არაჩასაფრებული კაცის პოზიციიდან გახმოვანებული საჭირო აქცენტების გააზრება — აი, რისი გათვალისწინება სჭირდება ხელისუფლებას, რომელიც საქართველოდან, ზელენსკის მოხმობით, უკრაინის ელჩის გაწვევის პირობებში რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ისევე, როგორც გონივრული ნაბიჯების გადადგმა და სიფრთხილე მართებს კონფლიქტის ზღვარზე მყოფი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ასევე მართებს მას ქვეყნისთვის კეთილისმსურველ ინტელექტუალთა კრიტიკული შეფასებების გადაფასება, ოღონდ ისე, რომ მისთვის და ქვეყნისთვის სასიკეთო კრიტიკას მადლიერებით (და არა მიუღებლობით) უპასუხოს…
— ბატონო რამაზ, უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევა ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ, შესაძლოა, ამ კონკრეტულ ომში საქართველოს ჩაბმას ცდილობდნენ?
— სიმართლე გითხრათ, როცა ქვეყანა იბრძვის, მას რა პოლიტიკური იდეა გაუჩნდება, ძნელი სათქმელია.
გარდა ამ გაუგებრობისა, საკითხს უნდა შევხედოთ ლოგიკურად – პუტინს შეიძლება უნდოდეს კონფლიქტის გაფართოება აქეთ, კავკასიისკენ, რადგან, ფაქტია, მას უკრაინასთან ბრძოლა გაუჭირდა, გაუჩნდა უამრავი პრობლემა და არ გამოუვიდა სწრაფი, გამარტივებული, გამარჯვების მომტანი ომი, როგორც 2008 წელს ეს გამოუვიდა საქართველოში.
პუტინი უკრაინას, შესაძლოა, იმიტომაც ებრძვის, რომ ნატოში უნდა შესვლა. მან იცის, რომ ეს საქართველოსაც უნდა, უხსენებია კიდეც, მაგრამ მაშინ არ იყო ეს საკითხი აქტუალური. დღეს შესაძლოა რუსეთმა გადმოინაცვლოს საქართველოს მიმართულებით იმ იმედით, რომ უკრაინაში გამარჯვება გაუძვირდა, უფრო იაფი გამარჯვება შეიძლება ჰქონდეს აქ.
— რამდენად გონივრული იყო გადაწყვეტილება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოხალისეები არ გაუშვა უკრაინაში? განაცხადა კიდეც კობახიძემ, ამერიკელები არ ერთვებიან ამ ომში და ქართველებს რატომ მივცემდით ჩართვის უფლებასო? რამდენად გონივრული იყო სახელისუფლო გადაწყვეტილება და რას პროვოცირებს ოპოზიცია ამის ფონზე?
— უამრავმა ქვეყანამ დაიკავა მსგავსი პოზიცია, ამერიკიდან დაწყებული, მაგრამ მათ მოხალისეები არ უგულისხმიათ, მათ იგულისხმეს ოფიციალური ჯარი.
როდესაც მოხალისეების სურვილია ომში ჩართვა, ეს სახელმწიფო პოლიტიკას არ ეხება, მაგრამ თუ სახელმწიფომ დაუშვა მათი თვითმფრინავით გადაყვანა, აქ უკვე სახელმწიფოს მოსთხოვენ პასუხს. როგორც მამუკა არეშიძემ თქვა, წინა ჯგუფი წავიდა უკრაინაში წყნარად, ჩუმად, ავტობუსით, ხმაურის გარეშე… არავინ არ ჩარეულა და აქ რატომ გახდა საჭირო ამხელა ორომტრიალი?! — ეს არის გაუგებარი.
შეიძლება ითქვას, რომ ზელენსკიმაც ვერ გათვალა, რომ საქართველო ამით ხვდება დარტყმის ქვეშ. რუსეთის არხებმა, რომლებიც განუწყვეტლივ მუშაობენ უკრაინის თემაზე, თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ შეუწყო მოხალისეების გაშვებას.
