ნასაკირალის 8,5 კმ-იანი მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ოზურგეთში, ნასაკირალის 8,5 კმ-იანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. „აქტიურად გრძელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის გზის ასფალტობეტონით მოწყობის სამუშაოები. პროექტს ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი დასრულდება 2022 წლის მაისის ბოლოს“, — აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.
ბათუმში დაკავებისას ენმ-ის წევრი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი
ბათუმში პოლიციის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დაკავებისას, პარტიის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი დაშავდა. ის ამ დროისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბაგრატიონმა თავის არეში დაზიანება იმ დროს მიიღო, როდესაც ის სამართალდამცველებმა პოლიციის ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვეს. პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ენმ-ის 10-მდე წევრია დაკავებული. ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო „ჰილტონში“ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ისინი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სტალინის ძეგლი დადგეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში სტალინის ძეგლი დადგეს. ვინ არის ძეგლის დადგმის ინიციატორი, ამ დრომდე უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივებმა „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნეს, სტალინის ქანდაკება მათი სურვილით აღმართეს. უცნობია, ჰქონდათ თუ რა ადგილობრივებს შესაბამისი უწყებიდან ქანდაკების დადგმის ნებართვა. ფაქტის შესახებ ადგილობრივ მერიაში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ადგილობრივები სტალინის ძეგლის გარშემო სკვერის მოწყობასაც გეგმავენ, ამ დროისთვის კი პედესტალის მოპირკეთების სამუშაოებს ახორციელებენ.
პარლამენტარები გურიაში: დაანონსებული ქალთა ორგანიზაციის შექმნა და მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის
18 თებერვალს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საქართველოს პარლამენტის წევრები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები: ირაკლი კობახიძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, რიმა ბერაძე და სხვები იმყოფებოდნენ. მათ საქართველოში ქალთა ორგანიზაციის შექმნის შესახებ დააანონსეს, რომელიც ერთ თვეში მოხდება. გაიმართება კონფერენცია, შემდეგ კი შეიქმნება რეგიონული ორგანიზაციები.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოში ქალთა ორგანიზაციის შექმნის თაობაზე და თქვა, რომ მისი დაფუძნება 2016 წლიდან განიხილებოდა. თუმცა, პროცესები შეფერხდა იმის გამო, რომ ხშირად იმართებოდა არჩევნები, რომელთა შორის, მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება. „ახლა კი მუნიციპალიტეტებს ჰყავთ არაჩვეულებრივი მერები და გვაქვს სამწლიანი დრო, საქმეს შევუდგეთ“, — თქვა მან. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქალთა ორგანიზაცია იქმნება პარტიული მიზნით.
ქალთა ორგანიზაციის შექმნის მიზნებსა და როლზე საუბრისას, კიდევ უფრო ღია მინიშნებით გამოვიდნენ შეხვედრაზე მყოფი პარლამენტარი თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ქალბატონები. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ქალთა ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ქალბატონების გაძლიერებისა და მათი პროცესებში ჩაბმისთვის გასააქტიურებლად იბრძოლებს. ხაზი გაუსვეს გურული ქალის ბრძოლის ჟინს, რაც განსაკუთრებით უნდა იქნეს ამოქმედებული 2024 წლის არჩევნების მოსაგებად.
საზოგადება კვლავ შეშინებულია მიუსაფარი ძაღლებით – რთული ვითარება ოზურგეთში
ოზურგეთში და, ზოგადად, საქართველოში, მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მუდამ აქტუალური იყო. დედაქალაქში ამ პრობლემაზე ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ზრუნავს და შედარებით უკეთესი სიტუაციაა. „ფეისბუკსა“ და სხვა სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვდებით მიუსაფარი ძაღლების მიერ შეშინებულ ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მუშაობით, რადგან არ გადაჰყავთ ძაღლები სპეციალურ თავშესაფარში. ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენი ძაღლია საქართველოს მასშტაბით, არ არსებობს. ასეთი კვლევა ბოლოს 2015 წელს ჩატარდა და მათი რიცხვი 240,000 ათასამდე იყო. ოზურგეთის ერთ-ერთი მცხოვრები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს: „ქუჩაში უკვე ბავშვებზე მეტად ძაღლები არიან, ბავშვის გამოშვებაც მეშინია, რომ არ უკბინონ. ძალიან ცუდ დღეში ვართ.“
ჯერჯერობით, ზემოთქმული პრობლემა არ გვარდება და საზოგადოება კვლავ შეშინებულია მიუსაფარი ძაღლებით. საინტერესოა, როდის გადაიყვანენ მათ თავშესაფარში და ოზურგეთისა და საქართველოს სხვა ქუჩები გათავისუფლდება პოტენციური საფრთხისგან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძაღლების გარკვეულ რაოდენობას ყურზე აცრის მაჩვენებელი არ უკეთია, ანუ ისინი ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
თუ სადმე მიუსაფარ ძაღლს დაინახავთ, რომელსაც ყურზე აცრის მანიშნებელი არ უკეთია, დარეკეთ ცხელ ხაზზე: (+995) 32 2421424
მიწისძვრისგან დაზარალებული მოსახლეობა დახმარების მოლოდინში
ნინოწმინდის სოფელ სამებასთან, ბოლო რამდენიმე წელია, მიწისძვრა თითქმის ყოველდღე ხდება. ადგილობრივების თქმით, სტიქიის ეპიცენტრში ცხოვრება რთულია, რადგან მიწისქვეშა ბიძგებისგან დაზიანებული სახლები ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს, მიუხედავად ამისა, ყურადღებას არავინ აქცევს. სოფელში ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ დასახმარებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. სოფელ სამებაში, დღემდე მომხდარ მიწისძვრებს შორის, ყველაზე ძლიერი 13 თებერვალს (6.2 მაგნიტუდა) იყო. შემთხვევის დროს ზინა სიმონიანის სახლი და საქონლის სადგომი დაიბზარა. სამსულიანმა ოჯახმა ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა. „არავინ ჩვენს დახმარებას არ ცდილობს. სამსახური არ გვაქვს, არც ქონება, მხოლოდ ძროხებით ვირჩენთ თავს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ხვალაც ასეთი მიწისძვრა რომ მოხდეს, მთელი ჭერი ჩამოიშლება, შემდეგ ვინ გაგვცემს პასუხს? „ვაგონები“ მაინც დაგვირიგონ, სახლიდან თუ გავასწრებთ, თავი შევაფაროთ. ზამთარია, გარეთ რომ გავიდეთ, სად დავდგეთ ამ სიცივეში?!“ – ამბობენ მინასიანების ოჯახში.
სოფელ სამებაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა 13 თებერვალს, 22:25 საათზე მოხდა. სტიქიის ეპიცენტრში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.
სოფელ მერეთში ოკუპანტებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს
საოკუპაციო რეჟიმი ტერიტორიების მიტაცებას განაგრძობს – ამჯერად ბორდერიზაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს იმ სოფელში, სადაც საოკუპაციო ძალების მორიგ მსხვერპლს — გენადი ბესტაევს გლოვობენ. ოკუპირებული ქსუისისა და სოფელ მერეთის გასაყართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დამატებით მავთულხლართები გააბეს. ადგილობრივების ცნობით, ოკუპანტები ტერიტორიაზე 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ.
„ხმასაც არ გვცემენ, ხშირად დადიან, გუშინაც იყვნენ, ყარაულობენ, რომ არავინ არ გადავიდეს. თუ გადახვალ, დაგიჭერენ“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.