავრობისთვის გაეწია ანგარიში, საპასუხოდ ტალახს ესროდნენ. თუმცა, ზურაბიშვილმა კრიტიკის მათრახი როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციასაც გადაჰკრა. ოპოზიცია ახლა ვეღარ ამბობს, რომ ის მთავრობის აზრზეა. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ზურაბიშვილი ნაციონალების ბულინგის გავლენით მოქმედებს. ზურაბიშვილს არაფერს არ აძლევს ეს რეპლიკა, მაგრამ, შესაძლოა, ძალიან მარცხიანი იყოს ხელისუფლებისთვის. ხელისუფლება ხომ ხშირად დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც შემდეგ თვითდამაზიანებელია.
ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა სხვა სტრატეგიის შანსი. კერძოდ, გადადგა ზურაბიშვილმა თამამი ნაბიჯები? დაუკარი ტაში და გყავდეს, როგორც ასეთი ხაზის გამტარებელი! რატომ ეჩხუბები? ანუ იმოქმედე ორივე მიმართულებით, როგორც სიფრთხილის, ისე — სითამამის. ორივეში შენ იყავი წამყვანი! ეს რომ არ გააკეთეს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორად მოიქცნენ, რაც, სხვათაშორის, არ ითქმის ოპოზიციაზე. მათ მიიღეს ზურაბიშვილის კრიტიკა. მიიღეს და გაუჩუმდნენ.