პრემიერის მიერ უტაქტოდ იყო ნათქვამი — თუ რატომ არ ერთვებოდა
საქართველო სანქციების პროცესში
— ოპოზიციამ დიდი მიტინგი დააანონსა, როგორ შეაფასებთ რადიკალური ოპოზიციის რეაქციებს და ქმედებებს?
— ბევრჯერ გვაქვს ნანახი იგივე.
იმ პოზიციაში, რა პოზიციითაც ხელისუფლება მოქმედებს – ქვეყანა არ დააყენონ დარტყმის ქვეშ – შეთანხმებული უნდა იყვნენ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. მაგრამ, მეორე მხრივ, ერთი რამეც უნდა აღინიშნოს – ყოველთვის სიტყვა ხდება ხოლმე მაპროვოცირებელი. პრემიერის მიერ უტაქტოდ იყო ნათქვამი — თუ რატომ არ ერთვებოდა საქართველო სანქციების პროცესში. არც ინგლისის პრემიერი აცხადებს — სანქციები გადამწყვეტ გავლენას მოახდენსო, მაგრამ ამბობს, რომ ის შეამზადებს საფუძველს, რომ რუსეთმა იგრძნოს სანქციების ძალა. აი, იმის დეკლარირება რა საჭირო იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რაც ითქვა — ეს არის გაუგებარი, ისევე, როგორც ზოგადი დეკლარირება იმისა, რომ ვაქცინები არ არის ეფექტური. ამ დროს მთელი მსოფლიო ვაქცინასაც იკეთებს და სანქციასაც ეყრდნობა.
— ეკონომისტები ამბობენ, რომ ძალიან სასაცილოა — საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს, მაშინ, როცა 2008 წლის შემდეგ რუსეთის სანქციებმაც კი ვერ მიაყენა დიდი ზიანი საქართველოს. ჩვენი მხრიდან სანქციების თემის წამოჭრა იქნებოდა მხოლოდ მორალურად მხარში დგომა უკრაინისადმი და არანაირი შედეგის მომცემი...
— გეთანხმებით. გახსოვთ, 90-იან წლებში სამტრედიის რკინიგზა რომ გადაკეტა ერთ-ერთმა პარტიამ იმ იმედით, რომ რუსეთს ცუდ დღეში ჩავაგდებთო. არ ჩავარდა მაშინ რუსეთი ცუდ დღეში. დღეს აღარც იხსენებენ ამ ყოველივეს, სირცხვილის გრძნობა აქვთ, რადგან სისულელე გააკეთეს. ესეც სისულელე იქნებოდა. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა ისეთი, რაც რეალური დახმარება იყო და არა სისულელე, მაგრამ ხომ უნდა იცოდე, რა თქვა და რა – არა. არასწორად თუ ითქმება არასწორ დროსა და ადგილას, არასწორი ფრაზით, მაშინ შეიძლება სიმართლე გამაღიზიანებელი იყოს და ხალხი მდგომარეობიდან გამოიყვანო, მითუმეტეს, როდესაც პრემიერი ხარ და შენს თითოეულ სიტყვას სხვა წონა აქვს.
— ღარიბაშვილის ფრაზეოლოგია, როგორც ხანდახან ირაკლი კობახიძისა, ხისტია…
— გეთანხმებით. უტაქტო და უხეშ ტექსტებს, როგორსაც ოპოზიცია აკეთებს ხოლმე, ესენიც აკეთებენ, მაგრამ ეს ხომ პლუსი არ არის ან ირაკლი კობახიძის, ან პრემიერის? ამიტომ არსებობს პრესმდივნების, ან პრესსპიკერების ინსტიტუტი. ხშირად პოლიტიკოსები ვერ არჩევენ სწორ ფრაზეოლოგიას საუბრის დროს და ამიტომ მის პოზიციას პრესსპიკერი ახმოვანებს. რა გახდა ჩვენთან იმ პრაქტიკის ამოქმედება, რომ პრესსპიკერი საუბრობდეს პოლიტიკოსის ნაცვლად, არ ვიცი…